ეგვიპტელები დღეს მუბარაქის წინააღმდეგ მილიონიან მარშს გამართავენ

ეგვიპტეში დღეს მილიონი ადამიანის მარში გაიმართება. ქვეყანაში მიმდინარე დემონსტრაციების მერვე დღეს უპრეცედენტო აქციის  მონაწილეები პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის გადადგომას კიდევ ერთხელ მოითხოვენ. კომენდანტის საათის მიუხედავად, დემონსტრანტების ნაწილმა წუხანდელი ღამე ქაიროს ცენტრში, ტაჰრირის მოედანზე გაატარა. ანტისამთავრობო აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მუბარაქის მიერ შეთავაზებული დიალოგი მათთვის მიუღებელია.

მოსალოდნელი ფართომასშტაბიანი მანიფესტაციის წინ ეგვიპტეში ინტერნეტი კვლავ დაბლოკილია. ტელეკომპანია სი-ენ-ენი იუწყება, რომ ქვეყნის ხელისუფლება სატელეფონო კავშირის დაბლოკვასაც აპირებს. ევრონიუსის ცნობით, ამ დროისთვის ქაიროსთან დამაკავშირებელი ყველა სარკინიგზო ხაზი და ავტომაგისტრალი გადაკეტილია.

ქვეყანაში არსებული მზარდი დაძაბულობის ფონზე პირველი ოფიციალური განცხადება გააკეთა ეგვიპტის არმიის ხელმძღვანელობამ. გუშინ საღამოს გავრცელებულ მიმართვაში ნათქვამია, რომ შეიარაღებული ძალები დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალას არ გამოიყენებს, თუ მანიფესტაციები მშვიდობიანი იქნება. ”ეგვიპტის შეიარაღებული ძალები ცნობს დემონსტრანტების მოთხოვნების კანონიერებას და შეშფოთებულია თქვენი უსაფრთხოების საკითხით. ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ მშვიდობიანი პროტესტის უფლება ყველას აქვს,” ნათქვამია განცხადებაში.

პოლიტოლოგებმა ეგვიპტის შეიარაღებული ძალების განცხადება პრეზიდენტ მუბარაქისადმი მიყენებულ ძლიერ დარტყმად შეაფასეს. ტელეკომპანია ბი-ბი-სი კი იუწყება, რომ არმიის განცხადებამ საპროტესტო აქციის მონაწილეები კიდევ უფრო გაამხნევა. 

კომენტარები