ბრიტანელი ანარქისტები სამეფო ქორწილის ჩაშლას გეგმავენ

 ბრიტანელი ანარქისტები უელსის პრინც უილიამის და მისი საცოლის, კეიტ მიდლტონის ქორწილის ჩაშლას აპირებენ. ამის შესახებ ბრიტანული ტაბლოიდი, ”სანი” იუწყება. გამოცემის ცნობით, ”სანის” კორესპონდენტმა მანჩესტერში ანარქისტების საიდუმლო შეკრებაზე დასწრება და ინფორმაციის მოპოვება შეძლო.  გაზეთის ინფორმაციით, სამეფო ქორწილის ჩაშლის იდეის ავტორი ბრიტანელი ანარქისტი, კრის ნაიტია. მან ლონდონში ქორწილის დღეს გასამართი საპროტესტო ღონისძიებების გეგმა შეიმუშავა.

სამეფო ქორწილი ლონდონში 29 აპრილს გაიმართება. ”სანის” ცნობით,  ბრიტანელი ანარქისტები ამ დღეს ”იმდენი უსიამოვნების შექმნას შეეცდებიან, რამდენსაც შეძლებენ.”  ნაიტი იმედოვნებს, რომ მსგავსი ქმედებით ქორწილის ჩაშლას თუ არა, იმას მაინც მოახერხებს, რომ სამეფო ოჯახმა ცერემონია ვესტმინსტერის სააბატოდან წმინდა პავლეს ტაძარში გადაიტანოს. ”ეს სამეფო ოჯახისთვის დიდი სირცხვილი იქნება,” ციტირებს ”სანი” ნაიტს. ბრიტანული გაზეთის ცნობით, პოლიციამ გავრცელებულ ინფორმაციაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ სამეფო ქორწილის ჩაშლის ნებისმიერი მცდელობა აღკვეთილი იქნება. 

კომენტარები