პრეზიდენტი პასუხობს ხალხის შეკითხვებს

 25 იანვარს საზოგადოებრივი მაუწყებლის რუსულენოვანმა საინფორმაციო არხმა მაუწყებლობა საქართველოს პრეზიდენტთან ტელეხიდით განაახლა. ტელეპროექტის – “პრეზიდენტი პასუხობს ხალხის შეკითხვებს” – ნახვა შეეძლო სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიის, უკრაინის, ბელარუსის, აღმოსავლეთ ევროპის, დანარჩენი რუსეთისა და ირანის მოსახლეობას. ახალი რუსულენოვანი არხის სიგნალი ამ არეალში ვრცელდება. 

პრეზიდენტმა კავკასიურს მაუწყებლობის დაწყება მიულოცა, ხელმძღვანელი ჟურნალისტები შეუქო და მაყურებელს განუცხადა, რომ არხმა ხელისუფლებისგან “სრული თავისუფლების გარანტია” მიიღო. თუ რატომ დასჭირდა ამ უკანასკნელს თავისუფლების გარანტიის ხელისუფლებისგან მიღება, აღარ დაუკონკრეტებია. პრეზიდენტმა დატუქსა ისინი, ვინც სააკაშვილსა და მის ჩრდილოელ კოლეგებს შორის პარალელის გავლებისკენაა მიდრეკილი და შეახსენა, რომ “იქ” ყველაფერი დადგმული სცენარის მიხედვით მიმდინარეობს, თავად კი მზად არის ყველაზე მწვავე შეკითხვებს უპასუხოს. ამ თემას, დიდი ალბათობით, ხელისუფლებისადმი კეთილად განწყობილი ტელეარხები აიტაცებენ და უახლოეს დღეებში ჩვეული “დამაჯერებლობით” აგვიხსნიან, თუ რა განსხვავებაა “იქაურ” და “აქაურ” ტელეხიდებს შორის. ოპოზიციურად განწყობილებს კი სააკაშვილის პუტინიზაციის ახალი “მტკიცებულებები” გაუჩნდებათ. 

ჩვენი პრეზიდენტის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ დასმული შეკითხვები მართლაც მწვავე თემებს ეხებოდა. მეტიც, მომეჩვენა, რომ მედიის ზოგიერთ წარმომადგენელს კითხვის “მწვავე” ჟღერადობით კეკლუცობა უფრო აინტერესებდა, ვიდრე შეკითხვის აზრი ან პრეზიდენტის პასუხი. დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა ერთ-ერთი ჟურნალისტის ლირიკულმა გადახვევამ, საქართველოში “გულწრფელი, პატიოსანი და სერიოზული” დემოკრატიის დამყარების თაობაზე. 

“საუბარი პრეზიდენტ ობამასთან” – ამ სახელწოდების პროექტი გასულ ოქტომბერს მუსიკალურმა არხმა MTV-მ და მისმა შვილობილმა კომპანიებმა გადასცეს. ამერიკის პრეზიდენტმა კონგრესის შუალედური არჩევნების წინ მოსახლეობასთან შეხვედრების სერია გამართა. ობამამ ამ გადაცემაში ახალგაზრდა ამომრჩევლის შეკითხვებს უპასუხა. შეხვედრას 250-მდე ადამიანი ესწრებოდა, ამას გარდა, პრეზიდენტმა Twitter-ის მეშვეობით 1000-მდე შეკითხვა მიიღო. გადაცემა ისე დასრულდა, რომ თავისუფლების ქანდაკების ან გრანდ კანიონის ფონზე გამართული სატელევიზიო ჩართვები არ გვინახავს, არც Apple-ისა და Microsoft-ის წარმატებულ საწარმოებში დასაქმებული თანამშრომლების ბედნიერი სახეები უჩვენებიათ – არადა, უმუშევრობა შეერთებული შტატების ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რამაც 2012 წლის არჩევნებში, შესაძლოა, პრეზიდენტ ობამას ბედი განსაზღვროს.

ეკონომიკური გუნდის მსგავსად, ქვეყანაში მიმდინარე ინფლაციის პროცესის მიზეზად საქართველოს პრეზიდენტმაც მსოფლიოში ფასების მატება დაასახელა. ეს, მისი აზრით, ისეთი ქვეყნების სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ გამოიწვია, როგორიც ჩინეთია – ამ უკანასკნელის მრავალრიცხოვანი მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი ამაღლდა, რის შედეგადაც პროდუქციაზე მოთხოვნის გაზრდა და ფასების მატება მივიღეთ. სააკაშვილმა ცალსახად უარყო, რომ ქვეყნის მონეტარული პოლიტიკა ნაკლულია და ინფლაციას ესეც იწვევს.

“ჩვენ გვაქვს მკაცრი მონეტარული პოლიტიკა. ჩამოშლა და ჰიპერინფლაცია საქართველოში არ გვექნება”, – თქვა პირველმა პირმა. თუმცა არ ახსნა, ანდაც რატომ ახსნიდა, როცა არავის უკითხავს, რატომ არ შეეხო მსოფლიოში ფასების მატება შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს ან ბალტიისპირეთის ქვეყნებს ისე, როგორც ჩვენ; როგორ მოხდა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2010 წლის მონაცემების მიხედვით, გაერთიანებული სამეფოს ინფლაციის მაჩვენებელი ჩვენსაზე 2-ჯერ, შეერთებული შტატების და ბალტიისპირეთის ქვეყნების მაჩვენებელი კი – 3-ჯერ და მეტჯერ დაბალია? ხელისუფლება იტყვის, რომ ამ ქვეყნების მოსახლეობა ქართველებზე მდიდარია და მათი შემოსავლის ნაკლები წილი იხარჯება გაძვირებულ კარტოფილსა და ხორბალზე. მაგრამ, როგორ ახსნის იმას, რომ ინფლაციის მაჩვენებელი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის იგივე მონაცემების მიხედვით, მიწისძვრით განადგურებულ ჰაიტიში უფრო დაბალია, ვიდრე საქართველოში?

სააკაშვილს ვერ შეედავები – ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი შანსი ეკონომიკის განუხრელი და მკვეთრი ზრდაა. როგორ მოახერხებს ელექტრომობილებში გადასაბარგებლად მზადმყოფი მთავრობა საქართველოს სწრაფი ეკონომიკური წინსვლის უზრუნველყოფას, ცალკე საკითხია.  

იმას, რომ განათლების სისტემაზე და მის რეფორმაზე საუბრისას, პრეზიდენტს ჩვევად ექცა დიმიტრი შაშკინის პოლიტიკის ოპონენტებზე ქილიკი და მათი ისეთი ეპითეტებით შემკობა, როგორიცაა “ჭკუისკოლოფები”, “ვითომ ლიბერალები” და “ოროსნები” – დაკვირვების გარეშეც შეამჩნევ. ეს თუ მართლაც ასეა, ჩნდება კითხვა რატომ იღებდნენ გადაწყვეტილებებს “ოროსნები”? სად იყო პრეზიდენტი, როცა განათლების დარგს ისინი მართავდნენ? ან სად არიან “ოროსნები” დღეს? 

საქართველოს პირველი პირის ტელეხიდი თითქმის სამ საათს გაგრძელდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მან საზოგადოებაში დაგროვილი ყველა ძირითადი, მტკივნეული ან უბრალოდ ყბადაღებული შეკითხვა მოისმინა. ისაუბრა უმუშევრობაზე, სოციალურ დახმარებებზე, წამლის ფასებზე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე, დევნილებზე, ვეტერანებზე, თავის პოლიტიკურ მომავალზე და ინგლისურის ენის სწავლების მართლაც რომ მნიშვნელოვან პროექტზე. ყურს სასიამოვნოდ მოხვდა პრეზიდენტის განცხადება იმის შესახებ, რომ “უფასო ტრაქტორებმა არ გაამართლა” და სახელმწიფოს მამოძრავებელი ძალა არა მთავრობა, არამედ კერძო სექტორი უნდა იყოს. ბუნებრივია, რომ ყველა კითხვაზე პირდაპირი პასუხი ვერ მივიღეთ. ზოგიერთ პასუხს ზედმეტად პოპულისტური ელფერი დაკრავდა.

თუმცა არაპოპულარული, ფუნდამენტურ ღირებულებებზე დაფუძნებული განცხადებებიც გაკეთდა. საზოგადოების ნაწილის ნაციონალისტურ და შოვინისტურ განწყობებს – თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე, ქართული კულტურის ძეგლების აღდგენის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით – პრეზიდენტმა ერთმნიშვნელოვნად და მკაცრად უპასუხა: “თუ ჩვენ ყველას გვინდა სახელმწიფო, იაფფასიან დემაგოგიას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. საქართველო ეკუთვნის ყველას”. 

ვისურვებდი, პრეზიდენტის ყველა პასუხი ასეთი მკაფიო და პირდაპირი ყოფილიყო, მაგრამ, როგორც ორუელი ბრძანებს, პოლიტიკური ენა იმგვარადაა მომართული, რომ “ჰაერს წონა მისცეს”

კომენტარები