საქართველოდან ეგვიპტის მიმართულებით შესაძლოა დამატებითი რეისები დაინიშნოს

 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის მოქალაქეებს ეგვიპტეში მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. განცხადება დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ გააკეთა. მისი თქმით, ეგვიპტეში ერთკვირიანი არეულობების მიუხედავად, ქართული მხარე ეგვიპტიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას არ აცხადებს. მან აღნიშნა, რომ მოქალაქეებმა ამ ეტაპზე თავად უნდა გადაწყვიტონ, დატოვონ ეგვიპტე თუ არა. კალანდაძის თქმით, ქართულმა მხარემ, შესაძლოა, ეგვიპტის მიმართულებით დამატებითი საჰაერო რეისებიც დანიშნოს.

ეგვიპტეში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კვირას საქართველოს საგარეო უწყებამ ქართველი მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი გახსნა. თუმცა, კალანდაძის თქმით, გადატვირთულობის გამო ხაზი ამჟამად შეფერხებებით მუშაობს. ”ძალიან ბევრი ზარი შემოდის, ამიტომ ტექნიკურ შეფერხებებს ვერ გავექცევით. ხაზი გადაიტვირთა, რასაც დაუყოვნებლივ აღმოვფხვრით,” აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მან ეგვიპტეში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ეგვიპტის ხელისუფლების მიერ გამოცხადებული წესების  დაცვისა და მასობრივი თავშეყრის ადგილებისთვის თავის არიდებისკენ მოუწოდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ არ დაადასტურა ინფორმაცია ეგვიპტის საკურორტო ქალაქ შარმ ელ შეიხში დამატებითი საჯარისო ნაწილების შეყვანის შესახებ. ”ჩვენი საელჩო ქაიროში ამ ინფორმაციას არ ადასტურებს,” განაცხადა კალანდაძემ.

ეგვიპტეში 82 წლის პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის გადადგომის მოთხოვნით მასობრივი საპროტესტო აქციები ერთი კვირის წინ დაიწყო. პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირებას ბოლო ექვსი დღის მანძილზე 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.  

კომენტარები