საქართველო – გზად მექისკენ

2010 წლის ოქტომბერში საქართველოს ხელისუფლებამ ჩრდილოკავკასიელებისთვის შეღავათიანი სავიზო რეჟიმის შემოღების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. მაშინ ამ გადაწყვეტილების მიზნები და შედეგები ბევრისთვის ჯერ კიდევ ბუნდოვანი იყო.  გასულმა ორმა თვემ კი გარკვეული ტენდენციები გამოკვეთა.

შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ყოველდღიურად მხოლოდ ლარსის სასაზღვრო პუნქტით შეღავათიანი სავიზო რეჟიმის გამოყენებით საქართველოში 700 ადამიანი გადმოდის. მათ შორის არიან: ჩეჩნები, დაღესტნელები, ყაბარდოელები, ბალყარელები და ოსებიც. ლარსიდან შემოსულთა 70% საქართველოს ტრანზიტულ გზად იყენებს მექისკენ ან თურქეთისკენ, 30% საქართველოში რჩება.
 
ჰაჯის ჩასატარებლად, ანუ მექაში წმინდა ადგილების მოსანახულებლად, ჩრდილოკავკასიელებისთვის საქართველო უმოკლესი გზა აღმოჩნდა. სავიზო რეჟიმის გამარტივებამდე ჩრდილოკავკასიელ მორწმუნეებს მექაში ჩასვლა აზერბაიჯანის, ირანის, თურქეთის, სირიის და იორდანიის გავლით უხდებოდათ. როგორც რელიგიური ვებგვერდი islamdag.ru გვამცნობს, 2010 წელს პირველად დაღესტნელ მორწმუნეთა ჯგუფი ჰაჯის ჩასატარებლად საქართველოს, თურქეთის, სირიისა და იორდანიის გავლით წავიდა, რამაც ისლამის მიმდევართა გზა წმინდა ქალაქამდე მაქსიმალურად შეამცირა. ვებგვერდი იმაზეც საუბრობს, რომ გადაწყვეტილება საქართველოს გავლით წასვლის შესახებ მარტივად არ მიუღიათ – სასაზღვრო პუნქტზე სიტუაცია წინასწარ შემოწმდა. ჩრდილოკავკასიელები შიშობდნენ, რომ ქრისტიანი მორწმუნეები წინააღმდეგობას გაუწევდნენ. 
ისლამისტური საიტი ამ მოგზაურობაზე ჰაჯის მონაწილე დაღესტნის ქალაქ იზბერბაშის იმამის ინტერვიუზე დაყრდნობით წერს. იმამი გაკვირვებულია  ქართულ საბაჟო გამშვებ პუნქტებზე არსებული მდგომარეობის, პატრულის, ისლამოფობიის არარსებობისა და მართლმადიდებელი მღვდლის მიერ მოულოდნელად გამოჩენილი მზრუნველობის გამო. იმამი ამბობს, რომ საქართველო  არ აღმოჩნდა ის ქვეყანა, რომელზეც ჩრდილოეთ კავკასიაში მედიისგან თუ ხელისუფლებისგან სმენიათ.   
 
ჰაჯის ჩატარება, ცხადია, ერთადერთი მიზანი არ არის, რისთვისაც გასული ორი თვის განმავლობაში ჩრდილოკავკასიელები საქართველოში შემოვიდნენ. 2010 წლის დეკემბერში ამერიკული გამოცემა Foreign Affairs ქართული გადაწყვეტილების შედეგების ანალიზისას, წერდა, რომ ნათესავებთან კონტაქტი, არსებული კავშირების გამყარება, ჩრდილოეთ კავკასიასთან შეღავათიანი რეჟიმის ერთ-ერთი შედეგია.  საქართველოში უვიზო გადაადგილების უფლებამ, საზღვრიდან ჩრდილოეთით მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებსაც მათთვის მანამდე დახურული ბაზრებისკენ გაუხსნა გზა. მაგალითად, ისინი თბილისში ავტომობილების უფრო იაფად შესაძენად  ჩადიან  და შემდეგ საკუთარ სამშობლოში ყიდიან.  
ამ პოლიტიკის რეალურ შედეგს ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის კავკასიის დირექტორი ოლივერ ბალოუ ამერიკულ ანალიტიკურ გამოცემაში რამდენიმე ფრაზით აჯამებს – თუკი ჩრდილოეთ კავკასიის მცხოვრებლებზე იგივე წესი არ გავრცელდება, რაც რუსეთის დანარჩენ მოქალაქეებზე, ისინი ორიენტაციას თბილისზე აიღებენ, როგორც გასაღების ბაზრის, შემოსავლების, ძალაუფლების და პრესტიჟის წყაროზე. მოსკოვს კიდევ უფრო გაუჭირდება მათგან ლოიალური დამოკიდებულების მიღება. საქართველოს კი რეალურად მიეცემა შანსი კავკასიის ცენტრი გახდეს. 

კომენტარები