ამერიკული „დესანტი” სოხუმში

დეკემბრის ბოლოს, თბილისის ივენთ ჰოლში, ქართველი ჯაზის მოყვარულების ვიწრო წრეს ამერიკის საელჩო მასპინძლობდა. მსმენელის წინაშე ახალგაზრდა ნიუ იორკელი ჯაზპიანისტი და კომპოზიტორი დენ ტეპფერი და მისი  ტრიო (ტომას მორგანი – კონტრაბასი; ტედ პური – პერკუსია) წარდგა.

კონცერტის შემდეგ, ტრიოს შესრულებით მოხიბლულმა მსმენელმა ჯერ იყო და, ტეპფერის ახალი ალბომი Five Pedals Deep შეიძინა და შემდეგ, გულღია საუბარი გააბა კომპოზიტორთან. როგორც ვიცოდით, ტრიოს კონცერტებით უკვე ჰქონდა მოვლილი თელავი და ქუთაისი, ხოლო თბილისის კონსერვატორიის სტუდენტებთან მასტერ-კლასი ჩაატარა. ზუსტად იმ ღამეს კი, ტრიოს თბილისი უნდა დაეტოვებინა. 

28 წლის ნიუ იორკელს, რომელიც ბევრს მოგზაურობს და მუსიკალური წრეები „ინტერნაციონალური ჯაზსცენის ბრილიანტად” მოიხსენიებენ, თბილისთან განშორების გამო ცოტა ნოსტალგიაც კი მოეძალა. როგორც აღმოჩნდა, ეს არ იყო მისი პირველი ვიზიტი საქართველოში, ტეპფერი 2008 წლის აპრილში, აგვისტოს ომამდეც  ჩამოსულა  და, რაც ყველაზე საინტერესოა, კონცერტიც კი გაუმართავს სოხუმში.

„მაშინ ჩვენმა საელჩომ, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის დახმარებით, მოვახერხეთ და სოხუმში, ოფიციალურად როგორც საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში, დენ ტეპფერის კონცერტი გავმართეთ”, – ჩაერთო საუბარში ქალბატონი სინტია ვიტლსეი, საქართველოში ამერიკის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა უფროსი.

„სოხუმში დანგრეული შენობები ვნახე. ქალაქს ჯერ კიდევ ეტყობა ომის კვალი. კონცერტი ერთ მუსიკალურ სკოლაში გავმართე. როგორც ჩანს, იქაური საზოგადოება მსგავს საღამოებს მოკლებულია. მახსოვს კონცერტის შემდეგ მსმენელები ჩემთან მოდიოდნენ და მადლობას გამოხატავდნენ. მე დავინახე მათი სურვილი და მოთხოვნილება კონტაქტის, დიალოგის...  მუსიკალური დიალოგის...  

ხომ არსებობს გადასარევი მსოფლიო პრეცედენტი  –  ებრაელ და პალესტინელ მუსიკოსთა ორკესტრი და მათი ხელმძღვანელი ბარენბოიმი?! ჩემი აზრით, ეს საუკეთესო პრეცედენტია თქვენთვის და აფხაზებისთვის”, –  თქვა იმ საღამოს აღელვებულმა დენ ტეპფერმა.

და მართლაც, ებრაელმა დანიელ ბარენბოიმმა ცნობილი West-Eastern Divan Orchestra, თავის პალესტინელ მეგობართან – კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორთან, ცნობილ ინტელექტუალთან და ფილოსოფოსთან ედუარდ საიდთან ერთად 1999 წელს შექმნა. შეიძლება ითქვას, რომ West-Eastern Divan Orchestra,  ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მუსიკალურად გადაწყვეტის საკმაოდ საინტერესო პროექტია. სახელწოდება გოეთეს ლექსების ციკლიდან აიღეს, რომელიც სამყაროს ერთიანობას ეძღვნება. წარმოიდგინეთ საზაფხულო სკოლა სევილიაში (პროექტის მიხედვით საზაფხულო სკოლა წელიწადში ერთხელ რამდენიმე კვირას გრძელდება, დანარჩენ დროს კი West-Eastern Divan Orchestra მსოფლიო ტურნეს მართავს ცხელ წერტილებსა და ცნობილ საკონცერტო დარბაზებში), რომლის  ჭერქვეშ ახალგაზრდა  ებრაელი, პალესტინელი, იორდანიელი თუ ლიბანელი მუსიკოსები იკრიბებიან...  ადამიანები, რომელთა ქვეყნების ყოველდღიური ყოფა სავსეა ურთიერთომით, სისხლისღვრით და ტრაგედიებით. მართალია, არსებული კონფლიქტები არც აქ ტოვებთ მათ, მაგრამ მაშინ, როდესაც რეპეტიციას ერთად იწყებენ და ოთახი ბრამსისა თუ მოცარტის ნოტებით ივსება, ყველაფერი ცუდი და მტკივნეული უკანა პლანზე გადადის. მათ იპოვეს საერთო – მშვიდობის ენა, რომელიც ნებისმიერი მსოფლმხედველობის ადამიანს აერთიანებს. 

თავად დანიელ ბარენბოიმი, ერთდროულად არგენტინის, ესპანეთის, ისრაელისა და, 2008 წლიდან – პალესტინის მოქალაქეა. მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ბერლინია. სულ ახლახან კი, საახალწლოდ, დანიელ ბარენბოიმი ვესტფალიის მშვიდობის პრემიის ლაურეატი გახდა.  

შეგახსენებთ, რომ ეს პრემია 1998 წელს ვესტფალიის სამშვიდობო ზავის 350 წლისთავზე დაარსდა. ვესტფალიის ზავი კი თავის მხრივ უპრეცედენტოა დიპლომატიის ისტორიაში  – 1648 წლის 24 დეკემბერს მიუნსტერსა და ოსნაბრიუკში ბოლო მოუღო ცნობილ 30-წლიან  ომს და ბრძოლით გადაღლილ ევროპაში წესრიგი დაამყარა.

კომენტარები