ეგვიპტესა და იემენში ”უპრეცედენტო” საპროტესტო აქციები მიმდინარეობს

 ეგვიპტეში მიმდინარე არეულობების მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა. ოფიციალური ინფორმაციით, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირებას ხუთი ადამიანი, მათ შორის ორი სამართალდამცველი ემსხვერპლა. დაშავებულთა რიცხვმა 150-ს გადააჭარბა. ბოლო ორი დღის მანძილზე ეგვიპტეში 900-მდე ადამიანი დააკავეს.

მანიფესტანტები, რომლებიც უკვე მესამე დღეა  მასშტაბურ საპროტესტო აქციებს მართავენ ქაიროსა და სუეცში, პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის გადადგომას და პარლამენტის დათხოვნას მოითხოვენ. პოლიტიკურ საკითხებთან ერთად, ეგვიპტის მოსახლეობა დაბალ ხელფასებსა და საკვებზე მაღალ ფასებს აპროტესტებს.

ეგვიპტის პარალელურად საპროტესტო აქციები დაიწყო იემენშიც, სადაც მოსახლეობა დედაქალაქ სანას ქუჩებში პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით გამოვიდა. მოქალაქეები ეკონომიკური რეფორმების გატარებას და სიღარიბის დაძლევას მოითხოვენ. იემენის პრეზიდენტი, ალი აბდულა სალეჰი ქვეყანას უკვე 30 წელზე მეტია მართავს.

ექსპერტები აფრიკის არაბულ ქვეყნებში საპროტესტო აქციების დაწყებას ტუნისში მომხდარ სახელმწიფო გადატრიალებას უკავშირებენ. 

კომენტარები