ტუნისის საპროტესტო ტალღა ეგვიპტესაც მოედო

ეგვიპტეში  ანტისახელისუფლებო დემონსტრაციაზე გამოსულ ადამიანებს პოლიცია წყლის ჭავლით, ცრემლსადენი გაზით და რეზინის ტყვიებით გაუსწორდა. გუშინ ღამით მომხდარ დაპირისპირებას ეგვიპტის ორ ქალაქში - კაიროსა და სუეცში სამი ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი, ემსხვერპლა. მეზობელი ტუნისის მაგალითით შთაგონებულმა ეგვიპტელებმა დედაქალაქ ქაიროში რამდენიმეათასიანი საპროტესტო აქცია გამართეს და პრეზიდენტ მუბარაქის გადადგომა მოითხოვეს.

ბოლო მონაცემებით, ეგვიპტეში მომხდარი არეულობების შედეგად სულ 77 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 23 სამართალდამცავია. ექსპერტებმა გუშინდელი დემონსტრაცია უკვე შეაფასეს, როგორც ”ყველაზე დიდი საპროტესტო აქცია 1997 წლის არეულობების შემდეგ.” მანიფესტანტები აცხადებენ, რომ აქციები იქამდე გაგრძლდება, სანამ მთავრობა არ გადადგება, პარლამენტს არ დაითხოვენ და ხელფასები არ გაიზრდება.

საპრეზიდენტო არჩევნები ეგვიპტეში მიმდინარე წლის სექტემბერში უნდა გაიმართოს. 82 წლის ჰოსნი მუბარაქს არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ განუცხადებია. პოლიტოლოგები ვარაუდობენ, რომ მუბარაქს პრეზიდენტის პოსტზე მისი უფროსი შვილი, გამალ მუბარაქი შეცვლის. ჰოსნი მუბარაქი ქვეყანას უკვე 29 წელია მართავს.

კომენტარები