საფრანგეთი რუსეთს ორ ”მისტრალს” მიჰყიდის

წყარო:http://en.wikipedia.org/wiki/File:Mistral_mg_6102.jpg
წყარო:http://en.wikipedia.org/wiki/File:Mistral_mg_6102.jpg
რუსეთმა და საფრანგეთმა ორი ფრანგული სადესანტო ავიამზიდი ხომალდის,  ”მისტრალის” მშენებლობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს. დოკუმენტს დღეს საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის და რუსეთის ვიცე პრემიერის, იგორ სეჩინის თანდასწრებით მოეწერა ხელი. ექსპერტების შეფასებით, პირველი ხომალდის ფასი დაახლოებით 700 მილიონი ევრო, მეორის კი დაახლოებით 600 მილიონი ევრო იქნება.

რუსულ-ფრანგულმა გარიგებამ ნატოს წევრი რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის აშშ-ს შეშფოთება გამოიწვია. ვაშინგტონში პარიზსა და მოსკოვს შორის ”მისტრალის” შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებს ”უადგილო” უწოდეს. გაზეთ ”ლე მონდის” ცნობით, ინტერნეტპორტალმა ”ვიკილიქსმა” გამოაქვეყნა საფრანგეთისა და აშშ-ს თავდაცვის მინისტრებს შორის საუბარი, სადაც რობერტ გეიტსი აცხადებს, რომ ”ამგვარი გარიგება ევროპის ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსეთს კვლავინდებურად არ ენდობიან და არ იციან რამდენად შეუძლიათ ენდონ დასავლეთს, გარკვეული პოლიტიკური გზავნილი იქნება.”

რუსეთისთვის ”მისტრალის” მიყიდვის შესახებ მოლაპარაკებები ოფიციალურმა თბილისმაც არაერთხელ გააპროტესტა. გუშინ გამართულ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ აღნიშნა, რომ ”ქართული მხარე სკეპტიკურად არის განწყობილი იმ საფრთხეების მიმართ, რომელსაც ეს გარიგება შეიძლება მოიცავდეს.” მან იმედი გამოთქვა, რომ ”ორივე ქვეყანა გაითვალისწინებს არსებულ საფრთხეებს.” 

კომენტარები