”პროლეტარიატის დიდი ბელადის” ნეშტის პოსტსაბჭოური ”ვნებები” გრძელდება

”დროა ვლადიმერ ლენინის ნეშტი მავზოლეუმიდან გამოვიტანოთ,” განაცხადა რუსეთის მმართველი პარტიის ”ედინაია როსიას” გენერალური საბჭოს წევრმა, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა, ვლადიმერ მედინსკიმ. მისი განცხადება დღეს მმართველი პარტიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა. დეპუტატმა ლენინის  ნეშტის დაუმარხავობას ”გაუგებარი ნეკროფილური მისია და სატანიზმი უწოდა”. ”ლენინისა ამ ნეშტს უკვე აღარაფერი აქვს. ის მთლიანად გაფატრულია,” აღნიშნა მედინსკიმ. 

მედინსკის განცხადებამ რამდენიმე დღის წინ  გაზეთ ”ვედომოსტის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის გამო დაწყებული დისკუსია სკანდალში გადაზარდა. მედინსკი ჯერ რუსეთის კომუნისტური პარტიის ლიდერებმა დაადანაშაულეს ”ანტიკომუნიზმსა და საფლავების აოხრების” მცდელობაში. შემდეგ კი  ოპოზიციურმა პარტიამ, ”მემარცხენე ფრონტმა”, პროკურატურას ოფიციალური წერილით მიმართა და დეპუტატის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა ”სოციალური შუღლისა და კომუნისტური იდეების მატარებელი ადამიანებისადმი სიძულვილის გაღვივების” ბრალდებით.

 სკანდალს დღის ბოლოს კრემლი  გამოეხმაურა და  დისკუსიებს წერტილი დაუსვა - ლენინი მავზოლეუმში რჩება. პრეზიდენტის საქმეთა მმართველის,  ვლადიმერ კოჟნის განცხადებით, ლენინის გასვენების გადაწყვეტილება მიღებული არ არის და მედვედევის ადმინისტრაცია ამას არც უახლოეს მომავლში აპირებს. ”ეს არ არის დღევანდელი დღის თემა,” აღნიშნა კოჟინმა.

ორი დღის წინ გაზეთმა ”ვედომოსტი”-მ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ჩინოვნიკზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მედვედევის ადმინისტრაციაში ლენინის ნეშტის მავზოლეუმიდან გამოტანის და კრემლის კედელთან დასაფლავების იდეა ”ძალიან მოსწონთ.”

კამათი ლენინის ცხედრის დასაფლავების შესახებ უკვე 20 წელია მიმდინარეობს. ორი წლის წინ, რუსეთის დუმაში ამ საკითხის განხილვისას კულტურის მინისტრმა, ალექსანდრ ავდეევმა განაცხადა: ენა არ მიბრუნდება ამას ქვეყნის  კულტურულ მემკვიდრეობა ვუწოდოო. მაშინ  სახელმწიფო სათათბირომ გადაწყვიტა, რომ ლენინის ცხედარი არ უნდა გაიტანონ, ვინაიდან  ხალხის დიდი ნაწილისთვის ის  ”უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ნეშტი.” ლენინის ბალზამირებული სხეული მავზოლეუმში 1924 წლიდან იმყოფება.  1953 წელს  ლენინის გვერდით სტალინის ბალზამებული ნეშტიც მოათავსეს, მაგრამ 1961 წელს კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობის გადაწყვეტილებით, კრემლის კედელთან დაასაფლავეს. 

კომენტარები