სარკოზიმ საფრანგეთის პროვინცია გერმანიას ”აჩუქა”

საფრანგეთის პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი კიდევ ერთ სკანდალში გაეხვია - საფრანგეთის პროვინცია ელზასში  გამოსვლისას, მან  ეს პროვინცია გერმანიას მიაკუთვნა. მოსახლეობა პრეზიდენტის  გამოსვლას სტვენით შეხვდა.

ქალაქ ტრუხტერშაიმში, რომელიც  გერმანიის საზღვრიდან 20 კილომეტრში მდებარეობს,  ფერმერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, სარკოზი ცდილობდა აეხსნა, რომ მას დასაშვებად მიაჩნია არაპატიოსანი კონკურენცია ინდოეთსა და ჩინეთს შორის, მაგრამ არავითარ შემთხვევაში გერმანიასა და საფრანგეთს შორის, ”...და ამას არ ვამბობ იმიტომ, რომ გერმანიაში ვარ,” განაცხადა სარკოზიმ. პასუხად კი გამაყრუებელი სტვენა მიიღო. ”უფრო სწორედ, ელზასში,” შეასწორა შეცდომა უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილმა პრეზიდენტმა და ორივე ხელი ასწია - შეცდომას ვაღიარებ და გნებდებითო.

ელისეის სასახლემ პრეზიდენტის გამოსვლას ”უბრალო შეცდომა” უწოდა. ისტორიკოსმა  ჟან ლუკ როშმა კი განაცხადა, რომ ფრანგული ნაციონალიზმის თვალსაზრისით, უფრო მძიმე და პროვოკაციული შეცდომის დაშვება წარმოუდგენელია. ”ამ  რეგიონში კონცენტრირებულია მთელი ის სიძულვილი, რასაც ორი ქვეყანა  ერთმანეთის მიმართ წლების განმავლობაში განიცდიდა. საფრანგეთის პრეზიდენტის მხრიდან  იმის თქმა, რომ ელზასი გერმანიის ნაწილად რჩება, საშინელი საქციელია, მიუხედავად იმისა, რომ   ის იტყვის,  ეს სულელური შეცდომა იყოო,” აღნიშნა ექსპერტმა.

ელზასი მრავალი საუკუნის განმავლობაში საფრანგეთსა და გერმანიას შორის სადავო მიწად რჩებოდა. 1871 წელს ფრანკო-პრუსიის ომის შემდეგ ის გერმანიის ნაწილი გახდა. პირველი მსოფილო ომის დასრულების შემდეგ, ვერსალის ზავის შედეგად, კი  ელზასი საფრანგეთს დაუბრუნეს, რაც გერმანელებისთვის მეტად მტკივნეულ საკითხად იქცა. 1940 წელს გერმანელებმა ელზასი ისევ დაიბრუნეს. ათასობით ელზასელი ახალგაზრდა ”CC”-ის არმიის წევრი გახდა და საფრანგეთის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სამხედრო დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობდა.   საბოლოოდ,  პროვინცია  საფრანგეთის კუთვნილება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გახდა.

კომენტარები