პასტორი, რომელიც ყურანის დაწვას აპირებდა, დიდ ბრიტანეთში არ შეუშვეს

ამერიკელ პასტორს, ტერი ჯონსს, რომელიც 11 სექტემბრის ტერაქტის წლისთავზე პროტესტის ნიშნად ყურანის დაწვას აპირებდა, დიდი ბრიტანეთის ვიზა არ მისცეს. ტელეკომპანია ბი-ბი-სი-ს ცნობით, ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარის მიზეზად ”საზოგადოებრივი კეთილდღეობის დაცვა” დაასახელა.

”ჯონსი იმიტომ ვერ შემოვა ქვეყანაში, რომ ბრიტანეთის ხელისუფლება ექსტრემიზმის ნებისმიერი ფორმის წინააღმდეგია. დიდ ბრიტანეთში შემოსვლა პრივილეგიაა და არა უფლება, და ჩვენ არ ვაპირებთ ქვეყანაში შემოსვლის უფლება მივცეთ იმ ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე დადებით გავლენას არ მოახდენენ,” განაცხადეს სამინისტროში.

ამერიკელი პასტორი ლონდონის მახლობლად მდებარე ქალაქ მილტონ კინსში, ერთ ერთი მემარჯვენე ორგანიზაციის მიწვევით, მიტინგზე სიტყვით უნდა გამოსულიყო. ჯონსს ისლამის მისეულ ხედვაზე უნდა ესაუბრა. პასტორის თქმით, ის ბრიტანული კანონების დარღვევას არ აპირებდა ”მე მუსულმანების და მათი რელიგიის წინააღმდეგ არ გამოვდივარ,” განაცხადა მან ”მე რადიკალური ელემენტების წინააღმდეგი ვარ და იმედი მქონდა, რომ თუ ინგლისში ჩავიდოდი, მიტინგში მუსულმანებიც მიიღებდნენ მონაწილეობას,” დასძინა ჯონსმა.

ფლორიდელი პასტორი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც 2010 წლის ზაფხულში გამოვიდა ინიციატივით 11 სექტემბერს, 2001 წლის ტერაქტის წლისთავზე, ”ყურანის დაწვის დღე” მოეწყოთ. პასტორის იდეამ აშშ-ს ხელისუფლების, მათ შორის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მწვავე კრიტიკა გამოიწვია. აშშ-ს მოსახლეობის ნაწილისა და ობამას ადმინისტრაციის ზეწოლის შედეგად, პასტორი იძულებული გახდა ყურანის საჯაროდ დაწვის აქცია გაურკვეველი დროით ”გადაედო.” 

კომენტარები