ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ ”მინი ნატოს” შექმნას აპირებენ

19-20 იანვარს ლონდონში  ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების სამიტი გაიმართება, რომელზეც, სხვა საკითხებთან ერთად, ე.წ. ”მინი ნატოს” შექმნის პროექტიც განიხილება, იუწყება ”ნეზავისიმაია გაზეტა”. სამიტში მონაწილეობას ცხრა ქვეყანა მიიღებს - ბრიტანეთი, ისლანდია, შვედეთი, დანია, ფინეთი, ნორვეგია, ესტონეთი, ლატვია და ლიტვა. ”ნეზავისიმაია გაზეტას” ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, დევიდ კამერონი კოლეგებთან ახალი სამხედრო ალიანსის შექმნის საკითხს დააყენებს. "მინი-ნატოს" შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება კი აპრილში, ჰელსინკიში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იგეგმება.

2009 წელს ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტორვალდ სტოლტერბერგმა ”ნორდული პაქტი” შეიმუშავა.  ამ პროექტის მიხედვით,  უნდა შეიქმნას ნატოს მინიატურული ვერსია, ბლოკი   - სკანდინავიის ქვეყნები  და არქტიკა,  სადაც შევლენ   სკანდინავიური ქვეყნების სამხედრო და საზღვაო ძალები, დაზვერვა, კიბერშეტევებისგან დაცვის ცენტრი, ასევე არქტიკაზე მოქმედებების კოორდინაციის ცენტრი.

 ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების მინი სამხედრო ბლოკის შექმნის იდეა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც რუსეთმა 2020 წლამდე ქვეყნის უსაფრთხოების სტრატეგია გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ არქტიკის ბუნებრივი რესურსების ათვისებისას, შესაძლოა, რუსეთს სამხედრო ძალის გამოყენება დასჭირდეს. ”ნორდულ აქტს” მხარი უკვე დაუჭირა სკანდინავიის ყველა მსხვილმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა.

”ნეზავისიმაია გაზეტას” ცნობით, ტორვალდ სტოლტერბერგს არასოდეს დაუმალავს, რომ სამხედრო ბლოკი არქტიკაში რუსეთის ინტერესების ასალაგმად უნდა შეიქმნას.  ამ ბლოკთან მიერთების სურვილი ბალტიის ქვეყნებმაც გამოთქვეს. 2009 წელს ნატოს სამიტზე ლისაბონში,  ლატვიის თავდაცვის მინიტრმა  არტის ფაბრიქსმა  ჩრდილოეთის ექვსეულის  შექმნის იდეა წამოაყენა,  დანიის, ფინეთის, შვედეთის, ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის  მონაწილეობით.

აღსანიშნავია, რომ ” WikiLeaks ”-ის მიერ გამოქვეყნებული მასალის მიხედვით, ნორვეგიაში აშშ-ს ელჩი თეთრ სახლთან საიდუმლო მიმოწერაში აღნიშნავდა, რომ ”ჩრდილოეთის ნატო” შესაძლოა მართლაც სასარგებლო აღმოჩნდეს  ”პოლარული დათვებისა და რუსებისთვის თვალყურის სადევნებლად.”

კომენტარები