Freedom House: საქართველოს თავისუფლების რეიტინგი გაუმჯობესდა

Freedom House-ის 2011 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მაჩვენებელი სამოქალაქო თავისუფლებების კატეგორიაში გაუმჯობესდა. ორგანიზაცია ამას 2008 წლის აგვისტოში რუსეთის შემოჭრის შემდგომ პოლიტიკური არასტაბილურობის შემცირებასა და მედიის უფრო გამრავალფეროვნებას უკავშირებს. მათ შორის ტელეკომპანია მაესტროს მიერ სატელიტური მაუწყებლობის დაწყებას. რაც შეეხება მაჩვენებელს პოლიტიკური უფლებების კატეგორიაში, ის კვლავ უცვლელია. საერთო ჯამში, საქართველო კვლავ „ნაწილობრივ თავისუფალ” ქვეყნად რჩება.

კვლევაში „სადავო ტერიტორიებს”  – აფხაზეთს „ნაწილობრივ თავისუფალის”, ხოლო სამხრეთ ოსეთს „არათავისუფალის” სტატუსი აქვს.

ბოლო წლების განმავლობაში ეს ყოფილი საბჭოთა ქვეყნების მაჩვენებლების გაუმჯობესების პირველი შემთხვევაა. საქართველოს გარდა, გაუმჯობესება მოლდოვასა და ყირგიზეთში აღინიშნა. უკრაინამ კი თავისუფალი ქვეყნებიდან ნაწილობრივ თავისუფლებში გადაინაცვლა.

ეს კვლევა 194 ქვეყანასა და 14 „სადავო ტერიტორიას” მოიცავს. იგი ასახავს მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების მხრივ არსებულ სიტუაციას. ამ ქვეყნებსა და ტერიტორიებს ანიჭებენ სტატუსს „თავისუფალი”, „ნაწილობრივ თავისუფალი” და „არათავისუფალი”. სტატუსის მინიჭება დამოკიდებულია ქულებზე. ეს ქულები 1-დან 7-მდე შკალაზეა განლაგებული. აქ ერთი ყველაზე თავისუფალს ნიშნავს, შვიდი კი ყველაზე არათავისუფალს. საქართველოს ქულა სამოქალაქო თავისუფლებებში 4-დან 3 გახდა, პოლიტიკურში კი 4-ია.

Freedom House-ის განცხადებით, კვლევამ ზოგადად აჩვენა, რომ მსოფლიოში თავისუფლების მხრივ მდგომარეობა ბოლო 5 წელია უარესდება. სულ უფრო მატულობს იმ ქვეყნების რიცხვი, სადაც დემოკრატიულობის ინდიკატორები რეგრესისკენ მიდის. თავისუფლების ყველაზე დაბალი ხარისხი ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაშია. ორგანიზაციის შეფასებით, სულ უფრო მძიმდება მდგომარეობა რუსეთში, ჩინეთში, ეგვიპტეში, ვენესუელასა და ირანში.

Freedom House სრულ კვლევას 2011 წლის გაზაფხულის ბოლოს გამოაქვეყნებს.

კომენტარები