„თინეიჯერი” დმანისიდან

შეხედეთ მის პროფილს, ანფასს, გამოხედვას, დგომას და შეეცადეთ სახელი შეურჩიოთ. ოღონდ გაითვალისწინეთ – ამ სახელს მომავალში მსოფლიო სამეცნიერო წრეებსა თუ ტურისტულ ინდუსტრიაში, საქართველოსთან და კონკრეტულ ლოკალურ ადგილთან – დმანისთან დააკავშირებენ. ასე რომ, თქვენ მეტად საპასუხისმგებლო მისია გაკისრიათ: სწორად შეურჩიოთ ამ არსებას სახელი ან მაქსიმალურად მომგებიან ვერსიას მისცეთ ხმა საქართველოს ეროვნული მუზეუმის facebook-ის გვერდზე.

საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა, უკვე სამი თვეა, რაც მზიასა და ზეზვას შვილის სახელის შერჩევაზე კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის პირობა წარმოსათქმელად მარტივი და ძირძველი ქართული სახელის შერჩევაა.

 Fb-სა თუ მუზეუმის მისამართზე ([email protected]) არ წყდება ვერსიების ნაკადი: მზისა, ლამზირა, ზემზისა, ზიზილა, მზისხივი, გურანდუხტი, ციალა, ნანა, ნინი, ლელა, ლალი, ნათელა, ზოია, ზაირა და  ა. შ..  კულუარებში სახელი იაც გაისმა (მარტივია და ძველიო), იყო ერთგვარი კონცეპტუალური მოსაზრება იუმორის მძაფრი თანხლებით (ქართველი ქალის სტერეოტიპის გათვალისწინებით) ისეთ სახელთან, როგორიცაა  ჟუჟუნა.

ერთი სიტყვით, ვიდრე ეს სტატია იწერება, კონკურსი ნელ-ნელა გადამწყვეტ ფაზაში შედის და 2011 წლისთვის ალბათ დმანისელ გოგონას (სამეცნიერო წრეებში  უკვე ასე იცნობენ – Dmanisi Girl) საკუთარი სახელი ექნება.

მანამდე კი თვალი გადავავლოთ მის უძველეს ბიოგრაფიას, რომელმაც ფორმატით, შესაძლოა, რომელიმე პოპ-ვარსკვლავის ბიოგრაფიაც კი მოგაგონოთ და დაჩრდილოს კიდეც.

დაიბადა 1,8 მილიონი წლის წინ და მშობლებთან ერთად აფრიკიდან ევროპაში პირველ ემიგრანტთა ნაკადს მოჰყვა. ისინი სამხრეთ კავკასიაში – „დმანისში” დასახლდნენ, სადაც საკვებად და სანადიროდ მდიდარი ფლორა და ფაუნა, თბილი ჰავა და გემრიელი წყალი დახვდათ. 

ის 13-14 წლისაა. მისი თავბრუდამხვევი პოპულარობა კი 2010 წლიდან ანუ მას შემდეგ დაიწყო, რაც პატარა თავის ქალას არქეოლოგის ნიჩაბი შეეხო. შემდეგ „დმანისელი თინეიჯერი”, ლოკალურ ადგილთან „დმანისთან” და Homo Georgicus-ის (მზიასა და ზეზვას) ოჯახთან ერთად, მსოფლიო ყურადღების ცენტრშია, როგორც „პირველი ევროპელი” და თანაც „თინეიჯერი”.

მულაჟი პარიზში ცნობილ Atelier Daynes-ში შეიქმნა, სადაც მსოფლიოს უძველესი სხვა ჰომინიდების მულაჟებია გაკეთებული. მის იმიჯზე, მზიასა და ზეზვას „იმიჯმეიკერმა”, ცნობილმა პალეოარტისტმა ელიზაბეტ დენემ იზრუნა. გასულ ზაფხულს დმანისის საველე-არქეოლოგიური მუზეუმის ტერიტორიაზე ამ იმიჯის პრეზენტაციაც მოეწყო და მის პატივსაცემად სერიოზული მიღებაც გაიმართა. ღონისძიებას სპეციალურად პარიზიდან ჩამოსული ელიზაბეტ დენე, საქართველოში ევროკავშირის ელჩი პერ ეკლუნდი და საქართველოში აკრედიტებული სხვა დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. თინეიჯერ ქართველზე წერენ მსოფლიოს სოლიდური გამოცემები (National Geographic, Science, Nature) და მის სანახავად საზოგადოება ისეთ ცნობილ საგამოფენო სივრცეებში დადის, როგორიც ლონდონის White Cube ან პარიზის ადამიანის მუზეუმია. მისი მულაჟის ასლი კი ესპანეთში, ქალაქ ბურგოსში ახლახან გახსნილ ევოლუციის მუზეუმში მშობლებთან ერთად, საპატიო ადგილს იკავებს, სხვა დანარჩენ, მსოფლიოში ცნობილ უძველეს ჰომინიდთა – „აბელის”, „არდის”, ლეგენდარული „ლუსისა” თუ „თუმაის” მულაჟების გვერდით (იხ.www.tabula.ge. „აფრიკიდან დმანისამდე ანუ The Human Odyssey”).

საკუთარი სივრცე დმანისელ გოგონას სოციალურ ქსელშიც აქვს. მისი სახელისა თუ წარმომავლობის შესახებ დებატები არ წყდება.

“...გამოდის, რომ ანთროპოლოგიურად ევროპელები ვართ”, – წერს ეროვნული მუზეუმის fb-ის გვერდზე ერთ-ერთი „ფრენდი”.

არა, საქმე ნაცისტურ-ანთროპოლოგიურ იდეოლოგიასთან ნამდვილად არ გვაქვს. ჰომო გეორგიკუსების ეს სახელგანთქმული ოჯახი ვერც ჩვენს მენტალიტეტს გახდის უფრო მეტად ევროპულს, რომ აღარაფერი ვთქვათ ევროკავშირის კარის ფართოდ გაღებაზე, რაც მხოლოდ ჩვენზე და უფრო მეტად კი მსოფლიო პოლიტიკურ ფაქტორებზეა დამოკიდებული. მაგრამ ამ „დმანისელ თინეიჯერსა” და მის სწორად „შეფუთვას” მართლაც ბევრი რამის შეცვლა შეუძლია ჩვენს სასიკეთოდ. ფაქტია, რომ მსოფლიო სამეცნიერო წრეებში უკვე დამკვიდრდა გამონათქვამები – „უძველესი ევროპელები”, „დმანისი – ევროპის აკვანი”, „პირველი ევროპელის სამშობლო” და ა.შ., რაც სამხრეთ კავკასიის ამ რეგიონს ლოკალურად ევროპაში მოიაზრებს.

თავის დროზე მზიასა და ზეზვას „მოსიყვარულე წყვილის” იმიჯისა და მათი ისტორიის  შექმნაზე ბევრი იმუშავა National Geographic-მა. „დმანისელ გოგონასაც” საინტერესო ისტორია, იმიჯი და პირველ რიგში საინტერესო სახელი სჭირდება.

National Geographic-ის ინტერნეტგამოცემაში ქართველი ფოტოგრაფის – გურამ წიბახაშვილის სახელსა და გვარსაც გადააწყდებით, როგორც „Dmanisi Girl”-ის თავის ქალისა და სხვა დანარჩენი დმანისური თავის ქალების ფოტოების ავტორს. საქართველოში გურამ წიბახაშვილს კონცეპტუალური ფოტოგრაფიის გარდა, იცნობენ, როგორც ქალის სხეულის უბადლო ფოტოგრაფად და საერთოდ ფოტომოდელების აღმომჩენად. National Geographic-ის ამ მასალაში, ქალის ფოტოს გვერდით გურამის მინაწერიცაა:

„...საქმე ისაა,  რომ  ინგლისური სიტყვის –  skull-ის მრავლობითი ჟღერადობით ქართულ „ქალებს” წააგავს, რაც შინაარსით ინგლისური Women-ის იდენტურია. როცა მეკითხებიან, ამჯერად რაზე მუშაობო, ვპასუხობ: როგორც ყოველთვის, ქალებს ვიღებ.

შემდეგ მეკითხებიან: ლამაზები არიან?

 და მე ვპასუხობ: ძალიან. და თქვენ წარმოიდგინეთ, ისინი 1,8 მილიონი წლისანი არიან”, – წერს ფოტოგრაფი.

   კრეატიულობა და შოუ-ბიზნესის ინდუსტრიის თამაშის წესები – ეს ის ელემენტებია, რაც „დმანისელი თინეიჯერის” სახელის შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იყოს. ვნახოთ როგორ მონათლავენ ამ ანც არსებას. საბოლოო შედეგს ტაბულა ვებგვერდზე (www.tabula.ge) შემოგთავაზებთ.

კომენტარები