ფუმფულა სადიზმი

უკანასკნელი ორი სეზონის განმავლობაში, ნატურალური ბეწვის გაყიდვებმა შესამჩნევად მოიმატა – დაინახავდით კიდევაც ამ ისტორიულად პირველი ტანსაცმლის, ქურქის, ხელახალ გამოჩენას.

1994 წელს სუპერმოდელებმა, რომლებიც სოციალურად აქტიურ, მისაბაძ წრეს წარმოადგენდნენ, ცხოველთა უფლებების დამცველ ორგანიზაცია PETA-სთან ერთად ნატურალური ბეწვის წინააღმდეგ კამპანია წამოიწყეს. მოდელებმა შიშველი ფოტოები გადაიღეს წარწერით – „მირჩევნია შიშველმა ვიარო, ვიდრე ვიარო ქურქში!!!”. მათ საზოგადოებას მოუწოდეს უარი ეთქვათ ნატურალურ ბეწვზე. ეს არაერთმნიშვნელოვანი საკითხი მუდამ კამათის საბაბია – ნაწილი ქურქს მოძველებულ, ვულგარული მატერიალისტური სამყაროს მომაკვდავ სიმბოლოდ აღიქვამს, ნაწილს კი ბეწვის ტარება არაეთიკურად ეჩვენება და მზადაა ქუჩაში უცნობ ადამიანს წითელი საღებავით დაუზიანოს მრავალათასიანი სამოსი. ზოგიერთი თვლის, რომ ეს სტატუსის სიმბოლო და ბურჟუაზიის ყველაზე ნაზი გამოვლინებაა. თანამედროვე აქტივისტ-სოციოლოგები უფრო ღრმა ფეტიშს ხედავენ: მამაკაცი-მონადირე დომინირებს ქალზე და მისი, როგორც ნადავლის ნახვა ცხოველის ბეწვში სურს. ქალიც, საპასუხოდ, დაქვემდებარებულ ქცევის წესს ირჩევს, სადაც ის, რაღაც თვალსაზრისით, იჩაგრება. არის უფრო რთული თეორიები ადამიანის ქვეცნობიერსა და ცხოველურ საწყისებთან დაკავშირებით – ძალადობა, ვნება, სისხლი და ძალაუფლება. მიუხედავად ამ განწყობებისა, ექსპრესიულმა საპროტესტო გამოსვლებმა სიასამურის, მელიების და სხვა კვერნისებრთა დასაცავად რატომღაც იკლო – ცნობილმა სუპერმოდელებმაც ფუფუნების და პოპულარობის წნეხს ვერ გაუძლეს. სულ უფრო ხშირად ვხედავთ ძვირფას ქურქში გამოწყობილ მასკულტურის რომელიმე ბრჭყვიალა ვარსკვლავს. მხოლოდ ამერიკული მოდის სამმა სახლმა თქვა უარი ბეწვის გამოყენებაზე და სტელა მაკარტნი, რომელიც ცხოველთა უფლებადამცველის ოჯახურ ტრადიციებს მისდევს, უარს აცხადებს ბეწვისა და ტყავის გამოყენებაზე. სხვები კი პირიქით, განურჩევლად კონცეპტუალური და შემოქმედებითი ნონკონფორმიზმისა, ნატურალურ ბეწვს საკუთარ კოლექციებში ისევ იყენებენ. ისეთი კლასიკური ბრენდები, როგორიცაა Hermes, Fendi ან Gucci, თავიანთი ბიუჯეტის ყველაზე დიდ ნაწილს ლუქსხარისხის ბეწვის და ეგზოტიკური ტყავების შეძენას ახმარენ, შესაბამისად, ქურქი Fendi 35 ათასი ევრო და 28 შინშილას ცხოვრება ღირს.

პოპულარობის ამ ახალ ტალღას ძირითადად ბეწვის მწარმოებლები უწყობენ ხელს. ეს სარფიანი ბიზნესი და საინტერესო პროცესია, რომელიც დასაბამს შუა საუკუნეებიდან იღებს. გახსოვთ ლეონარდოს „ქალი სიასამურით”? სწორედ ამ პერიოდში, ამ პატარა ცხოველების მოშენება ულამაზესი ბეწვის გამო დაიწყეს, დღეს კი დიდი ფერმები არსებობს. კანადა, სკანდინავიის ქვეყნები, ჩინეთი და რუსეთი ის ადგილებია, სადაც ცხოველებს ბეწვის გამო ამრავლებენ. ამ ბიზნესის მფლობელები ამბობენ, რომ ცხოველები საუკეთესო პირობებში იზრდებიან. სხვანაირად მაღალი ხარისხის ბეწვის მიღება წარმოუდგენელია. ექვსი-შვიდი თვის მანძილზე კვერნამ ლუქსში უნდა იცხოვროს, იმისთვის რომ თავად გახდეს ლუქსი. ამ ასაკში მელიები და კვერნები საუკეთესოდ გამოიყურებიან. ბეწვის ადვოკატები კულტურულ ძიებებსაც არ ერიდებიან – საუბრობენ რუსული სულის და ბეწვის ურთიერთობაზე. დღეს ჩინეთი რუსეთის შემდეგ ნატურალური ბეწვის ყველაზე დიდი მომხმარებელია. ამ შემთხვევებში ალბათ ეროვნულ ვნებასთან ან ნაციონალურ სადიზმთან გვაქვს საქმე. ბეწვის მწარმოებლები მრავალ მარკეტინგულ მეთოდს მიმართავენ თავიანთი საქმიანობის დასაცავად. აწყობენ კონკურსებს, სადაც ახალი ტექნოლოგიებით დამუშავებულ ბეწვს, ახალ ზედაპირებს და ახალ ტონალობებს წარადგენენ, ყოველთვის ცდილობენ აბსტრაქტულ ქსოვილად წარმოაჩინონ თავიანთი პროდუქცია და არ იყვნენ ასოცირებულნი კონკრეტული ცხოველის ტყავთან.

ქურქის ხარისხზე ცხოველის ასაკი, სქესი, საკვები და, სამწუხაროდ, ისიც კი მოქმედებს, თუ როგორ გამოასალმეს სიცოცხლეს. რაც უფრო ნაკლებადაა დაზიანებული ტყავი, მით უკეთესია ბეწვის ხარისხიც. თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით ქურქი უფრო მსუბუქი, ნებისმიერი ტონალობის და სხვადასხვაგვარად დამუშავებული შეიძლება იყოს, მრავალი წლის განმავლობაში არ ფუჭდება, შეუდარებელია ცივ ზამთარში და ის, რომ შენი ქურთუკი ერთ დროს ცოცხალი ცხოველი იყო, უდავოდ უცნაურ, არაერთგვაროვან განცდებს იწვევს. მიუხედავად სადიზმისა, ამ ფეტიშისტური ვნების სამუდამოდ განდევნა ალბათ წარმოუდგენელია...

 

კომენტარები