აზერბაიჯანი ევროკავშირის ქვეყნებს ბუნებრივ აირს რუსეთის გვერდის ავლით მიაწვდის

13 იანვარს აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის გაზის სამხრეთ კორიდორის შექმნის შესახებ დეკლარაციას მოეწერა ხელი. შეთანხმების მიხედვით, აზერბაიჯანმა აიღო ვალდებულება ევროკავშირის ქვეყნებს გაზის ”მნიშვნელოვანი” მარაგი მიაწოდოს, რაც საკმარისი იქნება გაზსადენების ახალი კორიდორის შესაქმნელად.

გაზის სამხრეთ კორიდორი გულისხმობს კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროკავშირის ქვეყნებისთვის ბუნებრივი აირის რუსეთის გვერდის ავლით მიწოდებას. კერძოდ, საუბარია ”ნაბუქოს” გაზსადენზე, რომელიც რუსული პროექტის, სამხრეთ ნაკადის, მთავარ კონკურენტად ითვლება. აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილ შეთანხმებას ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟოზე მანუელ ბაროზუმ ”მნიშვნელოვანი გარღვევა” უწოდა.

სპეციალისტების ვარაუდით, უახლოეს წლებში აზერბაიჯანი გაზის მოპოვებას მნიშვნელოვნად გაზრდის და ქვეყანას დამატებითი საექსპორტო ბაზრების მოძიება დასჭირდება. 2011 წელს აზერბაიჯანი 30 მილიარდი კუბომეტრზე მეტი ბუნებრივი აირის მოპოვებას აპირებს, 2018 წლისთვის კი ამ მაჩვენებლის 80 მილიარდ კუბომეტრამდე გაზრდას გეგმავს. 

კომენტარები