ისტორიული ძეგლების აღდგენაზე თურქეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებები გრძელდება

თურქეთ-საქართველოს კომისიებს შორის ორი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლების აღდგენა-რესტავრაციის შესახებ  მოლაპარაკებების ოქმი გაფორმდა.  ამის შესახებ  დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ განაცხადა.  მისი თქმით, ოქმით გათვალისწინებულია რამდენიმე შეთანხმება. ”თუ ეს შეთანხმება ამ ფორმით ძალაში დარჩება, თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლების რესტავრაცია მოხდება ჩვენი ჯგუფების მონაწილეობით და ჩვენც მათ მივცემთ შესაძლებლობას, რომ ის ძეგლები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზეა, მაგრამ აღიარებულია როგორც თურქული ძეგლები, ყველა წესის დაცვით აღდგეს და მათი დაცვა შესაძლებელი იყოს,” აღნიშნა კალანდაძემ.   

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონკრეტულად რომელი ძეგელების აღდგენა იქნება შესაძლებელი, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც   მოლაპარაკებების ოქმს  ხელს  თურქეთისა და საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლები მოაწერენ.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორმა, ნიკა ვაჩეიშვილმა  განაცხადა, რომ ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე მდებარე ხანძთის, ოშკის, იშხნისა და ოთხთა ეკლესიის რეაბილიტაციის სანაცვლოდ, საქართველოში სამი მეჩეთის განახლება და ერთის აშენება იგეგმება. არაოფიციალური წყაროების ცნობით, თურქული მხარე  ბათუმში 1940 წელს დამწვარი მეჩეთის აღდგენას მოითხოვს.

ბათუმის მოსახლეობის ნაწილი  ქალაქში მეჩეთის აღდგენის  ინიციატივას ეწინააღმდეგება. მათი პოზიცია დღეს რესპუბლიკური პარტიის აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარემ,  მურმან დუმბაძემ გამოხატა. ”თუ ისტორიულ ტაო-კლარჯეთში ქართულ ეკლესიებს მხოლოდ საინჟინრო ნაგებობის ფუნქცია ექნება, მათ სანაცვლოდ ბათუმში მეჩეთის აღდგენა მიუღებელია,” განაცხადა მან. დუმბაძე აცხადებს, რომ მოლაპარაკებების პროცესში დაუყოვნებლივ უნდა ჩაერთოს საპატრიარქო. თუმცა, ჯერჯერობით გაურკვეველია რა სტატუსით უნდა ჩაერთოს საპატრიარქო ამ მოლაპარაკებებში.

კომენტარები