სომალელი მეკობრეების მიერ გატაცებული ქართველი მეზღვაურები დახმარებას ითხოვენ

სომალელი მეკობრეების მიერ დატყვევებული ქართველი მეზღვაურები ერთთვიანი პაუზის შემდეგ ოჯახის წევრებს პირველად დაუკავშირდნენ. ამის შესახებ ტელეკომპანია რუსთავი 2 იუწყება. ქართველი მეზღვაურების თქმით, უკვე ხუთი დღეა მეკობრეები მათ საკვებს არ აწვდიან და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ. მეზღვაურების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ გემზე სიტუაცია იმდენად კრიტიკულია, რომ, შესაძლოა, ”დაპირისპირება მსხვერპლითაც კი დასრულდეს.”

მალტის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელის ბორტზეც 15 ქართველი და 3 თურქი მეზღვაური იმყოფებოდა, სომალელმა მეკობრეებმა ადენის ყურეში 8 სექტემბერს დააკავეს. გამტაცებლებმა ტყვეების გათავისუფლების სანაცვლოდ გამოსასყიდის გადახდა მოითხოვეს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მათ მიერ დასახელებული თანხა 15 მილიონი დოლარია.  

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გატაცებული გემის მფლობელი კომპანია მზად არის გარკვეული თანხა გადაიხადოს. ”თუმცა ეს ის თანხა არ არის, რომელსაც მეკობრეები ითხოვენ. ამიტომ მოლაპარაკებები გრძელდება,” განაცხადა დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ. მისი თქმით, საგარეო უწყება მხოლოდ გემის მფლობელ კომპანიასთან ურთიერთობს. ”ჩვენ არც შესაძლებლობა და არც სურვილი გვაქვს ტერორისტებთან რაიმე ფორმით მოლაპარაკებები ვაწარმოოთ,” აღნიშნა მინისტრის მოადგილემ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე საუბრისას.

სომალელი მეკობრეების მიერ დატყვევებული ქართველი მეზღვაურების დასახმარებლად გამართული სპეციალური კამპანიის შედეგად შეგროვებული თანხის ოდენობა კი დღეს  დასახელდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს მეზღვაურთა პროფკავშირის თავმჯდომარემ, ანატოლი ჩიჯავაძემ განუცხადა. კამპანიის ფარგლებში საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდა, საგანგებო აქციები გაიმართა თბილისის მეტროს სადგურებთანაც. მსურველებს დატყვევებული მეზღვაურებისთვის დახმარების გაწევა ბანკის სპეციალურ ანგარიშზე თანხის გადარიცხვით ან მობილურიდან სპეციალურ ნომერზე დარეკვით შეეძლოთ. კამპანიის შედეგად შეგროვებული თანხა მეზღვაურების გამოსახსნელად შექმნილ სოლიდარობის ფონდში გადაირიცხა. 

კომენტარები