კანის მოვლა ზამთარში

ზამთრის პერიოდი და სიცივეები დიდი გამოცდაა როგორც ადამიანის ორგანიზმისთვის, ისე, უპირველესად, კანისთვის, რომელიც პირველ დარტყმებს იღებს და გვიცავს, თუმცა თუ მას არ მოვუვლით, ბარიერის ფუნქციასაც დაკარგავს და არც ვიზუალურად იქნება სასიამოვნო სანახავი.

რა ემართება ჩვენს კანს ზამთარში, როცა ტემპერატურა საგრძნობლად ვარდება, ხშირია ქარები და ეს ტენიანობის მკვეთრ ცვალებადობას იწვევს? აღნიშნული კლიმატური ცვლილებები უკვალოდ ნამდვილად არ ჩაივლის და განსაკუთრებით დაგვიზიანებს ხელის და სახის კანს, რომელიც დაუცველია და პირდაპირ კონტაქტშია მთავარ გამღიზიანებლებთან.

პირველი მთავარი პრობლემა არის ის, რომ ყინვა კანს აქტიურად ართმევს ტენს და აუწყლოებს. ამას ისიც ემატება, რომ დაბალ ტემპერატურაზე ნელდება უჯრედების განახლება და შედეგიც სახეზეა – საკმარისია პატარა აციება და ჩვენ მომენტალურად გვიუხეშდება და გვიშრება კანი.

მეორე – ცივი ჰაერის ზემოქმედების გამო ცხიმის უჯრედები ნაკლებად აქტიურია. თხელდება ჰიდროლიპიდური საფარი და კანი ნაკლებად ელასტიური ხდება. პარალელურად, მასზე ძლიერ ზემოქმედებას ახდენს ყინულის მიკროკრისტალები და საბოლოოდ სახე ხდება ზედმეტად მგრძნობიარე, დაუცველი და იფარება მოწითალო ლაქებით, ანუ იცვლება კანის ტიპი და ხდება გაცილებით მშრალი, ვიდრე ზაფხულში. ყველაზე უსიამოვნო კი ისაა, რომ კანი ზამთარში უფრო სწრაფად ბერდება, ვინაიდან ზემოჩამოთვლილი მიზეზები ხელს უშლის განახლების პროცესს. ამ დროს იკარგება ტონუსი და შედარებით იოლად ჩნდება ნაოჭები. და თუ ზამთარში სამთო კურორტებზე ისვენებთ, ამ უარყოფით ზეგავლენას მზის სხივებიც ამძაფრებს – მთა და მზე პოეზიაში მშვენიერი კომბინაციაა, კანისთვის კი ნამდვილი კოშმარი გახლავთ.

როგორ ვებრძლოთ ამ არცთუ სასიამოვნო პროცესებს?

უპირველეს ყოვლისა, უკეთესი იქნება, თუ კანს ზამთრისთვის ნაადრევად მოვამზადებთ, ანუ ადრეულ ეტაპზევე ვიზრუნებთ მის დატენიანებაზე – შემოდგომის პირველი სუსხისთანავე გამოიყენეთ ზამთრის დღის დამატენიანებელი მალამო (და არავითარ შემთხვევაში ზაფხულის, რადგან მასში გაცილებით ნაკლები ცხიმიანობაა). სახის კანის ცხიმის უჯრედებმა უნდა უზრუნველყონ საკმარისი ელასტიურობა, ხოლო ვიტამინების ოპტიმალურმა რაოდენობამ უნდა შეუნარჩუნოს ტონუსი და სიმკვრივე.

იმ შემთხვევაში, თუ კანს გაუწყლოებას ამჩნევთ ან გრძნობთ ამას, აუცილებლად დაამატეთ საღამოს ინტენსიური დამატენიანებელი კრემი.

თუ შენიშნეთ, რომ ცხიმის უჯრედებმა აქტიურობა დაკარგეს, ღამის მალამო მკვებავით ჩაანაცვლეთ.

თუ კანს სიბერის ნიშნები შეატყვეთ (მოდუნება, სიგლუვის დაკარგვა), სჯობს გამაახალგაზრდავებელი (ANTI AGE) ვიტამინიზირებული მალამოები გამოიყენოთ (30 წელს გადაცილებულმა ქალბატონებმა).          

იმ შემთხვევაში, თუ შვებულების მთაში გატარებას გადაწყვეტთ, ზამთრის მალამოს აუცილებლად უნდა დაემატოს მზისგან დამცველი კრემი მაღალი SPF ფილტრით. ასევე არ დაგავიწყდეთ ტუჩების მოვლაც (ჰიგიენური პომადა ან სპეციალური ბალზამი).

საერთოდ, ჯანმრთელი კანის ზედაპირი დაფარულია უთხელესი „მალამოს” ფენით. ეს ბუნებრივი, ასე ვთქვათ, „საკუთარი წარმოების” საფარია და ჰიპოლიპიდური ფენა ეწოდება. ლიპიდები გახლავთ ცხიმმჟავები, რომლებსაც საცხიმე უჯრედები გამოიმუშავებს და რომლებიც კლიმატური პირობების ცვლილებისას კანის ბუნებრივ დაცვას წარმოადგენენ. ჰიპოლიპიდური საფარი ძალიან მგრძნობიარეა როგორც სიცივის, ასევე სახის მოვლის საშუალებების მიმართაც, ამიტომ რეკომენდებულია ისეთი კოსმეტიკური და სახის დასაბანი საშუალებები, რომლებიც ამ ბუნებრივ საფარს კი არ დააზიანებენ, არამედ პირიქით, გაამყარებენ.

თუ ადრე ჩრდილოეთის მოსახლეობა ამისთვის სახეზე ცხიმის სქელ ფენას ისვამდა, დღეს ჩვენს განკარგულებაშია საგანგებოდ ზამთრისთვის შექმნილი, ბუნებრივი ტენიანობის შემნარჩუნებელი და უამინდობასთან უფრო ეფექტიანად „მებრძოლი” მალამოები, რომლებიც ცხიმების და მცენარეული ზეთების მაღალი შემცველობით გამოირჩევა.

გარდა ამისა, ზაფხულთან შედარებით, ზამთარში ნიღბების უფრო ხშირი მოხმარებაა საჭირო. გირჩევთ ეს კვირაში ერთხელ გააკეთოთ პილინგური ნიღბით, რაც ძალიან ეფექტიანია კანის მკვდარი, გარქოვანებული უჯრედებისგან გასასუფთავებლად. ამ შემთხვევაში კარგი იქნება, თუ კვირაში ორჯერ დამატენიანებელ ნიღაბსაც გაიკეთებთ, რადგან, როგორც უკვე ვთქვით, ზამთარში სახის კანის ერთ-ერთი მთავარი მტერი გაუწყლოებაა.

სიცივისგან სახის კანის დაცვის კიდევ ერთი გზა: ზამთრის დღის დამატენიანებელ მალამოზე დავამატოთ თქვენი კანის ტიპის და ფერის გათვალისწინებით შერჩეული ტონალური საშუალება, უმჯობესია კამუფლაჟი (ახალი თაობის ტონალური, რომელსაც კანი არ იწოვს).

გისურვებთ ლამაზ დღესასწაულებს!

კომენტარები