უტიაშვილი: 3 იანვრის ინციდენტის გამოძიება პროკურატურის პრეროგატივაა

3 იანვარს გმირთა მოედანზე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტების მონაწილე ვეტერანთა აქციაზე პოლიციის მიერ ძალის შესაძლო გადამეტებას შესაბამისი სტრუქტურები  შეისწავლიან. ამის შესახებ  შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსზე, შოთა უტიაშვილზე დაყრდნობით, სააგენტო ინტერპრესნიუსი იუწყება. უტიაშვილის თქმით, საქმის გამოძიება პროკურატურის კომპეტენციაში შედის, თუმცა შსს-ს მაღალჩინოსანმა ვერ დააკონკრეტა, დაწყებულია თუ არა 3 იანვრის ინციდენტის გამოძიება.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებმაც დღეს შსს-ს და პროკურატურას გმირთა მოედანზე მომხდარი დაპირისპირების გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართეს, უტიაშვილის განცხადება დადებითად შეაფასეს. ”იმედია პროკურატურა ძირეულად გამოიძიებს 3 იანვარს განვითარებულ მოვლენებს და გამოძიება არ გაჭიანურდება ისე, როგორც 7 ნოემბერთან და სხვა საქმეებთან დაკავშირებით მომხდარა,” განაცხადა ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა სირაძემ.

სახალხო დამცველმა, გიორგი ტუღუშმა კი ”პოზიტიური ნაბიჯი” უწოდა შსს-ს თანამშრომლის, შოთა გვენეტაძის გათავისუფლებას. გვენეტაძე სამსახურიდან მას შემდეგ დაითხოვეს, რაც ორშაბათს პოლიციასა და მოშიმშილე ვეტერანებს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ სოციალურ ქსელ ფეისბუქზე გამოქვეყნდა ფოტოები, სადაც ჩანს, თუ როგორ აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას გვენეტაძე აქციაზე მყოფ ერთ-ერთ ქალბატონს.

 ”თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სხვა გარემოებებიც უნდა შეფასდეს. კერძოდ, აუცილებლად უნდა დადგინდეს, რის საფუძველზე მოითხოვეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აქციის შეწყვეტა,” ნათქვამია ტუღუშის განცხადებაში. სახალხო დამცველის თქმით, ასევე უნდა დადგინდეს, ვის მიერ იქნა მიყენებული ფიზიკური დაზიანებები, რომლებიც, მისი თქმით, დაკავებულ პირებს, იამანიძეს და თოფურიას აღენიშნებოდათ. ტუღუშის განცხადებით, უნდა გაირკვეს, თუ რა სამართლებრივი სტატუსით იმყოფებოდნენ აქციაზე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები, რომლებიც ”რიგ შემთხვევაში აკავებდნენ აქციის მონაწილეებს.” ”უნდა დადგინდეს, არის თუ არა სახეზე კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაული,” ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალურ დაფასთან მოშიმშილე ვეტერანებს ადგილი პოლიციამ ორშაბათს ძალით დაატოვებინა. ვეტერანებმა გმირთა მოედანზე შიმშილობის აქცია 27 დეკემბერს დაიწყეს. მოშიმშილეები მძიმე სოციალურ პირობებს  და ხელისუფლების მხრიდან ”უყურადღებობას” აპროტესტებდნენ. 

კომენტარები