პოლიციამ ვეტერანების მხარდამჭერებს მემორიალთან აქციის გამართვის საშუალება არ მისცა

გმირთა მოედანზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მონაწილე ვეტერანთა მხარდამჭერი აქცია დასრულდა. აქციის ორგანიზატორების თქმით, გადაწყვეტილება ექსცესების თავიდან აცილების მიზნით მიიღეს. თუმცა, ვეტერანთა მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ”პოლიციის მიერ დარბეული ვეტერანების ღირსების აღსადგენად ბრძოლას მაინც განაგრძობენ.”

დემონსტრანტები აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალთან დღეს 15.00 საათზე შეიკრიბნენ. პოლიციამ აქციის მონაწილეებს მემორიალურ დაფასთან მიახლოების საშუალება არ მისცა და გმირთა მოედნისკენ გასასვლელი გზა ცოცხალი ჯაჭვით გადაკეტა.  გმირთა მოედანზე, მემორიალურ დაფასთან მოშიმშილე ვეტერანებს ადგილი პოლიციამ ორშაბათს ძალით დაატოვებინა. მოშიმშილეები მძიმე სოციალურ პირობებს  და ხელისუფლების მხრიდან ”უყურადღებობას” 27 დეკემბრიდან აპროტესტებდნენ.

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირების შემდეგ დაკავებული 11 ადამიანის სია გამოაქვეყნა. შსს-ს ცნობით, ისინი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისადმი დაუმორჩილებლობისა და პოლიციელებისთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო დააკავეს. სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულთაგან ორი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. დღესვე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყველა დაკავებულს 400 ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა. ისინი პატიმრობიდან უკვე გაათავისუფლეს.

ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა ვეტერანთა საპროტესტო აქციის დაშლის გამო ხელისუფლება და სამართალდამცავი ორგანოები გააკრიტიკა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ”პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების გადამეტებას.” საიამ შს მინისტრს და მთავარ პროკურატურას მიმართა. ”ვთხოვთ, დაიწყონ  გამოძიება და სისხლის სამართლის პასუხისმგებაში მიეცნენ ის პირები, რომლებმაც აქციის დაშლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს და რომლებიც აქციის დაშლაში მონაწილეობდნენ,” ნათქვამია მიმართვაში.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკას არ იზიარებენ და აცხადებენ, რომ მოშიმშილე ვეტერანები ქვეყნის სიმბოლიკებს ”შეურაცხყოფდნენ.” ”ბევრი ადამიანისთვის გმირთა მემორიალი ერთგვარი სალოცავი ადგილია. აქედან გამომდინარე, ქვეყნის სიმბოლიკისადმი უდიერი დამოკიდებულება ნებისმიერ საზოგადოებაში ქვეყნის შეურაცხყოფად აღიქმება,” განუცხადა სააგენტო ჯი-ეიჩ-ენ-ს ნაციონალური მოძრაობის წევრმა, პარლამენტარმა ზურაბ მელიქიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ნუგზარ წიკლაურმა აქციის მონაწილე ვეტერანები მორალისა და ეთიკის ნორმების დარღვევისთვის გააკრიტიკა. ”ვეტერანებს პროტესტის გამოხატვის უფლება აქვთ, თუმცა მემორიალის ანტისანიტარიის ბუდედ ქცევა მიუღებელია,” აღნიშნა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.

ამ დროისთვის გმირთა მოედანთან ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილი იმყოფება, ხოლო მემორიალურ დაფასთან კვლავ პოლიციის კორდონია მოწყობილი. 

კომენტარები