პოლიციამ გმირთა მოედანზე ვეტერანების აქცია დაშალა

გმირთა მოედანზე, აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალურ დაფასთან მოშიმშილე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტების მონაწილე ვეტერანებს ადგილი პოლიციამ დღეს ძალით დაატოვებინა. ამის შესახებ სააგენტო ინტერპრესნიუსი იუწყება. სააგენტოს ცნობით, პოლიციელებსა და ომის ვეტერანებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც სამართალდამცველებმა ერთ-ერთი ვეტერანის ახლობელ ქალბატონს შეურაცხყოფა მიაყენეს.

პარტია ”თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის ცნობით, სავარაუდოდ, დაკავებულია აქციის ხუთი მონაწილე.  მისი თქმით, მათი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.  სავარაუდოდ, მათი ნაწილი ნარკოლოგიურ, ნაწილი კი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. 

ოპოზიციის ნაწილმა მომხდარში პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაადანაშაულა. ზურაბ აბაშიძის თქმით, ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე სააკაშვილმა მემორიალთან გაიარა. ”როგორც ჩანს, მას არ მოეწონა ვეტერანების პროტესტი და მათი დარბევის ბრძანება გასცა, რითაც  მათი ისედაც შელახული ღირსება უფრო შელახა,” აღნიშნა მან. შსს-ს ინციდენტის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

ვეტერანებმა გმირთა მოედანზე შიმშილობის აქცია 27 დეკემბერს დაიწყეს. მოშიმშილეები მძიმე სოციალურ პირობებს  და ხელისუფლების მხრიდან ”უყურადღებობას” აპროტესტებდნენ. ამ დროისთვის აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალთან პოლიციის კორდონი დგას. 

კომენტარები