დღესასწაული – წარმართობიდან გლობალიზაციისკენ

დეკემბრის მიწურულს მსოფლიოს საზეიმო ციებ-ცხელება იპყრობს. ამ დროს გარემო უფრო მეგობრული და კეთილგანწყობილი ხდება. იკლებს თვითმკვლელობათა რიცხვი და დეპრესია. გაჩახჩახებული ქალაქები გრანდიოზული ფეიერვერკებისთვის ემზადებიან. მოზრდილები ფუსფუსებენ, ბავშვები კი ცდილობენ, კარგად მოიქცნენ. გარშემო ყველაფერი ჯადოსნური ხდება. ცოტაც და დაიჯერებთ, რომ ღამით ცაზე ირმებშებმული მარხილი გადაიფრენს. გვერდზე გადადეთ საქმეები: შობა-ახალი წელი მოდის.

უკვე ათასწლეულებია, ზამთრის პირველი თვე ზეიმისა და  საყოველთაო მხიარულების ხანაა. ყველამ იცის, რას გულისხმობს „შობა” – ამ დღეს ბეთლემში იესო დაიბადა. მაგრამ ცოტა თუ წარმოიდგენს, რომ უშუალოდ  დღესასწაული უფრო ძველიც კია, ვიდრე თავად ის ფაქტი, რასაც აღნიშნავს.

ქრისტესშობამდე დიდი ხნით ადრე, ჯერ კიდევ ძველ ბაბილონში, სპარსეთსა თუ ეგვიპტეში, წარმართული ხალხები ზამთარში მზის ღმერთებისადმი მიძღვნილ დღესასწაულებს ზეიმობდნენ. რომში დეკემბერი „სატურნალიას” ეძღვნებოდა, ნაყოფიერების ღმერთის, სატურნის პატივსაცემად. სახალხო ზეიმი მოიცავდა ნაბუნიობასაც, რომელიც, იულიანური კალენდრის მიხედვით, 25 დეკემბერს დგებოდა. ამ დროისთვის მოსავალი აღებული იყო და მონებსა თუ მათ პატრონებს აღარაფერი დარჩენოდათ სმა-ჭამის, ლოთური ორგიებისა და საყოველთაო მხიარულების გარდა. მოგვიანებით, როცა მისიონერებმა მოსახლეობის გასაქრისტიანებლად რომაულ სოფლებს მიაშურეს, აღმოაჩინეს, რომ უმრავლესობას სულაც არ სურდა საკუთარი წარმართული დღესასწაულების დათმობა. ამრიგად, იმპერატორ კონსტანტინე I-ის გადაწყვეტილება ერთდროულად პრაგმატულიც იყო და კოსმიურ სიმბოლიზმსაც ასახავდა – გავრცელებული მოსაზრებით, 25 დეკემბერი, როგორც ქრისტიანული დღესასწაული, სწორედ კონსტანტინე დიდის მმართველობის დროს, მეოთხე საუკუნეში დამკვიდრდა. თარიღი შეგნებულად აირჩიეს ისე, რომ თანაბრად მნიშვნელოვანი ყოფილიყო ყველა რელიგიური ჯგუფისთვის. წარმართულმა წარმოდგენებმა საკუთარი არსებობა ახლა უკვე ქრისტიანულ დღესასწაულში განაგრძეს. ამიტომაა, რომ მიუხედავად მისი ზედმიწევნით რელიგიური დატვირთვისა, ქრისტესშობის დღესასწაული არასოდეს ყოფილა მხოლოდ ეკლესიის საკუთრება.

წარმართული ფესვების გამოძახილმა და თანამედროვე მედიამ შობა თეატრალიზებულ საერო დღესასწაულად აქცია და დღესდღეობით ის გვევლინება, როგორც ჭეშმარიტად გლობალური დღესასწაული. მას აღნიშნავენ იმ ქვეყნებშიც, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა არაქრისტიანია. სანტა, ნაძვის ხე და საჩუქრები ისეთივე მიმზიდველი სადღესასწაულო ატრიბუტებია იაპონიასა და ინდოეთში, როგორც ქრისტიანულ კულტურებში. მორწმუნეები ჩივიან კიდეც, რომ ბოლო დროს ორსული მარიამის ქანდაკება მხოლოდ საშობაო დეკორაციად იქცა და სულ უფრო ნაკლები აქვს საერთო ბაგაში გამეფებულ თივის სურნელთან, სიმშვიდესა და სიმარტივესთან.

პრექრისტიანულ კულტურებში უნდა ვეძიოთ ახალი წლის დღესასწაულის ფესვებიც. მისი აღნიშვნის ყველაზე ძველ, 20-ზე მეტი საუკუნის წინანდელ ტრადიციას მესოპოტამიაში, შუმერების უძველეს ცივილიზაციაში ვხვდებით. ეგვიპტეში, ბაბილონსა და სპარსეთში წლის დადგომას გაზაფხულზე აღნიშნავდნენ, ძველ საბერძნეთში კი – ზამთარში. 1 იანვარი რომის იმპერატორმა, იულიუს კეისარმა აირჩია: ძველი წელთაღრიცხვით 46 წელს ორსახოვანი რომაელი ღმერთის, იანუარის, სახელობის თვე წლის დასაწყისად გამოცხადდა. მრავალი საუკუნე გავიდა, სანამ ამ თარიღს მსოფლიო აიტაცებდა. ევროპულმა ქვეყნებმა შუა საუკუნეებიდან დაიწყეს მისი დანერგვა და დღეს 1 იანვარს აღიარებენ, არა მხოლოდ გრიგორიანული, არამედ იულიანური კალენდრის მქონე ეკლესიები, რომლებიც შობას 7 იანვარს აღნიშნავენ. 1 იანვარს ზეიმობენ აზიის ის ქვეყნებიც, რომლებსაც ახალი წლის სხვა თარიღებიც აქვთ.

რელიგიური სენტიმენტების გარდა, არსებობს მრავალი ლამაზი ტრადიცია და სიმბოლო, რომელიც შობა-ახალი წლის დღესასწაულს საყოველთაო სიყვარულის, მოლოდინის და საზეიმო განწყობის საგნად აქცევს. ერთ-ერთი ასეთი, ყველაზე ცნობილი და მნიშვნელოვანი, სანტა კლაუსი გახლავთ: ჩამრგვალებული, თეთწვერა, მხიარული მოხუცი. სანტას პროტოტიპი წმინდა ნიკოლოზია – მეოთხე საუკუნის ქრისტიანი ეპისკოპოსი მცირე აზიიდან. სახელწოდება „სანტა კლაუსი” სწორედ  წმინდა ნიკოლოზის ჰოლანდიური სახელის, „Sinterklaas”-ისგან მოდის. გადმოცემები გვამცნობს, რომ იგი კეთილშობილი ადამიანი, ბავშვებისა და გაჭირვებულების შემწე იყო. ნიკოლოზის სახელობის დღეს, 6 დეკემბერს, ევროპელები საუკუნეების მანძილზე საჩუქრებითა და ქველმოქმედებით აღნიშნავდნენ. ბევრგან, განსაკუთრებით ბელგიასა და ჰოლანდიაში, სჯეროდათ, რომ დღესასწაულის გარიჟრაჟზე საეკლესიო სამოსში გამოწყობილი, თეთრ რაშზე ამხედრებული წმინდანი თვითონ ეშვებოდა მიწაზე და ბავშვებს სტუმრობდა. ლეგენდის თანახმად, საჩუქრებს მხოლოდ კარგი ყოფაქცევის ბავშვები იღებდნენ. ცუდი საქციელის ბავშვებს კი შავი პიტერი სჯიდა – ელფი, რომელიც წმინდა ნიკოლოზს ახლდა თან. მე-16 საუკუნეში, რეფორმაციის შემდგომ, დღესასწაული გაუქმდა და ჩრდილოეთ გერმანიაში ნიკოლოზის პერსონაჟი „ყრმა იესომ” ჩაანაცვლა. ამიერიდან ბავშვებისთვის საჩუქარი პატარა ქერათმიან ანგელოზს მოჰქონდა.

ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ წმინდა ნიკოლოზზე არსებული წარმოდგენის ფესვები პრექრისტიანულ ტრადიციებშია. თვალსაჩინო მსგავსებები იკვეთება სკანდინავიური მითოლოგიის ღვთაება ოდინთან. ნიკოლოზის მსგავსად, ოდინს გრძელი თეთრი წვერი ჰქონდა და ცის კამარაზე ცხენით გადაადგილდებოდა. მას ბავშვები შაქრით სავსე ფეხსაცმელს უტოვებდნენ, სანაცვლოდ კი საჩუქრებს ელოდნენ. ანალოგიურად, ნიკოლოზსაც ხვდებოდა ბუხართან ფეხსაცმელი.

თუმცა სტანდარტული, ჩრდილო პოლუსელი თუ ლაპლანდიელი სანტა თანამედროვე ეპოქის პირმშოა. ჯერ კიდევ ერთი საუკუნის წინ მას სხვადასხვა ზომებში, ფერებსა და ტანისამოსში გამოსახავდნენ. თანამედროვე სახით ის ნიუ იორკში მეოცე საუკუნის ოციან წლებში შეიქმნა, 30-იანი წლებისთვის კი უკვე მთავარი გმირი გახდა. მზარდ პოპულარობას სანტა კლაუსი დიდწილად კოკა-კოლას უნდა უმადლოდეს – გაზიანი სასმელების მწარმოებელ ფირმას გაყიდვების ზრდა სჭირდებოდა, სანტა კი სწორედ ის სახე აღმოჩნდა, რომელიც გამაგრილებელ სასმელს ზამთართან დააკავშირებდა. სარეკლამო სტრატეგია წარმატებული გამოდგა: წითელ ქურქში გამოწყობილმა, კოკა-კოლის ბოთლმომარჯვებულმა მომღიმარე ბაბუამ საბოლოოდ დააღწია თავი რელიგიურ პროტოტიპს და ყველაზე საერო, ყველაზე გლობალურ საახალწლო ბრენდად იქცა.

მალე ამერიკულმა სანტამ იმ ქვეყნებშიც ამოყო თავი, სადაც კონკურენციას ადგილობრივი კოლეგები უწევენ. ასეთი კი ცოტა არ არის. მაგალითად, საფრანგეთში ახალი წლის მთავარი პერსონაჟი პერ ნოელია, შვედეთში – იულ ტომტენი. რაც შეეხება სლავურ და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს, აქ სანტა კლაუსს სულ სხვა წარმოშობის თოვლის ბაბუა (პაპა) ხვდება. ეს რუსული „დედ მოროზია” და მისი შორეული ფესვები ყინვისა და ცუდი ამინდის სლავურ ღმერთს უკავშირდება. თოვლის ბაბუას თანამედროვე სახე მე-19 საუკუნიდან ითვლის ასაკს. ამ პერიოდისთვის რუსულენოვანმა ლიტერატურულმა ნაწარმოებებმა ბოროტი, ბავშვების გამტაცებელი მითიური პერსონაჟი გააკეთილშობილეს და დასავლური სანტას მსგავსად, საჩუქრების დარიგების ფუნქცია მიანიჭეს. თოვლის ბაბუას საბოლოო ჰაბიტუსი კი საბჭოთა კავშირში ჩამოყალიბდა. მისი, „სნეგუროჩკას” და საახალწლო ნაძვის ხის დაბრუნება იოსებ სტალინის სახელს უკავშირდება. სწორედ მან გააუქმა რუსეთის იმპერიის წმინდა სინოდის 1916 წლის აკრძალვა ნაძვის ხეზე, როგორც გერმანული წარმოშობის სიმბოლოზე. საბჭოთა კავშირში თოვლის პაპამ პირველად 1937 წელს შემოაბიჯა და მომდევნო წლებში საახალწლო ზეიმზე მისი ხილვა ნამდვილ პატივად იქცა სრულიად საბჭოთა კავშირის ბავშვებისთვის. სტალინის სურვილით, თოვლის ბაბუას ლურჯი ქურქი უნდა ცმოდა, რათა არავის არეოდა დასავლელ კოლეგაში. საბჭოთა რეჟისორებმა 30-იან წლებში საბოლოოდ დაასრულეს მისი სახე და „დედ მოროზმა” საბჭოთა რესპუბლიკების ტრადიციებში შეაბიჯა. ის გახდა ახალი წლის მთავარი მახარობელი. დღესასწაულის, რომელიც საბჭოთა ხალხს შობის ჩამნაცვლებლად მოევლინა.

ამრიგად, ევროპული წარმოშობის ნაძვის ხე და „ტრანსფორმირებული” თოვლის ბაბუა საქართველოში რუსეთიდან შემოვიდა და ძველ-ქართულ ტრადიციებთან აიდღვიბა. ეს ტრადიციები კი, ევროპულის მსგავსად, წარმართული გახლავთ. მეოთხე საუკუნემდე ახალი წლის აღნიშვნა ძველ საქართველოში მზის ღვთაების თაყვანისცემას ემსახურებოდა. მხოლოდ ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ მოხდა დღესასწაულის დაკავშირება წმინდა ბასილთან, მეოთხე საუკუნეში მოღვაწე კაპადოკიელ ეპისკოპოსთან. მისი ხსენების დღეს ეკლესია 1 იანვარს („ძველი სტილით” მოქმედი ეკლესიები, მათ შორის, ქართული – 14 იანვარს), ახალი წლის ღამეს აღნიშნავს. ასე გაჩნდა ქართულ საახალწლო სუფრაზე პურისგან გამომცხვარი „ბასილას” ქანდაკება, რომელმაც მისი წინამორბედი, მზის ღმერთის ქანდაკება წარმატებით ჩაანაცვლა. ქართველი ეთნოგრაფების აზრით, თავის დროზე წარმართულ ღმერთებს განასახიერებდა ჩიჩილაკიც – ცნობილი ეროვნული „ნაძვის ხე” – რომელიც თხილის ჯოხისგან მზადდება და განსაკუთრებით სამეგრელოსა და გურიაშია გავრცელებული. გაქრისტიანების კვალდაკვალ, ბროწეულითა და სხვა ხილით მორთული ჩიჩილაკიც წმინდანს დაუკავშირდა და ხის ბურბუშელისა და თეთრი წვერის ასოციაციის გამო, „ბასილის წვერი” ეწოდა. წმინდანმა შეითავსა მეკვლის ფუნქციაც, რაც დღემდე ესოდენ გავრცელებული და ჩაუნაცვლებელი ტრადიციაა მთელი საქართველოს მასშტაბით. თუ თუშეთსა და ხევსურეთში ახალ წელს ლუდითა და საქონლის გამოსახულებიანი კვერებით ეგებებოდნენ, „ბასილას” კულტი მყარად ფეხმოკიდებული იყო დასავლეთ საქართველოსა და ქართლში. გულზე ხელებგადაჯვარედინებულ ბასილას ამზადებდნენ სამცხე-ჯავახეთშიც. პოპულარობით წმინდანს არც ღორის თავის კულტი ჩამორჩებოდა, რომელსაც წარმართულ საქართველოში ახალი წლის სუფრაზე საპატიო „მოწმის” ადგილი ეჭირა. იმ დროისათვის, ღორის, როგორც საკრალური ცხოველის ჭამა, აკრძალული იყო. ტაბუ ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ აიხსნა და დღეს სრულიად საქართველო მადიანად მიირთმევს გოჭის ხორცს – ახალ წელს თუ არა, საშობაოდ და „ძველით-ახალი  წლისთვის” მაინც, როდესაც ხანგრძლივი მარხვა სრულდება.

წმინდა ბასილს განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ საბერძნეთშიც. ბერძენი ბავშვები საახალწლო საჩუქრებს სწორედ მისგან ელიან. ქართული „ბასილას კვერების” მსგავსად, ბერძნებსაც აქვთ „ბასილის ნამცხვარი”, გავრცელებული საახალწლო ნამცხვრის წინამორბედი.

დღეს შობა-ახალი წლის აღნიშვნის დასავლური სამყაროს წესი პოპ-კულტურაა, რომელიც, ფაქტობრივად, სტანდარტად დამკვიდრდა მსოფლიოს უდიდეს ნაწილში. მიუხედავად ამისა, სხვადასხვა ნაციების სარიტუალო წესები ორიგინალურობას კვლავ ინარჩუნებენ. მასშტაბური დღესასწაულის აღნიშვნა საინტერესოდ ასახავს განსხვავებული ხალხების წარმოდგენებსა თუ ხასიათს. ფერადი ბურთებითა და ნათურებით მორთული ნაძვის ხე თითქმის ყველგან გვხვდება, არც ინდაური და საოჯახო სადილია გამონაკლისი,  სამაგიეროდ, მრავალფეროვანია ტანისამოსი, საახალწლო კერძები თუ ცრურწმენები, რომელსაც საშობაო და საახალწლო ტრადიციებში ვხვდებით.

დღესასწაული არც უცნაური ჩვეულებების ნაკლებობას განიცდის. მაგალითად, რთული ასახსნელია, რატომ უყურებენ გერმანელები ახალი წლის ყოველ ღამეს ბრიტანულ შოუს „სადილი ერთისათვის”. გარდა ამისა, არის წესები, რომელთა ცოდნა გამოგადგებათ: თუ შემთხვევით ახალი წლის ღამეს იტალიის სამხრეთ ნაწილში აღმოჩნდებით, გარეთ გასვლას ნუ იჩქარებთ. ამ დროს ადამიანები ძველ ნივთებს თავიდან იშორებენ, რომ ახალ წელს მზად მყოფნი შეეგებონ. ძველმანებისგან გათავისუფლება კი, არც მეტი, არც ნაკლები, მათ ფანჯრიდან გადმოყრას გულისხმობს. რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ წითელი საცვალის ჩაცმა – იტალიელებს, ისევე როგორც მექსიკელებსა და ესპანელებს, სჯერათ, რომ ეს იღბლიანი წლის გარანტიაა. მსგავსი ჩვეულება სამხრეთ ამერიკის ქვეყნებშიც გვხვდება: ბოლივიაში, ეკვადორსა და ბრაზილიაში წითელი საცვალი მხურვალე სიყვარულის პოვნასთან ასოცირდება, ყვითელი კი გამდიდრებასთან.

ნივთების სროლა დანიაშიც უყვართ. უცნაური ტრადიციის მიმდევრები მთელი წლის განმავლობაში თეფშებს აგროვებენ, რომ ახალი წლის ღამეს მეგობრების სახლის კარს დაუშინონ.

ბრიტანეთში ჩვენთვის ესოდენ ნაცნობი მეკვლის ტრადიცია აქვთ. მამაკაცი მეკვლე იღბლის მომტანად ითვლება, წითელთმიანი ქალი კი – უბედობის. უძველესი ტრადიციის თანახმად, ნისლიან ალბიონზე საშობაოდ სახლს მარადმწვანე მცენარეებით, ფითრითა და ბაძგით რთავენ. შეყვარებულები შობის ღამეს ამ მცენარეების ქვეშ დგებიან და ერთმანთს კოცნიან – ითვლება, რომ ეს კარგის ნიშანია. ზოგადად, კოცნის ტრადიცია ფართოდაა გავრცელებული მსოფლიოს მასშტაბით, ისევე, როგორც სპირიტუალური მოქმედებები ავი სულების განსადევნად ან ბედის მოსაზიდად.

რაღა თქმა უნდა, შობა-ახალი წელი მნიშვნელოვანი სტიმულია ეკონომიკისთვის. ამ პერიოდში არნახულად იზრდება გაყიდვები, ისევე, როგორც ფასდაკლებები. მართალია, დასავლელ სასულიერო პირებს და მორწმუნეებს რელიგიური დღესასწაულის მსგავსი კომერციალიზაცია აშფოთებთ, მაგრამ, გასაგები მიზეზების გამო, არავის ძალუძს ჰოლივუდური პროდუქციის, სადღესასწაულო ნაწარმით გამალებული ვაჭრობისა და რეკლამის შეჩერება. შეშფოთების საბაბი ეკონომისტებსაც აქვთ: მათი თქმით, საშობაოდ ეკონომიკური დანაკარგები დიდია. ამას იწვევს განსხვავება იმ თანხებს შორის, რომელსაც მყიდველი იხდის საჩუქარში და რომელსაც საჩუქრის ადრესატი თავად გადაიხდიდა ამ ნივთში. გამოთვლებმა აჩვენა, რომ 2001 წელს აშშ-ის ეკონომიკას საჩუქრების ჩუქების ტრადიცია 4 მილიარდი დოლარის დანაკარგად დაუჯდა.

თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკის გულშემატკივრებმა საჩუქრების დარიგებისგან თავი შევიკავოთ, ან ამას მხოლოდ ფულადი სახე მივცეთ. ის პოზიტიური გავლენა, რასაც ადამიანებზე და საზოგადოებაზე საჩუქრების აღება-მიცემის პროცედურა ახდენს, საკმაოდ მნიშვნელოვანია და კვლევებიც ადასტურებს, რომ მიღებული საჩუქრის ფასი ადრესატისთვის ბევრად მაღალია, ვიდრე მისი რეალური ღირებულება.

ასე რომ, თამამად შევიძინოთ საჩუქრები, სადღესასწაულო განწყობას მოვუხმოთ და დაველოდოთ: ჯერ ახალ წელს, შემდეგ შობას. ხოლო ისინი, ვისაც მეტად გაუმართლა, ჯერ შობას შეხვდებიან ოჯახურ გარემოში, შემდეგ 2011 წლის დადგომას იდღესასწაულებენ ზღვა შამპანურით და ფეიერვერკით. ჩვენც ასე ვიზამთ. ოღონდ პირიქით.

კომენტარები