ნოღაიდელი თანაპარტიელებმა გადააყენეს

პარტია "სამართლიანი საქართველოსთვის" წევრებმა დღეს გამართულ რიგგარეშე ყრილობაზე ზურაბ ნოღაიდელი პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენეს. ყრილობის ოქმი ხვალ იუსტიციის სამინისტროს გადაეგზავნება, სადაც  მიღებული გადაწყვეტილებების რეგისტრაცია უნდა მოხდეს.

ყრილობის მონაწილეებმა  ზურაბ ნოღაიდელი პარტიის წევრების დისკრედიტაციაში დაადანაშაულეს. ყრილობის თავმჯდომარის, სერგო ჯავახიძის განცხადებით, იმის გამო, რომ თანაპარტიელებისთვის დაპირებული ხელფასები არ გადაეხადა, ნოღაიდელმა ისინი ”მოღალატეებად” გამოაცხადა.

კონფლიქტი ნოღაიდელსა და პარტიის წევრებს შორის რამდენიმე კვირის წინ გახდა საჯარო. ”სამართლიანი საქართველოს” პარტიის წევრები ერთმანეთს ”შსს აგენტს” და ”მოღალატეს” უწოდებდნენ. ყრილობამდე ერთი დღით ადრე, ნოღაიდელის მომხრე ჯგუფმა  იუსტიციის სამინისტროს წერილი გაუგზავნა. წერილში ისინი ითხოვდნენ, რომ სამინისტროს რეგისტრაციაში არ გაეტარებინა ადამიანთა ჯგუფის მიერ ”სამართლიანი საქართველოს” სახელით  შეტანილი განცხადება ყრილობის გამართვასთან დაკავშირებით, ვინაიდან ისინი ”არაუფლებამოსილი” პირები იყვნენ. 

ნოღაიდელთან დაპირისპირებულმა თანაპარტიელებმა კი ”სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერი ყრილობის ჩაშლის მიზნით პარტიის წევრების ნაწილის მოსყიდვაში დაადანაშაულეს. ნოღაიდელს, რომელიც ამჟამად მოსკოვში იმყოფება, პარტიის რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელთა უმრავლესობა დაუპირისპირდა. 

კომენტარები