თარგამაძე: სინოდის გადაწყვეტილება აფხაზეთის ”დამოუკიდებელი ეკლესიის” თემას წერტილს დაუსვამს

 წმინდა სინოდის  გუშინდელ გადაწყვეტილებას ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის კათალიკოს პატრიარქის დაქვემდებარებაში გადასვლის შესახებ დღეს პოლიტიკოსები და ექსპერტები გამოეხმაურნენ. პოლიტიკოსთა განცხადებით, ცხუმ -აფხაზეთის ეპარქიის ილია მეორის დაქვემდებარებაში გადასვლა  “უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

ქართველი პოლიტიკოსები აღნიშნავენ, რომ  სინოდის გადაწყვეტლება არის ”გზავნილი” ქრისტიანული სამყაროსადმი და  რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისადმი,  რომ საქართველოს ეკლესიისათვის ”აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია”.  ”ეს წერტილი დაუსვამს როგორც ე.წ. "აფხაზეთის დამოუკიდებელი ეკლესიის" აღიარების თემას, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული ტაძრებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმართ ვანდალიზმის გამოვლინების ფაქტებს,” - განაცხადა დღეს ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ. 

თარგამაძის აზრს იზიარებს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამიაც. ”მისი უწმინდესობის ტიტულატურაში, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტად მოხსენიება აბსოლუტური ჭეშმარიტებაა, რამეთუ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სამოციქულო ეკლესიის ერთიანობა ქართული სახელმწიფოებრიობის განუყოფელი ნაწილია, რაც საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებითა და საეკლესიო კანონმდებლობითაა გამყარებული,” ნათქვამია ბარამიას განცხადებაში. 

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი მიიჩნევს, რომ წმინდა სინოდის ეს გადაწყვეტილება აფხაზური მხარის გაღიზიანებას გამოიწვევს ”სწორედ იმიტომ, რომ  პატრიარქს უდიდესი ავტორიტეტი აქვს მთელს მსოფლიოში.” ”ამ ინიციატივაში აფხაზები წაიკითხავენ არა რელიგიურ და ეკლესიურ, არამედ პოლიტიკურ კონტექსტს და იტყვიან, რომ არასწორი მეთოდებია გამოყენებული და ამ ფორმით არ უნდა ველაპარაკებოდეთ,” აღნიშნა ზაქარეიშვილმა. 
 

კომენტარები