წმინდა სინოდის სხდომის არაოფიციალური შედეგები

თბილისში დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. მას  საქართველოში მყოფი ყველა ეპისკოპოსი და მთავარეპისკოპოსი ესწრებოდა. სხდომას, რომელიც სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა, ტრადიციულად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორე ხელმძღვანელობდა. ”ტაბულასთვის” ცნობილი გახდა, რომ  სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქმა ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლია თავად შეიერთა.

დღეიდან  ილია მეორე ”მცხეთა-თბილისის მთავარ ეპისკოპოსად და მიტროპოლიტად ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისად” იწოდება. აქამდე ეს მიტროპოლია ბიჭვინთისა და ცხუმ- აფხაზეთის, საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლს, მეუფე დანიელს  ეკუთვნოდა.  ასევე შეიქმნა ახალი -  მარტყოფი-გარდაბნის ეპარქია, რომელიც ეპისკოპოს იაკობ ცურტაველის დაქვემდებარებაში შევიდა. ამიერიდან, მეუფე იაკობი მარტყოფი-გარდაბნის ეპისკოპოსად იწოდება.  წმინდა სინოდმა ასევე იმსჯელა რეგიონებში მყოფი მღვდლებისთვის 300 ლარის ოდენობით ხელფასის დანიშვნის შესახებ.

”ტაბულას” ინფორმაციით, კრებას ასევე წარედგინა  წერილი, სადაც მღვდელ დავით ისაკაძეს ბრალი ედება სინოდის უწინდელი დადგენილების შეუსრულებლობაში. წერილის ავტორის თქმით, მამა დავითი კვლავ აგრძელებს წირვაზე ფსევდობიზანტიურ გალობას, რაც ეკლესიის ნების საწინააღმდეგოა.

სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა აღნიშნა, რომ სინოდის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ საპატრიარქოში სპეციალური განცხადება მოგვიანებით გაკეთდება. მან არ დააკონკრეტა, თუ   რა საკითხებზე იმსჯელეს დღეს წმინდა სინოდის სხდომაზე. სხდომაზე განხილული საკითხების დაკონკრეტებისგან თავი საპატრიარქომაც შეიკავა. საპატრიარქოს წარმომადგენლების თქმით,  სინოდის სხდომა  მიმდინარე საკითხებს შეეხო, ხოლო სხდომის ოფიციალური ოქმი  უახლეს პერიოდში გამოქვეყნდება.

წმინდა სინოდის სხდომა წელიწადში ორჯერ იმართება. საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, „საქართველოს ეკლესიაში უმაღლესი ხელისუფლება მოძღვრების, საეკლესიო მმართველობისა და საეკლესიო სასამართლოს სფეროებში, ანუ - საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება ეკუთვნის საქართველოს ეკლესიის საეკლესიო კრებას.”

კომენტარები