გაჩეჩილაძე-ბურჯანაძის დაპირისპირების ახალი დეტალები

გაზეთ ”ასავალ-დასავალში” რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ”ქართული პარტიის” ერთ-ერთი დამფუძნებლის, ლევან გაჩეჩილაძის შესახებ გასულ კვირას გამოქვეყნებულ მასალას გაგრძელება მოჰყვა.

გაზეთმა დღეს  პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ნინო ბუჯანაძის მეუღლის, სასაზღვრო უწყების ყოფილი უფროსის, ბარდი ბიწაძის აუდიო ჩანაწერების ტექსტი გამოაქვეყნა.  ბიწაძე ადასტურებს, რომ გაჩეჩილაძესა და ხელისუფლებას შორის გარიგება ნამდვილად შედგა.  მისი თქმით, გაჩეჩილაძემ 2008 წელს ოპოზიციის მიტინგის დასაშლელად ხელიუფლებისგან 2 მილიონი დოლარი ნამდვილად აიღო. გამოქვეყნებულ ჩანაწერში ბიწაძე ყვება, რომ  რომ გაჩეჩილაძემ ბურჯანაძეს მის პოლიტიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანების სანაცვლოდ 2 მილიონი დოლარი მოსთხოვა, რაზეც ბურჯანაძისგან უარი მიიღო. 

ლევან გაჩეჩილაძემ ბიწაძის განცხადებები უარყო და აღნიშნა, რომ ბურჯანაძის ოჯახი  მის წინააღმდეგ ”ბინძური და ავადმყოფური” მეთოდებით იბრძვის. ნინო ბურჯანაძეს ამ თემაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. მასა და გაჩეჩილაძეს შორის ტელედებატები კვირის ბოლოს გაიმართება. ამჟამად ბურჯანაძე მოსკოვში იმყოფება, სადაც ის ”პაკლონნაია გარაზე” ქუთაისში გასულ წელს აფეთქებული  მემორიალის ასლის პომპეზურ გახსნას დაესწრო .

რადიკალურ ოპოზიციაში  გაჩეჩილაძის "ქართულ პარტიასა" და ბურჯანაძის ”ეროვნულ კრებას” შორის დაპირისპირება  მას შემდეგ დაიწყო, რაც ”ქართული პარტიის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ახლადშექმნილ პარტიას სააკაშვილის ხელისუფლების ერთადერთი ალტერნატივა უწოდა, ხოლო  ნინო ბურჯანაძე ”პოლიტიკურ გვამად” მოიხსენია. 

კომენტარები