აშშ-ს ხელისუფლება კომპანია ბიპი-ს სასამართლოში უჩივლებს

აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ნავთობმომპოვებელ კომპანია ბიპი-ს და კიდევ რვა კომპანიას აპრილში მექსიკის ყურეში მომხდარი ეკოლოგიური კატასტროფის გამო სასამართლოში უჩივლებს. ქვეყნის ხელისუფლება ეკოლოგიური ზიანის, ეკონომიკური ზარალის და კატასტროფის ლიკვიდაციაზე დახარჯული თანხების ანაზღაურებას ითხოვს.

ევრონიუსის ცნობით, თუ დადასტურდება, რომ ნავთობმომპოვებელ ტანკერზე აფეთქება დაუდევრობის გამო მოხდა, ჯარიმის ოდენობამ შეიძლება 30 მილიარდ ევროს გადააჭარბოს. ”ეს ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა ეს არ არის უკანასკნელი ნაბიჯი,” განაცხადა გენერალურმა პროკურორმა ერიკ ჰოლდერმა ”ჩვენ ვაგრძელებთ როგორც სისხლის სამართლის, ასევე ადმინისტრაციულ გამოძიებას,” დასძინა მან. პროკურორის თქმით, გამოძიების მიმდინარეობისას, შეიძლება პასუხისმგებელი კომპანიების რაოდენობა გაიზარდოს.

20 აპრილს ბრიტიშ პეტროლიუმის ნავთობმომპოვებელ ტანკერზე მომხდარი აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, ოკეანეში კი 4.9 მილიონი ბარელი ნავთობი ჩაიღვარა. ექსპერტების თქმით, ეს აშშ-ს ისტორიაში უდიდესი ეკოლოგიური კატასტროფა იყო. 

კომენტარები