ჩინელი ინვესტორები ფოთის პორტის წილის შეძენას აპირებენ

ჩინელი ინვესტორები არაბულ დეველოპერულ კომპანია რაკიინთან ფოთის პორტის წილის შეძენის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ბლუმბერგი ავრცელებს. ეკონომიკის მინისტრზე, ვერა ქობალიაზე დაყრდნობით სააგენტო იუწყება, რომ ჩინელი ბიზნესმენები ფოთის პორტის მიმართ ”დიდ ინტერესს” იჩენენ. ”თუმცა ისინი არ არიან ერთადერთი, ვინც ამ კუთხით დაინტერესებას გამოთქვამს, ” აღნიშნა ქობალიამ. ეკონომიკის მინისტრმა ჩინელი ინვესტორების ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა, იუწყება ბლუმბერგი.

სააგენტოს ცნობით, კომპანია რაკიინის წარმომადგენლებმა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს. არაბთა გაერთიანებულ საემიროებში შეიხ საუდ ბინ საქრ ალ კასიმის მიერ დაფუძნებული კომპანია ფოთის პორტის აქციების 51 პროცენტს ფლობს. კომპანია პორტის ტერიტორიაზე თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას ავითარებს.  ნოემბერში რაკიინის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 2011 წელს კომპანია ფოთის პორტის წილის გაყიდვას აპირებს. 

კომენტარები