რომის ცენტრი დემონსტრანტებმა დაარბიეს

იტალიის დედაქალაქში მასობრივი დემონსტრაციები გრძელდება. გუშინდელი კენჭისყრის შემდეგ პრემიერ მინისტრის, სილვიო ბერლუსკონის  პოსტზე დარჩენით უკმაყოფილო დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის რომში შეტაკებები მოხდა. უცხოური მედიის ცნობით, დაკავებულია 40-ზე მეტი მომიტინგე. ათობით დემონსტრანტი და პოლიციელი კი სხვადასხვა სახის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პოლიცია შეტევაზე მას შემდეგ გადავიდა, რაც იტალიის პარლამენტის ქვედა პალატის გადაწყვეტილებით გაღიზიანებულმა მომიტინგეებმა გუშინ საღამოს პარლამენტის შენობაში შეჭრა დააპირეს. პეტარდებითა და კეტებით შეიარაღებულმა დემონსტრანტებმა, რომელთა უმრავლესობა სტუდენტები, ემიგრანტები და უმუშევრები იყვნენ, პოლიციის კორდონი გაარღვიეს და რომის ცენტრალური ქუჩები დაარბიეს. ამ დროისთვის იტალიის დედაქალაქის ცენტრში მაღაზიები და სხვა დაწესებულებები დაკეტილია.

სილვიო ბერლუსკონის ბედი გუშინ სამმა ხმამ გადაწყვიტა. პარლამენტის ქვედა პალატაში ბერლუსკონის მიმართ უნდობლობის ვოტუმის მიღებას 331-მა დეპუტატმა მისცა ხმა, 314-მა კანონმდებელმა კი მხარი პრემიერს დაუჭირა. მინისტრთა კაბინეტის მიმართ ნდობა ცოტა ხნით ადრე იტალიის სენატმაც გამოხატა:  308 სენატორიდან 162-მა მთავრობას დაუჭირა მხარი.

ოპოზიცია ბერლუსკონის ხშირი პირადი სკანდალებისა და კორუფციულ გარიგებებში შესაძლო მონაწილეობისთვის  აკრიტიკებს. ოპონენტები სკანდალურ პრემიერ მინისტრს ხმების მოსყიდვაშიც ადანაშაულებენ. 

კომენტარები