კომპანია დექსუსის ახალი პირობები

კომპანია დექსუსმა ექვსი პროექტის მშენებლობა განაახლა, მათ შორის სამი სახლი ახალ წლამდე დამთავრდება. კომპანიამ კლიენტებთან ახალი ხელშეკრულებების დადების პროცესი დაიწყო.

დექსუსი სამშენებლო კომპანია ცენტრ პოინტის 100%-ის მმართველია. ცენტრ პოინტსა და დექსუსს შორის არსებული ხელშეკრულების თანახმად, ამ უკანასკნელმა ცენტრ პოინტის მიერ დაწყებული ყველა პროექტის სამი წლის განმავლობაში დასრულების ვალდებულება აიღო.

კომპანია დექსუსს სულ 6200 კლიენტი ჰყავს. მათ ნახევარს თანხა სრულად აქვს დაფარული. ზოგიერთი ახალ აშენებულ ბინას უკვე ოთხი წელია, ელის.

დექსუსის გენერალური დირექტორი გიორგი ქანანაშვილი ამბობს, რომ ცენტრ პოინტთან გაფორმებული თითქმის ყველა ხელშეკრულება ორმხრივად დარღვეულია: ძველი ხელშეკრულება ადგენს, რომ თუ შეთანხმება დაირღვევა, მხარეები ახალ პირობებზე უნდა მორიგდნენ. დექსუსი ამ ეტაპზე კლიენტებთან სწორედ ამ ახალ პირობებს ათანხმებს.

ახალ ხელშეკრულებებში კლიენტთა ყველაზე მეტ უკმაყოფილებას იწვევს ამხანაგობებისთვის დამატებითი ღირებულების გადასახადის დაკისრება. ისინი ამბობენ, რომ ცენტრ პოინტის შეცდომებზე პასუხი მათ არ უნდა აგონ. დექსუსმა კომპანიის ძველი ვალდებულებები და პრობლემები დამოუკიდებლად და არა კლიენტის ხარჯზე უნდა მოაგვაროს. სოციალურ ქსელში (facebook) უკვე გაჩნდა დექსუსისა და ცენტრ პოინტის მიერ დაზარალებულ კლიენტთა კლუბის გვერდი, რომელიც ამ დრომდე 225 წევრს აერთიანებს. 

საპასუხოდ, კომპანია დექსუსი ამბობს, რომ კლიენტის ხარჯზე არაფერს აგვარებს. კომპანია ბინას მხოლოდ მათ გაუყიდის, ან იპოთეკით დაუტვირთავს, ვისაც თანხა სრულად დაფარული არ აქვთ. თანხის სრულად გადამხდელები კი ორ კატეგორიად იყოფიან: ვინც ბინა შეიძინა საბაზრო ღირებულების შესაბამის ფასად და ვინც ეს უფრო იაფად მოახერხა. თუ დექსუსი დაადგენს, რომ ფართში გადახდილია მის საბაზრო ღირებულებაზე ნაკლები, კომპანია კლიენტს ბინას აუშენებს, თუმცა მანამ არ გადაუფორმებს, სანამ დღგ-ს გადასახადს (18%) არ გადაიხდის. ქანანაშვილის თქმით, არაერთგვაროვანი რეაქციის მიუხედავად, ახალი ხელშეკრულებების გაფორმების სტატისტიკა საკმაოდ კარგია – კომპანიამ კლიენტთა 65%-ის ხელმოწერები შეაგროვა.

თუმცა, კლიენტთა ნაწილი სასამართლოში საჩივლელად მაინც ემზადება. კომპანია დექსუსი კი დეკემბრის შუა რიცხვებში ცენტრ პოინტის რეაბილიტაციის გეგმას წარადგენს. რა ფორმით ადგენს კომპანია ფართის საბაზრო ღირებულებას და ითვალისწინებს თუ არა იმ პერიოდს, როცა ხელშეკრულება პირველად გაფორმდა, სხვა დეტალებთან ერთად, 17 დეკემბერს გახდება ცნობილი.

კომენტარები