მსუბუქი ეროტიკა როკით, როკვით და პოეზიით

8 დეკემბერს, Rock-club-ში, ამავე კლუბისა და ელექტრონულ ბიბლიოთეკა lib.ge-ს მორიგი არტ-საღამო გაიმართა. ამჯერად დებიუტის დღე იყო.

დებიუტანტი ლუბა კილაძე (იგივე მილედი ლუბა), საკუთარი ვიდეონამუშევრის ფონზე, რომელშიც თვითონვე მონაწილეობდა, ლექსებს კითხულობდა. პოეზიაში სენტიმენტალური, ინფანტილური განწყობები იგრძნობოდა, ვიზუალური ნამუშევარი კი უფრო თანამედროვე და პროვოკაციული გახლდათ. დარბაზი სავსე იყო. დამსწრეთათვის, ის მსუბუქი ეროტიკა, რომელიც ვიდეოპერფორმანსში იყო წარმოდგენელი, საკმარისი აღმოჩნდა; იქაურობა ვნებიანი ამოძახილებით აივსო. ერთი-ორი დამსწრე გულზე მჯიღის ბრახუნითაც კი გამოირჩა.

ღონისძიების მეორე ნაწილში მაყურებლის წინაშე მომღერალი ვალერი ხაჩიძე და ჯგუფი მონოპლანი საკუთარი კომპოზიციებით წარსდგნენ. მათ ჯერ ორი ლეგენდარული კაცის, ჯონ ლენონის გარდაცვალების და ჯიმ მორისონის დაბადების დღეს მიაგეს პატივი, მერე კი პროგრამა დაიწყეს. კონცერტზე ჯგუფის ძველი და ახალი ნამუშევრები გაჟღერდა, საინტერესო იყო როკ-თემატიკაში საქსაფონის ორიგინალური ჩართვა.

Lib.ge-სა და Rock-club-ის ერთობლივი საღამოები ყოველ კვირას იმართება — ოთხშაბათობით დებიუტის დღეა, ხუთშაბათობით კი სცენა ცნობილ ავტორებს ეთმობა.

კომენტარები