იდეალური

გასულ კვირას ლონდონში ეი-ტი-პი-ს (პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაცია) წლის შემაჯამებელი საჩოგბურთო ტურნირი დასრულდა: შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა სამ სეტში – 6:3, 3:6, 6:1 – დაამარცხა მსოფლიოს პირველი ჩოგანი ესპანელი რაფაელ ნადალი.

დაღლილი? არა, დაღლა არაფერ შუაშია – მარცხს ამას ვერ დავაბრალებ. უბრალოდ, დღეს როჯერმა იდეალურად ითამაშა, ასეთ დროს კი მისი დამარცხება შეუძლებელია. არ მეთანხმებით? – რაფაელ ნადალი პირველი წარდგა ჟურნალისტების წინაშე.
 
მსოფლიოს პირველ ჩოგანს, რომელმაც წლეულს 7 ტიტული მოიპოვა, არასდროს მოუგია ეს შეჯიბრება. და საერთოდ, მან შემაჯამებელი რვაკაცა ტურნირის ფინალში პირველად მხოლოდ წლეულს ითამაშა...
 
ესპანელის შემდეგ შვეიცარიელი მაესტროს დროც მოვიდა – ტრიუმფატორმა დაახლოებით ნახევარი საათი დაუთმო პრესას, მერე კი მთავარი პრიზი აიღო და მეუღლე მიროსლავასთან ერთად სასტუმროში დაბრუნდა. იქ მას მშობლები, და და მეგობრები ელოდნენ.
 
ფინალში ფედერერმა მართლა იდეალურად ითამაშა, ისე, როგორც სამი-ოთხი წლის წინ, როცა ათი თავით მაღლა იდგა კონკურენტებზე. მით უფრო შთამბეჭდავი იყო შვეიცარიელი მსოფლიოს პირველი ჩოგნის ფონზე – რაფაელ ნადალმა წლეულს დიდი მუზარადის სამი ტურნირი მოიგო (როლან გარო, უიმბლდონი, აშშ-ს ღია პირველობა) და ლონდონშიც ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ ოცნება რეალობად ვერ აქცია.
 
პირველ სეტში ფედერერმა ერთხელ მოიგო ესპანელის მოწოდება და სეტიც თავის სასარგებლოდ დაასრულა, მეორეში ნადალმა იმარჯვა, მესამე და გადამწყვეტ სეტში კი ესპანელმა მეტოქეს ვეღარ გაუძლო: 6:1.
 
როჯერ ფედერერი და რაფაელ ნადალი 22-ედ შეხვდნენ ერთმანეთს. ჯერჯერობით, ესპანელი ლიდერობს 14:8, თუმცა წლის შემაჯამებელ ტურნირში მათი სამი პაექრობიდან ყველა ფედერერის სასარგებლოდ დასრულდა. ამავდროულად, მაგარ საფარზეც შვეიცარიელია წინ – 4:3.
თითქმის უნაკლო მოწოდება, უშეცდომო თამაში ბადესთან, არაერთი ულამაზესი კომბინაცია – სწორედ ესაა შვეიცარიელის წარმატების საიდუმლო.
ლონდონში ის შეუდარებელი იყო და ამის დასტურია ისიც, რომ ფედერერმა პირველი ხუთეულის ოთხივე წევრს აჯობა. ნადალამდე მან ჯგუფში შოტლანდიელ ენდი მარეის (5) და შვედ რობინ სოდერლინგს (4) (ასევე მეშვიდე ჩოგან ესპანელ დავიდ ფერერს) მოუგო, ნახევარფინალში კი ეი-ტი-პი-ს რეიტინგში მესამე ადგილზე მყოფ სერბს ნოვაკ ჯოკივიჩს.
 
ფედერერმა მეხუთედ მოიგო მსოფლიოს არაოფიციალური ჩემპიონატი. აქამდე მან 2003, 2004, 2006 და 2007 წლებში იმარჯვა.
ესეც დიადი შვეიცარიელის კიდევ ერთი რეკორდი, თუმცა, საზიარო: წლის შემაჯამებელი ხუთჯერ მის გარდა ჩეხ ივან ლენდლს (1981, 1982, 1985, 1986, 1987) და ამერიკელ პიტ სამპრასს (1991, 1994, 1996, 1997, 1999) მოუგიათ.
 
წლეულს შვეიცარიელმა სამპრასს კიდევ ერთი მიღწევით გადაასწრო: ლონდონში კარიერაში 66-ე ტიტული მიითვალა, ამერიკელი კი დიდი ჩოგბურთიდან 64 გამარჯვებით წავიდა. ამ მხრივ ფედერერი მხოლოდ ჯიმი კონორსს (109 მთავარი პრიზი), ივან ლენდლს (94) და ჯონ მაკინროის (77) ჩამორჩება.
 
ლონდონში ტრიუმფით როჯერ ფედერერმა 1500 სარეიტინგო ქულა მიიღო, თუმცა 2010 წელი მაინც მეორე ჩოგნად დაასრულა. ასეთი რამ პირველად 2008 წელს მოხდა. შვეიცარიელ მაესტროს მაშინაც ნადალმა აჯობა. სამაგიეროდ, ესპანეთის ყველაზე პოპულარულმა სპორტულმა გაზეთმა მარკამ განვლილი ათწლეულის მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელად როჯერ ფედერერი აღიარა.
 
ფედერერ-ნადალის პაექრობას გულშემატკივრები ახალ წლამდე კიდევ ორჯერ იხილავენ, თუმცა ისინი საჩვენებელ მატჩებში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს: 21 დეკემბერს შვეიცარიის ქალაქ ციურიხში, 22-ში კი ესპანეთის დედაქალაქში

კომენტარები