როტაცია დიპლომატიურ კორპუსში

საქართველოს 11 ახალი ელჩი ეყოლება. მათი კანდიდატურები პარლამენტს დასამტკიცებლად უკვე წარუდგინეს. 

მეზობელი ქვეყნებიდან ახალ ელჩებს საქართველო სომხეთსა და აზერბაიჯანში გაგზავნის. სომხეთში საქართველოს ელჩობის კანდიდატი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი თენგიზ შარმანაშვილია. ის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი იყო და ახალი კონსტიტუციის საბაზისო პროექტის თანაავტორია. აზერბაიჯანში ელჩობაზე თეიმურაზ შარაშენიძის კანდიდატურაა წარდგენილი. იგი ამჟამად  სტამბოლშია საქართველოს კონსული. 
 
საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს ევროსაბჭოში, ზურაბ ჭიაბერაშვილს, მისივე მოადგილე და ამჟამინდელი დესპანი მამუკა ჟღენტი ჩაანაცვლებს. თავად ჭიაბერაშვილი კი შვეიცარიაში საქართველოს ელჩობაზეა წარდგენილი. იგი  ჟენევაში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობასაც შეითავსებს. ახლანდელი ელჩი შვეიცარიაში, გიორგი გორგილაძე, კი, სავარაუდოდ, პორტუგალიაში გადავა. 
 
პოლონეთში ელჩობის კანდიდატი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილია, საქართველოს ელჩი სლოვენიასა და სლოვაკეთში. მის ადგილს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვი დაიკავებს. პოლონეთში საქართველოს ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე კი შვედეთში გადაინაცვლებს. 
ბრაზილიაში ელჩად საგარეო საქმეთა სამინისტროში ამერიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ოთარ ბერძენიშვილი წარადგინეს. მექსიკაში კი – მალხაზ მიქელაძე. ის აშშ-ში საქართველოს საელჩოში მუშაობდა. 
 
ეგვიპტეში მომავალ ელჩად – ქუვეითში, ბაჰრეინსა და ყატარში საქართველოს საკონსულოს თანამშრომელი – არჩილ ძულიაშვილი მოიაზრება. 

კომენტარები