იდეალური ჩოგბურთელი

თითო მერი შელი სპორტის ყველა სახეობას უნდა ჰყავდეს. ფრანკენშტეინის სკალპელს დღეს იდეალური ჩოგბურთელის შესაქმნელად გამოვიყენებთ  და არსენალში მხოლოდ მოქმედი მოთამაშეების  კომპონენტებს ჩავრთავთ.

 

სემ ქუერის მოწოდება

ამერიკელი ჯონ ისნერზე ნაკლებ ეისს აწვდის. სემ ქუერის მოწოდების დროს რადარზე თითქმის არ ფიქსირდება 230 კილომეტრი/საათში (როგორც ამას ენდი როდიკი აკეთებს). ქუერი ბრეიკ პოინტებს უფრო კომპლექსური ჩოგბურთით და არა მხოლოდ მოწოდებით  იღებს. და სემ ქუერის მაინც საუკეთესო მოწოდება აქვს.

სემი მოწოდების დროს ისეთივე ელეგანტურია, როგორც მიხაელ შტიხი და მეორე მოწოდების დროს რისკავს. ქუერი ორმაგებსაც დიდი დოზით აგროვებს, მაგრამ მოწოდება მაინც საუკეთესო აქვს.

როჯერ ფედერერის ტვინი

ფედერერი იდეალურად კითხულობს თამაშს. სრულყოფილ ჩოგბურთელთან ყველაზე ახლოს ფედერერია და როჯერი ოპონენტებს მათივე კოზირებით უგებს. როდიკთან მის ანგარიშზე უფრო მეტი ეისი და ნაკლები ორმაგია. აგასისთან ფედერერი ფორჰენდით იგებდა და თამაშის ტემპსაც ანდრეზე ხშირად ცვლიდა. ნოვაკ ჯოკოვიჩთან როჯერი შემოკლებულების მთელი კასკადით ამტვრევს სერბს და როცა უნდა მოუგოს, მაშინ სულ უგებს. ენდი მარეის კი ინტელექტით უგვარებს ყველაფერს და სქოთი ამის გამო უფრო უზრდელი და უმიზეზოდ ამბიციური ხდება.

მოკლედ, როჯერი გენიოსია.

ხუან მარტინ დელ პოტროს ფორჰენდი

წელს პრო ტურს თავისი მუღამი აკლდა. უმძიმესი ტრავმის გამო ვერ ითამაშა არგენტინელმა ხუან მარტინ დელ პოტრომ და ფედერერსაც თავისი (ასაკით) პატარა ძმაკაცი მოენატრა.

დელ პოტროს ფორჰენდი უფრო სწრაფია, ვიდრე ნიკოლაი დავიდენკოს მოწოდება და უფრო სტაბილური, ვიდრე – ენდი როდიკის ფსიქიკა. დელ პოტრომ ამერიკაში პირველი მეიჯორი მოიგო და ეგრევე დაიმტვრა. არგენტინელი თებერვალში დაბრუნდება.

რაფაელ ნადალის ბექჰენდი

ესპანელი მიღებაზე თითქმის აგასია და უფრო სტაბილურია, ვიდრე ევგენი კაფელნიკოვი. ბოლო დეკადის ორი უდიდესი მიმღების ფონზე, ესპანელი იდეალურად იყენებს ბექჰენდს და არ ცდილობს, რაც შეიძლება ხშირად, ცაცია ფორჰენდით დააბრუნოს ბურთი.

ნადალი უნივერსალია და ბექჰენდით, ელეგანტური აბრაგნის დროსაც ისეთივე არაპროგნოზირებადი და სახიფათოა, როგორც ძალისმიერი მიღების დროს.

როჯერ ფედერერის შემოკლებული

წინა გენერაციაში ყველაზე კარგი შემოკლებული მარსელო რიოსს ჰქონდა, მანამდე კი ამ კომპონენტში ყველაზე კარგი ივან ლენდლი იყო.

ფედერერის შემოკლებული იშვიათი, მაგრამ თითქმის იდეალურია. როჯერმა შარშანდელი უიმბლდონის ფინალში როდიკს მოწოდებით და შემოკლებულით აჯობა და იდეალურ სპრინტერს, რაფაელ ნადალსაც ხშირად ამით უგებს.

მარდი ფიშის ბადესთან თამაში

პატრიკ რაფტერამდე ფიშს ბევრი უკლია, მაგრამ უკანა ხაზზე გაქვავებული ჩოგბურთის ეპოქაში, ამერიკელი მაინც გამორჩეული პერსონაჟია.

მარდი სულ ბადესთან გარბის. პირველი მოწოდების დროს, მეორე მოწოდების დროს, საკუთარი თუ ოპონენტის შემოკლებულზე – ფიში ბადესთან არის.

ამერიკელმა წელს, კარიერაში საუკეთესო სეზონი ჩაატარა, ბლომად ქულები აიღო და   საბანკო ანგარიშიც დაიმძიმა. კარგ მოწოდებასთან ერთად, მარდის ამაში ბადესთან ხშირი, მომენტებში ფორსირებული და კარგი თამაში დაეხმარა.

კომენტარები