საქართველოს საკითხი ეუთოს სამიტზე

ეუთოს ასტანის სამიტზე დასავლელმა ლიდერებმა საქართველოში ეუთოს მისიის საქმიანობის განახლებას, ასევე ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას დაუჭირეს მხარი და მოსკოვისაგან 2008 წლის სამშვიდობო შეთანხმების სრულად შესრულება მოითხოვეს. ევროპელი ლიდერები ასევე საქართველოს პრეზიდენტის ახალ სამშვიდობო ინიციატივას მიესალმნენ, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გააჟღერა.

საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენაზე აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმაც ისაუბრა. „აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ყველამ, ვინც ამ დარბაზში ვიმყოფებით, ეუთოს მნიშვნელოვან როლს, საქართველოში მისი ყოფნის აღდგენას, უნდა შევუწყოთ ხელი“, — განაცხადა კლინტონმა. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა ძალის გამოუყენებლობის პირობა დადო, რაც „დიპლომატიურ ურთიერთობებს ახალ საფუძველს შეუქმნის“.

ქართულ ინიციატივას ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამიტზე გამოსვლისას ევროკავშირის პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ფიიონი და დიდი ბრიტანეთის ვიცე-პრემიერი ნიკ კლეგი მიესალმნენ.  საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას თავის საჯარო გამოსვლაში მხარი გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმაც დაუჭირა.

ასტანაში ეუთოს წევრები უსაფრთხოებისა და მოუგვარებელი  კონფლიქტების საკითებს განიხილავენ, რაც სამიტის დასკვნით  დეკლარაციაში აისახება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ქართული დელეგაცია დოკუმენტს მხარს არ დაუჭერს, თუ მასში საქართველოს ინტერესების ამსახველი ფორმულირება არ მოხვდება.

თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთი მხარს არ დაუჭერს ფორმულირებას „საქართველოში კონფლიქტების შესახებ“. სერგეი ლავროვის თქმით, „საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე ძველ საზღვრებში საუბარიც ზედმეტია“. რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ასტანის სამიტი დაგეგმილზე ადრე დატოვა. მანამდე კი მან თავის გამოსვლაში ეუთოს რეფორმირების აუცილებლობაზე ისაუბრა.

საქართველოს პრეზიდენტმა სამიტზე გამოსვლისას ეუთოს წევრ სახელმწიფოებს ე.წ. გაყინული კონფლიქტების მოგვარების პროცესში გააქტიურებისკენ მოუწოდა. მან კვლავ დაადასტურა საკუთარი სამშვიდობო ინიციატივის პრინციპები და რუსეთი საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა.

 ყაზახეთის დედაქალაქში სახელმწიფოს მეთაურები და მაღალი რანგის დიპლომატები ეუთოს 56 წევრი ქვეყნიდან შეიკრიბნენ. ეს ამ ტიპის პირველი შეხვედრაა სტამბულის 1999 წლის სამიტის შემდეგ.

კომენტარები