Wikileaks: აშშ-ის დიპლომატების საიდუმლო მიმოწერა მსოფლიო პოლიტიკის შესახებ

Wikileaks-მა კვირას ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატების საიდუმლო მიმოწერები გამოაქვეყნა.  New-York Times-ის, The Guardian-ის, Le Monde-ის, El Pais-ისა და Spiegel-ის საშუალებით გამოქვეყნებულია 220 საიდუმლო დოკუმენტი. საერთო ჯამში ორგანიზაცია 251,287 დოკუმენტს ფლობს. აშშ-მა აღნიშნული საიდუმლო მიმოწერის გამოქვეყნება დაგმო და განაცხადა, რომ ის საფრთხეს უქმნის აშშ-ის დიპლომატებს. დიპლომატიური წერილებიდან არცერთი არ არის კლასიფიცირებული როგორც ”სრულიად გასაიდუმლოებული”, 15,652 კლასიფიცირებულია როგორც ”საიდუმლო”, 101,748 — ”კონფიდენციალური” და 133,887 კი კლასიფიცირებული არ არის.

წერილებში არამხოლოდ განხილულია ისეთი საკითხები როგორიცაა ირანი, გაერო, ერაყის ომი, აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომი, არაბული ქვეყნების დამოკიდებულება ირანის ბირთვული პროგრამის მიმართ და რუსეთთან ურთიერთობა, არამედ მათში მსოფლიოს ზოგიერთი ლიდერი არაპოლიტკორექტულად არის დახასიათებული.

მსოფლიოს ლიდერები

დიპლომატების წერილები შეიცავს კომენტარებს მსოფლიოს ლიდერების შესახებ. იტალიის პრემიერ მინისტრი სილვიო ბერლუსკონი მოხსენიებულია როგორც ”თვითდაჯერებული და არაეფექტური ევროპელი ლიდერი”. ანგელა მერკელს დიპლომატები ”ნაკლებრისკიან და იშვიათად კრეატიულ” ადამიანად აღწერენ. ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი კი, როგორც ჩანს, ყოველთვის თავის ქერა უკრაინელ ექთანთან ერთად მოგზაურობს.

რუსეთის პრეზიდენტს ამერიკელი დიპლომატები რობინს, ხოლო პრემიერ მინისტრ პუტინს ბეტმენს უწოდებენ. ამასთან, საიდუმლო წერილები რუსეთის მთავრობის წევრების ორგანიზებულ დანაშაულთან კავშირსაც ეხება.

კიმ ჩენ ირი დახასიათებულია როგორც ”დაჩაჩანაკებული მოხუცი”, ხოლო ირანის პრეზიდენტ აჰმადინეჯადს ჰიტლერს უწოდებენ.

რუსეთში ამერიკის საელჩოდან გამოგზავნილ დიპლომატიურ წერილებში ნახსენებია ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვიც. დიპლომატი იუწყება, რომ კადიროვი თავის ,,ჯართან’’ ერთად ერთ-ერთ ქორწილში მივიდა, სადაც საცეკვაო სცენაზე ასდოლარიან კუპიურებს ისროდა. დიპლომატის ცნობით, მოცეკვავეებმა 5000-მდე დოლარი მაინც აიღეს იატაკიდან. ამასთან, კადიროვმა ახალდაქორწინებულებს 5 კილოგრამი ოქრო აჩუქა.

ახლო აღმოსავლეთი

საიდუმლო დოკუმენტები შეიცავს არაბი ლიდერების გამონათქვამებს ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ. 2008 წლის აპრილის წერილში ამერიკის ელჩი ვაშინგტონს წერს აშშ-ში საუდის არაბეთის ელჩი  მეფე აბდულას ნათქვამს იმეორებს, რომ საჭიროა ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერება. მეფე აშშ-ს ”გველისთვის თავის მოჭრას” სთხოვს.

ბაჰრეინის მეფე ჰამად ბინ ისა ალ ხალიფა აშშ-ის გენერალ დევიდ პეტრეუსთან შეხვედრისას აშშ ირანის ბირთვული პროგრამის ”ნებისმიერი საჭირო გზით შეჩერებას” სთხოვს. აბუ დაბის შეიხი მუჰამედ ბინ ზაიდი კი ამერიკელ დიპლომატს ეუბნება, რომ ირანი არაბულ ქვეყნებს ”ომისკენ მიაქანებს”.

საიდუმლო წერილებში ხშირია საუბარი ირანის მიერ ჩრდილოეთ კორეისაგან სარაკეტო სისტემების შეძენაზე.

დოკუმენტებიდან ცნობილი ხდება ავღანეთის მთავრობის კორუმპირებულობის შესახებაც: ავღანეთის ვიცეპრეზიდენტს გაერთიანებულ არაბულ ემირატებში მგზავრობისას 57 მილიონი დოლარი ნაღდი ფული ჰქონდა თან. ამ ფულის დანიშნულება დაუდგენელი დარჩა.

კორეა და ჩინეთი

წერილებიდან ცნობილი ხდება, რომ ამერიკელი და სამხრეთ კორეელი პოლიტიკოსები კორეის გაერთიანებაზე საუბრობდნენ. გაერთიანება, პოლიტიკოსების აზრით, ჩრდილოეთ კორეაში პოლიტიკური ცვლილებების პირობებში შესაძლებელი იქნება. ამასთანავე, ამერიკელი დიპლომატი ვაშინგტონს აუწყებს, რომ სამხრეთი კორეა მზად არის ჩინეთს ფული გადაუხადოს, რათა ამ უკანასკნელმა ”აღარ ინერვიულოს” გაერთიანებული კორეის გამო.

დოკუმენტებიში ნახსენებია ისიც, რომ ჩინეთი რამდენჯერმე შეიჭრა კომპანია Google-ს კომპიუტერულ სისტემაში და 2002 წლიდან მრავალჯერადი კიბერშეტევა მოახდინა აშშ-ისა და სხვა დასავლური ქვეყნების სამთავრობო კომპიუტერებზე, აგრეთვე დალაი ლამას ელ-ფოსტაზე.

აშშ და გაერო

ჰილარი კლინტონის სახელით გაგზავნილი წერილი ამერიკელ დიპლომატებს გაეროს ოფიციალურ პირებზე, გენერალური მდივნის დამხმარეებისა და სხვა ხელმძღვანელი პირების  ბიომეტრიული (თითის ანაბეჭდები, დეენემისა და თვალის გუგის მონაცემები) და ბიოგრაფიული ინფორმაციას შეგროვებას სთხოვდა. დიპლომატებს აგრეთვე სთხოვენ საკრედიტო ბარათების, კომპიუტერების პაროლების, ელფოსტებისა და გაეროს კომპიუტერული სისტემის მონაცემების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას.

დოკუმენტები ასევე აჩვენებს, რომ ამერიკელი პოლიტიკოსები სლოვენიელ პოლიტიკოსებს აიძულებდნენ გუნტანამოს პატიმრები მიეღოთ. თანხმობის შემთხვევაში მათ ბარაქ ობამასთან შეხვედრის შანსს აძლევდნენ.

 

Wikileaks-ი აპირებს დანარჩენი დოკუმენტები უახლოეს მომავალში გამოაქვეყნოს. აშშ-მა მრავალჯერ დაგმო ორგანიზაცია საიდუმლო საბუთების გავრცელების გამო. წარსულში ორგანიზაციამ გაავრცელა დოკუმენტები ერაყისა და ავღანეთის ომის შესახებ. დიპლომატების წერილების გამოქვეყნებამდე აშშ-მა გააფრთხილა თავისი პარტნიორი ქვეყნები. ირანის პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ ეს დოკუმენტები ირანის წინააღმდეგ მიმართული ფსიქოლოგიური ომის ნაწილია და ის ქვეყნის მეზობლებთან ურთიერთობაზე გავლენას არ იქონიებს. ერთ-ერთი რესპუბლიკელი კონგრესმენი Wikileaks-ის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას მოითხოვს. 

კომენტარები