ვლადე დივაცის Mission Possible

თბილისში ერთი დღით ვლადე დივაცი ჩამოვიდა. აეროპორტის VIP-ში მსოფლიოს და ევროპის ორგზის ჩემპიონს და ყველა დროის ერთ-ერთ წონად ევროპელ კალათბურთელს ათამდე დამხვედრი ჰყავდა. მათ შორის იყვნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებიც. ვლადე, რომელიც (2009-დან) სერბეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტია, ჩვენთან მნიშვნელოვანი მისიით ჩამოფრინდა: 2015-ში გაიმართება ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი. ამ ლამაზი ღონისძიების მასპინძელი 27 ნოემბერს, ბელგრადში გაირკვევა. ფინალში თბილისი და ბრნო გავიდნენ. 

დივაცს არჩევნებზე ერთი ხმა ექნება, მაგრამ ვლადე სპორტულ გალაქტიკაში დიდი პერსონაა და იმ ერთი ხმის გარეშეც, თბილისისთვის დიდი დახმარების გაწევა შეუძლია. დივაცმა დაათვალიერა ოთხი სპორტული ობიექტი, სეოკ-ის პრეზიდენტისგან, გია ნაცვლიშვილისგან აუცილებელი გარანტიები მიიღო და დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ჩვენთან სასაუბროდაც მოიცალა. 

 
ვლადე დივაცი: თბილისს და ბრნოს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის თანაბარი შანსები აქვთ. თბილისის დათვალიერებას ვერ მოვასწრებ, მაგრამ რაც ვნახე, ყველაფერი მომეწონა. თანამედროვე შენობები, ლამაზი და არასტანდარტული ადგილები, უამრავი ისტორიული ძეგლი... თბილისი და საქართველო სერბეთს მაგონებს. საქართველომ და სერბეთმა რთული პერიოდი გამოიარეს და იმედი მაქვს, ყველაფერი ცუდი უკვე წარსულშია. საქართველო სწრაფად პროგრესირებადი ქვეყანაა და თქვენი  მეგობარი, გულშემატკივარი ვარ. გამიხარდება, 27 ნოემბერს თბილისმა რომ მოიგოს. უბრალოდ, პროგნოზის გაკეთება არ მინდა. 27 ნოემბერს დაველოდოთ. ყველაფერია შესაძლებელი.

 კარგ ფორმაში ხართ. როგორც ვიცი, ხშირად ვეტერანების ტურნირებში მონაწილეობთ.

ბიჭები ხანდახან ვერთობით. ორი კვირის წინ მეგობართან დარჩენა მომიწია.  ყველაზე ადრე მე გამეღვიძა, გავედი ეზოში და იქვე, ჭიშკართან კალათბურთის მოედანი დავინახე. თამაშს ნამდვილად არ ვაპირებდი, ისე, გავედი ეზოდან და ფართან დავდექი. რამდენიმე წუთში მოდის ორი ბავშვი, იქნებ ბურთი ჩაგვატენინოო, მთხოვეს. ერთი ხელში ავიყვანე და სანამ კალათამდე ავწევდი, მეორე მობილურით ფოტოებს გვიღებდა. მერე, როლები შეცვალეს. ხუთ წუთში მოედანზე მთელი უბანი შეგროვდა. მაგრად ვიხალისეთ, მაგრამ იმ გართობის შემდეგ, ზურგი დღესაც მტკივა.
 
 ზედმეტი წონის პრობლემა ალბათ, არ გაწუხებთ.
 
მეც მიკვირს, მაგრამ ოპტიმალური წონის შენარჩუნება ადრე უფრო მიჭირდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ რაც კარიერა დავასრულე, ზედმეტი წონის პრობლემა არ მქონია. პეჟა სტოიაკოვიჩთან ერთად ბელგრადში ჩავატარეთ მასტერკლასი, რომელშიც მონაწილეობდნენ სერბეთის დღევანდელი ნაკრების წევრებიც. აქციის პროცესში ბავშვებმა გვთხოვეს, შენ და პეჟა ახალგაზრდებს ეთამაშეთო. 5-6 წუთით გავერთეთ და ახალგაზრდებს მაგრად მოვუგეთ. მეგობრებმა მითხრეს, შენი და პეჟასი მოერიდათო, მაგრამ პეჟას ტუჩი გაუხეთქეს, ნიკაპში მეც მაგარი მომარტყეს და მაინც მგონია, რომ სერიოზულად გვეთამაშებოდნენ. 
 
კალათბურთი არ გენატრებათ?
 
არა. ყველაფერს სიამოვნებით ვიხსენებ და მსიამოვნებს, რომ ბევრი დიდი გუნდის წევრი ვიყავი, მაგრამ როდესაც კარიერა დავასრულე, ამაში ასი პროცენტით დარწმუნებული ვიყავი. ზურგის, მუხლის ტრავმების გამო ძალიან ბევრი პრეპარატის მიღება მჭირდებოდა, მუდმივად ქირურგებთან კონსულტაციებზე გავრბოდი. ბოლოს, საკრამენტოდან ლეიკერსში რომ დავბრუნდი, ზურგის ტკივილი ისეთი მწვავე იყო, რომ ეგრევე, დაუფიქრებლად მივიღე გადაწყვეტილება კარიერის დასრულების შესახებ. ფანებისთვის, თქვენთვისაც ამის გაგება რთულია. ზოგს არ ესმის, როგორ შეიძლება დაასრულო კარიერა, როდესაც კიდევ 10-15 მილიონი დოლარის აღების შანსი გაქვს. ალბათ, რომ არ მეთამაშა და ყველაფერი ჩემი თვალით არ მენახა, ყველაფერი საკუთარ თავზე არ გამომეცადა, იმავეს ვიფიქრებდი. დამიჯერეთ, ყველაფერი დიდ მსხვერპლს მოითხოვს. თუ მატჩის მერე შვილს ხელში ვერ აიყვან და მეუღლეს საკუთარ ჩანთას წამოაღებინებ... უბრალოდ, ჩემი დრო წასული იყო.
 
 თამაშის გაგრძელება შეგეძლოთ?
 
რომ მომენდომებინა, ორ სეზონს კიდევ ვითამაშებდი, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ გუნდი ამით არ იზარალებდა. ბოლო სეზონში, როდესაც ლეიკერსმა მანამდე კარლ მელოუნი და გარი პეიტონი გაუშვა, კობიმ მითხრა, ბევრი ახალგაზრდა გვყავს და ყველაფერი უნდა ასწავლო, შეაგნებინოო. პრობლემა არ არის-მეთქი და რამდენიმე მოთამაშესთან პირად მეცადინეობასაც ვატარებდი. და მალე ყველაფერი დასრულდა. ლეიკერსი სეზონის ბოლომდე ხელფასს მაინც მიხდიდა, მაგრამ როდესაც აგვისტოში კიდევ ერთი წლით დარჩენა შემომთავაზეს, უარი ვუთხარი. არ მინდოდა, ვინმეს ვალი მქონოდა და რომ დავრჩენილიყავი, ხელფასს არაფერში გადამიხდიდნენ. როდესაც სახელფასო ლიმიტის გამო სხვები ხელფასს იკლებენ და გუნდის ინტერესებს ითვალისწინებენ, დარჩენის და ფულის არაფერში აღების უფლება არ გაქვს.
 
ვლადე, თქვენი უკანასკნელი დიდი გამარჯვება 2002-ში, მსოფლიო ჩემპიონატის მოგება იყო. გახსოვთ ის ტურნირი?
 
კი, მშვენივრად მახსოვს. იუგოსლავიას სერიოზული ნაკრები ჰყავდა, მაგრამ ფავორიტი ამერიკა იყო. ჯერ ერთი, ჩემპიონატი ინდიანაპოლისში ტარდებოდა და ამერიკელები იმ დარბაზში ტურნირის დაწყებამდე ორი თვით ადრე შეიკრიბნენ. ტრავმით ჩამოვიდა ტურნირზე დეიან ბოდიროგა, ვარჯიშზე ზურგი იტკინა სტოიაკოვიჩმა, დრობნიაკს ნათესავი დაეღუპა და თამაში საერთოდ არ უნდოდა, მეც არ ვიყავი საუკეთესო ფორმაში. ამერიკელებმა უპრობლემოდ მოიგეს სამივე მატჩი ჯგუფში, ჩვენ კი ესპანეთთან წავაგეთ. უბრალოდ, მეორე ჯგუფურ ეტაპზე ამერიკას რომ მოეგო და ჩვენც თურქეთთან არ წაგვეგო, გასავარდნ ეტაპს ამერიკით არ დავიწყებდით. თურქებს მოვუგეთ, ამერიკის მატჩი არგენტინასთან გვიან იწყებოდა. ამერიკამ წააგო. უშანსოდ წააგო, მაგრამ ჩვენმა მწვრთნელმა სვეტისლავ პეშიჩმა ეგრევე გვითხრა, უკეთესია, რომ ამერიკასთან მერვედფინალში თამაში გვიწევს. თუ ამერიკას არგენტინამ  მოუგო, რატომ ვერ უნდა გააკეთოს იგივე იუგოსლავიამ?
 
ამერიკელებთან ორჯერ მოედნიდან გაგდებას გადარჩით. ერთხელ, ბენ უოლასმა იდაყვით მსაჯების მაგიდაზე გადაგაგდოთ და იუგოსლაველმა ფანებმა უოლასს თავში ჰამბურგერი გაარტყეს. თქვენ, ფანების დაწყნარების ნაცვლად, იმ ჰამბურგერის ნატეხი აიღეთ და ჩაკბიჩეთ.
 
კი, ეგ ეპიზოდიც მახსოვს. მძიმე, დაუნდობელი მატჩი იყო. ბოდიროგას დიდ შესვენებაზე ტკივილგამაყუჩებელი გაუკეთეს, მარკო იარიჩს ორი კბილი ჰქონდა მოტეხილი, მეც მაგრად მომხვდა. უბრალოდ, იმ მატჩს არ წავაგებდით. არ გვინდოდა ამერიკასთან წაგება და რაც ვთქვით, ის შევასრულეთ. 
 
ფინალის წინ არგენტინას დაემტვრა მანუ ჯინობილი. დაგვეთანხმეთ, რომ ეს თქვენთვის დიდი ბონუსი იყო.
 
ჯინობილის ტრავმა ყველამ ნახა და ამან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. რომ გენახათ, რა დღეში იყვნენ ჩვენი ნაკრების წევრები, ჯინობილის არც კი გაიხსენებდით. ფინალში დალეწილები, ნაცემები გავედით, სტოიაკოვიჩს ამერიკასთან მატჩის შემდეგ ყურზე რამდენიმე ნაკერიც დაადეს. ჯინობილი დიდი ჩემპიონია, მაგრამ ფინალში ჯანზე რომც ყოფილიყო, იუგოსლავია იმ შეხვედრას არ წააგებდა. 
 
 ვერ მოიგეთ ოლიმპიადა და NBA-ს ფლეი ოფი...
 
ალბათ, ორივე ტურნირის მოგება შემეძლო. 1988-ში ოლიმპიადის ფინალი რუსებთან წავაგეთ და 8 წლის შემდეგ, უკვე ამერიკამ მოგვიგო. სეულში ძლიერი ნაკრებით ჩავედით და ფინალში ოდნავ ყურადღებით რომ გვეთამაშა, რუსებს მოვუგებდით. უბრალოდ, ვერ გავაჩერეთ მათი რამდენიმე ლიდერი, ბოლოში 2 მეტრიდან 2 სროლა გავაფუჭეთ, მსაჯებმა დრაჟენ პეტროვიჩზე სამჯერ თუ ოთხჯერ ჯარიმა არ დააფიქსირეს. რუსებსაც ძალიან კარგი გუნდი ჰყავდათ, ამერიკამაც კარგი ნაკრები ჩამოიყვანა, სადაც NBA-ს მომავალი სუპერვარსკვლავები დევიდ რობინსონი, მიჩ რიჩმონდი და დენ მარლი იყვნენ. NBA-ს ფლეი ოფის მოგება კი ყველაზე რთულია. ლეიკერსთან ერთად წავაგე ფინალი ჩიკაგოსთან და იმ ბულზში ჯორდანი და პიპენი იყვნენ. საკრამენტოსთან ერთად ფინალშიც კი ვერ გავედი, მაგრამ ჩემპიონობასთან იმ გუნდთან ერთად უფრო ახლოს ვიყავი, ვიდრე – ლეიკერსთან. 2002-ში ლეიკერსზე უკეთესი, უფრო შეკრული გუნდი გვყავდა, მაგრამ დასავლეთის კონფერენციის მეშვიდე მატჩი მაინც წავაგეთ. ლეიკერსს ჰყავდა შაკი. ის სერია შაკმა მოიგო. 
 
სლემის ერთ-ერთ გამოცემაში ტიმ დანკანმა წინა გენერაციის ევროპელებიდან საუკეთესოდ დაგასახელათ. 
 
კი, სლემის ის გამოცემა შენახული მაქვს. ტიმი არაჩვეულებრივი პიროვნებაა, ძალიან დიდ პატივს ვცემ და მესიამოვნა, როდესაც მის ინტერვიუში ეს სიტყვები ამოვიკითხე. დანკანი სამაგალითო მოთამაშე და პიროვნებაა, აქტიურადაა ჩართული ქველმოქმედებაში და დღესაც შეუძლია ნებისმიერი მატჩის მარტოდ მოგება. 
 
ტიმს ეთანხმებით?
 
საუკეთესო ევროპელს ამერიკაში არ უთამაშია. საუკეთესო ბოდიროგა იყო.
 
ეტროვიჩზე და საბონისზე ძლიერი?
 
სამივე უდიდესი მოთამაშე იყო, მაგრამ საუკეთესო ბოდიროგაა. 
 

კომენტარები