გერმანელი ლიდერი მკაცრდება

გასული კვირის დასაწყისში ქალაქ კარლსრუეში გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის კონფერენციაზე სიტყვით წარსდგა. ათასი დელეგატისგან შემდგარი აუდიტორია მერკელისგან მისთვის დამახასიათებელ პრაგმატულ გამოსვლას ელოდა. კანცლერმა კი ყველას გასაკვირვად სხვაგვარი ტონი შეარჩია. იგი ცეცხლოვანი ლიდერის ამპლუაში მოევლინა თანაპარტიელებს. „რა არის ჩვენი ქმედებების მთავარი მიზეზი? ეს არის ერთობა, სამართლიანობა და თავისუფლება ჩვენი სამშობლოსთვის”, – არაორაზროვნად მიუთითა მერკელმა გერმანიის ეროვნულ ჰიმნზე. 

ამ გამოსვლით მერკელი-მედიატორის იმიჯი, რომელიც 2005 წლიდან ხელმძღვანელობდა საკმაოდ რთულ სამთავრობო კოალიციას, წარსულს ჩაბარდა. ამ კოალიციაში მისი იდეოლოგიური ოპონენტებიც (სოციალ-დემოკრატები) შედიოდნენ. კარლსრუეში შეკრებილმა საზოგადოებამ მკვეთრად კონსერვატორი ლიდერი იხილა, რომელიც საკუთარი პოლიტიკური პარტიის ტრადიციულ  – კონსერვატიულ და ქრისტიანულ – ღირებულებებზე აკეთებდა აქცენტს.
 
ეს ზუსტად ის მინიშნებები იყო, რისი მოსმენაც აუდიტორიას სურდა. ამდენად, გასაკვირი არაა, რომ კონფერენციამ 90,4%-ით მერკელი კიდევ ერთხელ აირჩია CDU-ს ლიდერად.
 
კანცლერის გამოსვლამ ნამდვილად გაათბო მემარჯვენე მხარდამჭერთა გულები, რომლებიც უკვე თითქმის შეეგუენ გასული წლის რეგიონალურ არჩევნებში განცდილ მარცხს და მემარჯვენე-ცენტრისტული მთავრობის რეიტინგის კლებას. 75-წუთიან გამოსვლაში, მერკელი აშკარად საბრძოლო განწყობაზე იყო. მისთვის ჩვეული ფრთხილი ლექსიკის გამოყენების ნაცვლად, მან ტრაბახით წარმოაჩინა მთავრობის წარმატებები და ჯანდაცვის რეფორმა, ქამრების შემოჭერის პოლიტიკის გატარება და საბერძნეთის „გამოსყიდვით” ევროს გადარჩენა საკუთარ გუნდს მიაწერა. მერკელმა კიდევ ერთხელ გამორიცხა გადასახადების შემცირება უახლოეს მომავალში და განაცხადა, რომ პრიორიტეტი კვლავაც ფისკალური მომჭირნეობის შენარჩუნება იქნება.
 
“გერმანია ისლამის მოზღვავებას კი არა, ქრისტიანობის ნაკლებობას განიცდის”, – ამგვარად შეეხო კანცლერი ემიგრანტების ინტეგრირებასთან დაკავშირებულ საკამათო საკითხს. ყოფილმა ფიზიკოსმა ოჯახის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და თანაპარტიელებს ემბრიონებზე კვლევების აკრძალვისკენ მოუწოდა. 
 
ახლადშეძენილი სიმკაცრის კვალდაკვალ, კანცლერმა სოციალ-დემოკრატებთან და მწვანეთა პარტიასთან კოალიციის ჩამოყალიბება უარყო. აღნიშნულმა პარტიებმა კარგად გამოიყენეს ბირთვული ენერგიის წარმოების წინააღმდეგ მოსახლეობაში აგორებული საპროტესტო ტალღა და საზოგადოებრივი აზრის კვლევებში ლიდერობენ. 
 
CDU-ს კონფერენცია დაემთხვა მნიშვნელოვან მომენტს – გერმანია ნელ-ნელა გამოძვრა კრიზისიდან და 2011 წელს 3.7%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით შეხვდება. მიუხედავად ამისა, მერკელს და მის პარტიას მომავალ წელს მაინც მოუწევთ 16 ფედერალური მხარიდან ექვსში გასამართი გადამწყვეტი რეგიონალური არჩევნების გადაგორება.   
 
კანცლერი, როგორც ჩანს, მიხვდა, რომ ახლა საჭიროა ინიციატივა საკუთარ ხელში აიღოს და კვლავ თავის მხარეს მოიმხროს კონსერვატორი ელექტორატი, რომელსაც ბოლო პერიოდში სულ უფრო უჭირს არჩევანის გაკეთება. 

კომენტარები