ჟოზე ბაროზო: ოკუპაციას არ ვაღიარებთ

ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ საქართველოს ტერიტორიის ნაწილს ოკუპირებული უწოდა. ეს მან 17 ნოემბერს ბრიუსელში, პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ეს მგრძნობიარე თემაა და მასზე ყოველთვის პრინციპული პოზიცია გვქონდა. როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმაც აღნიშნა, მხარს ვუჭერთ საქართველოს ინტეგრაციას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. არაერთხელ  გამოვხატეთ ღიად, რომ საქართველოს რომელიმე ნაწილის ოკუპაციას არ ვაღიარებთ. ჩვენი პოზიცია ნათელია. მას მომავალშიც დავიცავთ”, – თქვა მან.  ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას თავის სახელს არქმევს. 
 
ბრიფინგზე ჟოზე მანუელ ბაროზომ და მიხეილ სააკაშვილმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა მიმოიხილეს. 
ბაროზოს განცხადებით, ევროკავშირს ძლიერი სტრატეგიული ინტერესი აქვს, რომ  აღმოსავლეთ სამეზობლოში სტაბილურობა, კეთილდღეობა და დემოკრატია იყოს. საქართველო კი რეგიონში მნიშვნელოვანი პარტნიორია. 
 
მან ხაზი გაუსვა ორმხრივ თანამშრომლობას – ასოცირების ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების დაწყებას, რაც თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებასა და სავიზო რეჟიმის გამარტივებას მოიცავს. 
 
თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, მისი თქმით, კანონმდებლობისა და რეგულაციების კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესია. თუმცა, მათ განსახორციელებლად მეტი ძალისხმევაა საჭირო. ბაროზოს განცხადებით, მოლაპარაკებების დაწყება ქართულ მხარეზეა დამოკიდებული.  
ბაროზომ აღნიშნა, რომ ევროკავშირისთვის სამხრეთ კორიდორის განვითარება უმთავრესი პრიორიტეტია ენერგორესურსების წყაროების  დივერსიფიცირებისთვის. საქართველოს განსაკუთრებული ტრანზიტული როლი აქვს. მან მოუწოდა ქართულ მხარეს ევროპის ენერგოთანამეგობრობის ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე ოფიციალურად გააკეთოს განაცხადი. მისი წევრობა საქართველოს უფრო მიმზიდველს გახდის ინვესტორებისთვის. 
 
საქართველოს პრეზიდენტმა ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი: „საქართველოს არჩევანი არის ევროპა. მას ალტერნატივა არ აქვს. იმედი მაქვს,  ევროპა დააფასებს ამას და სულ უფრო მეტად შეხედავენ საქართველოს, როგორც არა მხოლოდ პარტნიორ ქვეყანას, არამედ როგორც ამ არაჩვეულებრივი გაერთიანების სრულფასოვან წევრს”. 

კომენტარები