ირლანდიიდან 40-მდე ქართველის დეპორტაცია მოხდა

დეპორტირებული ქართველები დუბლინიდან სამშობლოში დღეს ჩამოფრინდნენ. "ნაწილი ბინებიდან აგვიყვანეს, ნაწილი კი - პირდაპირ ქუჩიდან. 10 წუთი მოგვცეს მოსამზადებლად. ნივთები ცელოფნებში ჩაგვიყარეს და აეროპორტში გადაგვიყვანეს", - ყვებოდნენ ტელეკამერების წინ სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები. უმეტესი მათგანი ირლანდიაში არალეგალურად ცხოვრობდა და ლტოლვილის სტატუსის მიღებას ცდილობდა იმ  მოტივით, რომ საქართველოში იდევნებიან  რელიგიური, სექსუალური ან პოლიტიკური ნიშნით. ერთ-ერთი დეპორტირებულის თქმით, რომელსაც საკუთარი ვინაობა არ დაუსახელებია, მან ლტოლვილის სტატუსის მიღება იმ მოტივით სცადა, რომ ლეიბორისტული პარტიის წევრია და ამის გამო საქართველოში დევნიან: ”ამ პარტიის წევრი არასოდეს ვყოფილვარ, მაგარამ ოჯახი უნდა მერჩინა, ამიტომაც მოვიტყუე. ირლანდის მოქალაქეობის მიღება და იქ ოჯახის წაყვანა მსურდა”.  

ევროკავშირის ქვეყნებში დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, თუ სასმართლო დაადგენს, რომ საკუთარ ქვეყანაში დეპორტირებული ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას რაიმე ნიშნით დევნისა და შევიწროვების გამო მართლაც ემუქრება საფრთხე, სახელმწიფო არალეგალის დეპორტაციას ვერ განახორციელებს.

40-ვე ქართველი დეპორტირებულის საკითხის განხილვისას ირლანდიის სასამარლომ დაადგინა, რომ არც ერთი ეს მოქალაქე საკუთარ სამშობლოში რელიგიური, ნაციონალური ან პოლიტიკური ნიშნით არ იდევნება და მათ ამ მხრივ საფრთხე არ ემუქრებათ. შესაბამისად, სასამართლომ მათი დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

ირლანდიაში საიმიგრაციო სამსახურის მოქმედების გამკაცრება ამ ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ კრიზისს უკავშირდება. ქვეყნის მთავრობა ცდილობს ზედმეტი ფინანსური ვალდებულებებისგან გათავისუფლდეს. ირლანდიის კანონმდებლობით,  ლტოლვილის სტატუსით ქვეყანაში ჩასულ პირს სახელმწიფო საარსებო მინიმუმით  — კვირაში 250 ევროთი  უზრუნველყოფს. 

ერთ-ერთი დევნილის თქმით, საქართველოს რამდენიმე მოქალაქემ, დეპორტაციის წინ დუბლინის აეროპორტიდან გაქცევა უშედეგოდ სცადა.

კომენტარები