მორიგი არჩევნები მოლდოვაში

 მოლდოვაში კვლავ პოლიტიკური კრიზისია. ქვეყანა ახალი არჩევნების მოლოდინშია. პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევნების რამდენიმე წარუმატებელი ცდის შემდეგ, 2010 წლის 29 სექტემბრის ბრძანებულებით, პარლამენტის თავმჯდომარემ და სახელმწიფოს მოქმედმა მეთაურმა, მიჰაი გიმპუმ პარლამენტი დაითხოვა. მორიგი საპარლამენტო არჩევნების თარიღად მიმდინარე წლის 28 ნოემბერი, ხოლო სახელმწიფო მეთაურის არჩევის ვადად – დეკემბერი გამოცხადდა. 

უკანასკნელი 20 თვის განმავლობაში ეს მოლდოვისთვის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების მე-3 რაუნდია. არსებული სისტემის თანახმად, სახელმწიფოს პრეზიდენტს პარლამენტი ხმათა 2/3-ით ირჩევს, მაგრამ ამდენ ხმას ვერც მმართველი კოალიცია აგროვებს და ვერც ოპოზიცია. შექმნილი პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალი პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა შეიძლება ყოფილიყო. ამ მიზნით გამართული 5 სექტემბრის ეროვნული რეფერენდუმი ამომრჩეველთა დაბალი აქტივობის გამო (29%) ვერ შედგა. 
 
ამჟამად ქვეყნის წამყვანი პარტიები კვლავ წინასაარჩევნო ციებ-ცხელებაში არიან. ამ მომენტისათვის, სხვადასხვა გამოკითხვის თანახმად, ყველაზე რეიტინგული კვლავაც პრორუსული კომუნისტური პარტიაა. ნოემბრის არჩევნებზე კომუნისტური რევანშის მცდელობას მმართველ დემოკრატიულ კოალიციაში შემავალი ძალები ცალ-ცალკე დაუპირისპირდებიან.
 
2009 წლის სექტემბრიდან მოლდოვას, მცირე უმრავლესობით, პროდასავლური ორიენტაციის ევროპული ინტეგრაციისათვის ალიანსი (AEI) მართავდა. ამ კოალიციაში ოთხი პარტია შედიოდა – ლიბერალური (პარლამენტის თავმჯდომარე და მოქმედი პრეზიდენტი – მიჰაი გიმპუ), დემოკრატიული (ყოფილი სპიკერი – მარიან ლუპუ), ლიბერალურ-დემოკრატიული (პრემიერი – ვლად ფილატი) და ჩვენი მოლდოვა (კიშინიოვის ყოფილი მერი – სერაფიმ ურეკიანი).   
 
ევროპული ინტეგრაციისათვის ალიანსის დაშლის ძირითადი მიზეზი მასში შემავალ პარტიებს შორის პირველობისთვის ბრძოლა იყო, ფორმულით, ყველა ერთის – პრემიერ ფილატის წინააღმდეგ. 
 
ლიბერალური და დემოკრატიული პარტიები არჩევნებში ერთიან ბლოკად მონაწილეობის ვარიანტს განიხილავენ. სახელმწიფოს მოქმედი მეთაურის მიჰაი გიმპუს ლიბერალური პარტია უკიდურესად პრორუმინული ორიენტაციისაა. დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ყოფილი კომუნისტი, მარიან ლუპუ კი, როგორც რუსეთთან, ისე დასავლეთთან თანამშრომლობის მომხრეა. ოპოზიციაში ის მხოლოდ მას შემდეგ გადავიდა, როცა კომუნისტებმა პრეზიდენტად არ დაასახელეს.
 
გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიბერალური და დემოკრატიული პარტიების ალიანსში შესაძლოა სერაფიმ ურეკიანის პარტია – ჩვენი მოლდოვაც – შევიდეს. მისი პარტია დღეს რეიტინგის სერიოზულ კლებას განიცდის და ეს ძირითადად პრემიერ ფილატის პარტიის პოპულარობის ზრდის ხარჯზე ხდება. 
 
თუ ამ 3 პარტიას შორის ალიანსი შედგა, მისი მთავარი მიზანი პრემიერ-მინისტრ ვლად ფილატის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიისთვის კონკურენციის გაწევა იქნება.
 
ფილატი თანამდებობრივი პრივილეგიებით სარგებლობს და პოლიტიკური პოპულარობის მოსახვეჭად ძვირადღირებულ სოციალურ პროგრამებს ახორციელებს. მისი გაძლიერება კოალიციური პარტნიორების უკმაყოფილებას იწვევს. 
 
არჩევნებზე დიდ გავლენას მოახდენს დნესტრისპირეთის პრობლემაც. ეს რეგიონი სულ უფრო მეტად ექცევა ევროპული პოლიტიკის ინტერესის სფეროშიც. ის ერთადერთი საკითხია, რომელიც ფრანგულ-გერმანულ-რუსული ერთობლივი მოლაპარაკების ობიექტი გახდა. 
 
თანამშრომლობის თაობაზე გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის მიერ წამოყენებული წინადადება, მერებერგის ციხესიმაგრეში (ბერლინთან ახლოს) მედვედევთან მისი შეხვედრის დროს განიხილეს და 4-5 ივნისს მერებერგის მემორანდუმი მიიღეს. აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს ევროკავშირისა და რუსეთის ერთობლივი პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის შექმნას. კომიტეტს ევროკავშირის მხრიდან ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ქეთრინ ეშტონი და რუსეთის მხრიდან ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებენ. 
 
ამ კომიტეტის უფლებამოსილებაში შევა ევროკავშირისა და NATO-ს ერთობლივი სამოქალაქო და სამხედრო კრიზისის მართვის ოპერაციები. ჯგუფი შეიმუშავებს რეკომენდაციებს სხვადასხვა კონფლიქტებისა და კრიზისული სიტუაციებისათვის, რომლებიც ევროკავშირს შესაბამის მრავალმხრივ ფორუმებზე დაეხმარება. ამ ქმედებით გერმანიის მთავრობას იმის დემონსტრირება უნდოდა, რომ ევროკავშირს შესწევს უნარი, ერთი-ერთზე მოაგვაროს ევროკავშირის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები. აღნიშნულ მემორანდუმს მოკლე დროში შეუერთდა საფრანგეთიც – სარკოზი ცდილობს, გერმანულ-რუსულ ურთიერთობებს არ ჩამორჩეს. ევროკავშირისა და რუსეთის ახალი საერთო უშიშროების კომიტეტის ასამოქმედებლად მერებერგის მემორანდუმის ფარგლებში 2010 წლის დეკემბრისათვის მოწვეულია სამიტი. 
 
ევროკავშირსა და რუსეთს შორის უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის შესაძლებლობის შესამოწმებლად, მემორანდუმი ითვალისწინებს მათ ერთობლივ ნაბიჯებს 5+2 ფორმატის პირობებში. მოქმედება დნესტრისპირეთის კონფლიქტის გადაწყვეტას ითვალისწინებს. 5+2 ფორმატი გულისხმობს ერთი მხრივ მხარეების – მოლდოვისა და დნესტრისპირეთის, მეორე მხრივ მედიატორების – რუსეთის ფედერაციის, უკრაინისა და ეუთოს და მესამე მხრივ – დამკვირვებელთა სტატუსით აშშ-სა და ევროკავშირის შეთანხმებულ მოქმედებებს დნესტრისპირეთის საკითხთან დაკავშირებით. 
 
რუსეთის მთავარი ამოცანა ევროპის უსაფრთხოების საკითხებში ინსტიტუციონალური როლის მიღებაა. ამ მიზნის მისაღწევად მოლდოვიდან მისი გასვლა და ტირასპოლის ხელისუფლების მხარდაჭერაზე უარის თქმა უმნიშვნელო მსხვერპლად მიაჩნია. 
 
მედვედევის დამოკიდებულება აღნიშნულ მოლაპარაკებასთან დაკავშირებით შეიძლება გამოიხატოს ფრაზით – დაველოდებით და ვნახავთ. დოვილის სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა კონფლიქტის მოგვარებაში შესაძლო ხელშეწყობაზე ბუნდოვნად ისაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ დნესტრისპირეთს რუსეთი აკონტროლებს როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური კუთხით, მედვედევმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება დამოკიდებულია მოლდოვის, დნესტრისპირეთის, რუმინეთისა და ევროკავშირის პოზიციებზე. უფრო მეტიც, მან დაიმოწმა მოლდოვაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი და მოლაპარაკებების წარმოება იმ დრომდე გამორიცხა, სანამ ქვეყანა არჩევნებზე ახალ მთავრობას არ აირჩევს. 

კომენტარები