ოთხმოცდაათიანების უგრძნობი სევდა

ჩემი თაობა ბილ ესპრისაც ეკუთვნის. გახსოვთ საღეჭი რეზინი LOVE IS და მისი „ნაკლეიკები”. მესამე კლასელი ბავშვებისთვის ეს უდიდესი რომანტიკა (კინაღამ ეროტიკა დავწერე) იყო – ამასთანვე მეგობრობის დღიურებს და მკვდარი მაცივრის ტატუირებულ კარს ნიშნავდა. კიდევ Turbo, final და ძმანი მისნი. ჟან კლოდი, არნოლდი და სილვესტერი. ცემენტის მაგიდაზე მათით თამაში, გადატყავებული ხელისგულები, გაცვლა-გამოცვლა – საბაზრო ეკონომიკის ნამდვილი ჩანასახი.

ჰო, ბილ ესპრი LOVE-ს გოგო-ბიჭის მხატვარია.

ომი კი თითქოს შორს იყო, სხვა სამყარო  – ტელევიზორში. იქ აფხაზეთი და ვიეტნამი არაფრით განსხვავდებოდა. მერე რა, რომ შეცხადების ხმა ყოველკვირა მესმოდა, მაინც ასე იყო – პატარა ვიყავი. 
მოქმედება გურიაში ხდება.
 
ერთ დღეს დიქტორმა გამოაცხადა – „ხარი დაჭრილია – სოხუმი დაეცა”, თუ რაღაც ამდაგვარი. ბაბუაჩემმა მაგიდას მუშტი დაარტყა და შეიგინა. მეც დავარტყი და სათამაშოდ გავიქეცი. 
ამას მოჰყვა ლამფა სინათლისათვის და აკუმულატორი ტელევიზორისთვის. ტელევიზორი ხუანისთვის, სინათლე იმისთვის, რომ გაკვეთილი მოამზადო და ლოგინს მიაგნო. ხანდახან შუაღამისას ელ-ენერგია მოვარდებოდა, ამის შედეგად რომელიმე მდიდარ მეზობელს აუთოებდნენ, ОРТ-ზე პესნია 1995-ს იმეორებდნენ და მე გავიგე, რომ ალა პუგაჩოვას ახალგაზრდა ბიჭი უყვარდა. 
 
ამას მოჰყვა პურის ფქვილის ტომრები, თურქული, ეკონომიური შეშის ღუმელი, რომელიც ხან იქით უნდა გაგეთბო. ეს შინ, ხოლო ქუჩაში – ლეგენდები ვინმე ქურდზე ან მის ახლობელზე.  კვირაობით ზიარებები, მანამდე მორცხვი აღსარებები მოძღვართან.
 
ახალგაზრდა ნათესავის ვიდეო, ბრიუს ლი, გერმანული თუ პოლონური პორნო.  
რუსულები, რუსულები, რუსულები, ქეთი მერკვილაძე, „წყალში ვდგევარ, ცეცხლი მიკიდია”, რაღა დროს ჩელენტანოა, 2-Pac (გერმანულის მსწავლელი ჯგუფისთვის – ორი პასი).
 
პასზე გამახსენდა – ჩიტის მოტანილი ამბავი და პირველი ორი თანამედროვე ფეხბურთელი (ძველები „მართვეს” არქივიდან ვიცოდი) – ბაჯო და რომარიო. ამათზე ვიღაცამ (მართლა ჩიტი იყო, მოსკოვში დაფრინავდა დეიდამისთან) თქვა – მარადონაზე მაგრები არიანო. მერე სადღაც თურქული ტელეარხი დაიჭირეს, ჩემპიონთა ლიგას აჩვენებდა და „ატალახდა ეზო-კარი”.
 
ცოტა მერე რაღაც ვნახეთ, წავიკითხეთ და ვტრაბახობდით. იმ დროის რა მიკვირს, ახლაც იმდენია გუგულის ბუდეს შინდლერის სიამ გადაუფრინა და დოჩანაშვილზე ვაფრენ ხალხი, მხოლოდ ამის გამო რომ გვმოძღვრავენ...
 
არა, ყველაფერი მაინც რაღაც უცნაურად ადვილი იყო. ისე გავიარე ის წლები, ბევრი რამე მეტკინა, მაგრამ არაფერი მიგრძვნია. სოფისტური თქმაა, მაგრამ ასეა. 
 
ალბათ მთელი განცდილი ჭირი ახლა შეგვეტყო.
 
ხანდახან ვფიქრობ, რომ ჩემი თაობა 90-იანების სასკოლო სახელმძღვანელოებს ჰგავს – ეს უფროსი ბიძაშვილებისგან ნაანდერძევი წიგნებია, სადაც ლენინის ან ტელმანის ბიოგრაფიები საგანგებოდ ჩვენთვის გადაეხაზათ. თქვენ როგორც გინდა განავრცეთ ან ჩაუღრმავდით ამ მაგალითს.
 
მე დავიღალე.

კომენტარები