Marriott Tbilisi - საკვირაო ბრანჩი

 

რესტორანი პარნასი, სასტუმრო თბილისი მარიოტი  მის: რუსთაველის 13 თბილისი 0180 უბანი: მთაწმინდა ტელ: 779 200 სამზარეულო: ევროპული საათები: ყოველ კვირა დღეს 12:00-15:00 ბარათები: მიიღება ფასი: 140 (ორ ადამიანზე. ალკოჰოლიური ან
არაალკოჰოლიური სასმელით. სერვისის გარეშე)
  პარკინგი: ჭანტურიას ან თაბუკაშვილის ქუჩაზე www.marriott.com/TBSMC "უფრო მოდურები რომ ვიყოთ, ახლა ბრანჩს უნდა შევექცეთ”. თავისთავად აღარაფრისმთქმელი ეს მოწოდება 1896 წლის ბრიტანულ გამოშვებაში Hunter’s Weekly-ში გამოქვეყნდა. განცხადება დღეს იმდენად საინტერესოა, რამდენადაც ის იმ დროის ახალგაზრდულ წრეებში გავრცელებული სტუდენტური სლენგის –  სიტყვა ბრანჩის სავარაუდოდ პირველ ბეჭდურ ცნობას შეიცავს. ბრანჩის ეტიმოლოგია მარტივია: ის მიიღეს ორი სიტყვის – საუზმის პრეფიქსის (breakfast) და სადილის სუფიქსის (lunch) სინთეზით. ბრანჩის ფილოსოფიაც აქედან მომდინარეობს: ხანგრძლივი კერძი ნაშუადღევს, საუზმისა და სადილის ელემენტებით, გვიანი საუზმე, ადრეული სადილი თუ ზარმაცების კერძი, როგორც გენებოთ. ბრანჩი ყველაზე ფართოდ ამერიკასა და კანადაში გავრცელდა და მას მიმართავენ ოჯახური დღესასწაულების, მეგობრული თავშეყრების აღსანიშნავად.

ოჯახური წრეების გარდა, ბრანჩს მართავენ რესტორნები და სასტუმროებიც. კვირა დღეს, ქვედა მანჰეტენის რესტორნებში (ბრანჩის მეორე სამშობლოდ ზოგიერთი ცნობით ნიუ იორკი ითვლება) ადვილად ნახავთ გარეთ მსხდომ, მზეზე მიფიცხებულ მოსაუზმეებს, მიმოზებით ხელში (მიმოზა – შამპანურისა და ფორთოხლის წვენის კოკტეილი, ბრანჩის პოპულარული სასმელი). თუმცა, რატომღაც მგონია, რომ ბრანჩს ყველაზე მეტად შემოდგომა უხდება და ბრანჩისთვის ყველაზე ზედგამოჭრილი თვე ნოემბერია, როდესაც აცივებასთან ერთად, ორგანიზმი უფრო მსუყე და თბილ საჭმელს ითხოვს. ამრიგად, გასულ კვირას, სასტუმრო მარიოტ თბილისის ბრანჩს რესტორან პარნასში ვეწვიეთ.

რესტორანი პარნასი მოზრდილი სივრცეა, ნაცრისფერი კედლებით, ნეო არტ-დეკო ეკლექტური ელემენტებით და 1920-იანი წლების საგაზეთო ილუსტრაცია-რეკლამებით. სივრცეს მაგიდების გარდა ცოცხალი ჯაზბენდის დინამიური ვარიაციები ავსებს (ბესამე მუჩოს და მსგავსი პოპულარული თემების ვარიაციები). კლიენტურა თითქმის უკლებლივ უცხოელებისგან შედგება. უცხოელები, რომლებიც ხარბად ეწაფებიან ქართველებისთვის ნაკლებად ნაცნობ, დასავლური კულტურის ამ იმპორტს შუა რუსთაველზე. ამ მხრივ პარნასის ბრანჩი ერთგვარი ოაზისია, ყველაზე ახლო, ადვილად გასაქცევი ადგილი მათთვის, ვინც საქართველოში “შინაგან ემიგრაციას” განიცდის. 
 
მიმოზას გარდა ბრანჩის დაწყება შეიძლება ბელინით (იტალიური შუშხუნა ღვინის – პროსეკოსა და ატმის პიურეს კოკტეილი) ან სისხლიანი მერით (არყიანი პომიდვრის წვენი). მერწმუნეთ, უზმოზე ასეთი დასაწყისი გაძლიერებულ ეფექტს იძლევა. პარნასის ბრანჩის ღირებულებაში შედის როგორც უალკოჰოლო სასმელები, ასევე წითელი/თეთრი ღვინო ან შამპანური, ასე რომ, ნება თქვენია. პარნასის ბრანჩის მენიუ კვირიდან კვირამდე განსხვავებულია და სხვადასხვა სამზარეულო თემის მიხედვით იცვლება, ფრანგული, იტალიური, ა.შ. ასე რომ, ადვილი შესაძლებელია, ქვემოთ განხილული მენიუსგან განსხვავებული არჩევანი დაგხვდეთ. ჩვენი სტუმრობის დღეს ბრანჩის თემა იტალიური იყო. ცივი და ცხელი კერძები შვედურ მაგიდაზე იყო განთავსებული: მადისაღმძვრელთაგან სალათის ბარი, ბოსტნეულის ან თევზის (ტუნას) კოკტეილი ღვინის ჭიქებში, მცირე ძეხვეული ასორტი, შემწვარი ბოსტნეულის ასორტი ცივად. ცხელ კერძთა მრავალფეროვნება აშკარად იყო. მათ შორის უდავოდ ყველაზე საინტერესო, გამოყვანილი ქართული ლორი მდოგვის მსუყე სოუსით, შემდგომ ლიმონიანი ხბოს ხორცი, მიდიების გრატენი, მოთუშული სატაცური და ბროკოლი, ქათმისა და სოკოს რულეტი პოლენტასთან ერთად, ზღვის პროდუქტების რავიოლი. საუზმის კერძების, ომლეტებისა და ნებისმიერი კვერცხის კერძის შეკვეთაც შესაძლებელია. ტკბილეულის მაგიდის არჩევანიც საკმარი: გოგრის ნამცხვარი, შოკოლადის მუსი, ან ბეილის მუსის ნამცხვარი, კენკრის სოუსი ან crème anglaise. ბუნებრივია, ეს კერძების არასრული ჩამონათვალია და ისიც ბუნებრივია, რომ შვედურ მაგიდაზე ყველაფერი ერთნაირად გემრიელი ვერ იქნება, თუმცა საერთო შთაბეჭდილება საკმაოდ კარგია. თუ ამას დავუმატებთ, რომ სერვისიც თავაზიანი და ყურადღებიანია, ნამდვილად ღირს ამ “საუცხოო” ატმოსფეროში კვირა შუადღის გატარება. ასე რომ, ჩაიცვით ყელიანი სვიტერები, ან თბილი ჟაკეტები მოიცვით და მარიოტ თბილისს მიაშურეთ. ცოტა რამე თუ სჯობს ნოემბრის სუსხიანი კვირა დღის მყუდრო და თბილი ბრანჩით დაწყებას. 

კომენტარები