რუსული ფილტრი

ქართველ ლექსიკოგრაფს, მიხეილ ჭაბაშვილს თავის მოგონებებში მოთხრობილი აქვს, თუ როგორ მიართვეს დიდ ბელადს, იოსებ ბესარიონის ძეს, ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის პირველი ტომი გამოსვლისთანავე. იქვე არნოლდ ჩიქობავას მონათხრობსაც იხსენებს, თუ როგორ გადმოიღო თაროდან სტალინმა სპეციალურად მისთვის ხბოს ტყავში ჩასმული შინდისფერი ტომი, გადაფურცლა და გაკვირვებულმა ჰკითხა ლექსიკონის მთავარ რედაქტორ ჩიქობავას: “აქ წერია, რომ “ბლუზა” ფრანგული სიტყვაა და ქართულში ხომ რუსულიდან შემოვიდაო?!” სტალინის სიკვდილის შემდეგ  გამოიცა განმარტებითი ლექსიკონის ახალი გამოცემა, სადაც რუსული “ბლუზას” ნაცვლად შესაბამის სტატიაში გაფრანგულებული “ბლუზ”-ი წერია, მაგრამ რუსიფიკაციის პრობლემა ამით არ გადაჭრილა.

ჭაბაშვილის უცხო სიტყვათა ლექსიკონი ერთგვარ კულტურულ მოვლენად იქცა ყოფილ საბჭოთა საქართველოში, რომელსაც უცხო პირთა სახელების ლექსიკონმა და ქართულმა საბჭოთა ენციკლოპედიამ აუბეს მხარი. საინტერესო ის არის, რომ ამ სამ წიგნში, სხვა ლექსიკონებს რომ თავი დავანებოთ, დაცული უცხო სიტყვების ქართულ ენაზე ჩაწერის ნორმები ძირითადად თანმიმდევრულია, სამივეს წითელ ხაზად გასდევს რუსული ენის გავლენა, უფრო სწორად რომ ვთქვათ, ყველა უცხო სიტყვა თუ გვარ-სახელი რუსული ენის ფილტრშია გატარებული და შემდეგ ისეა წარმოდგენილი ჩვენს “საამაყო” ლექსიკონებში.
 
საუბარი “ბრტყელ-ბრტყელი” რომ არ გამოვიდეს, მოდით მაგალითები მოვიშველიოთ: ტაბულას 28-ე ნომერში წარმოდგენილი იყო მიშლანის სამვარსკვლავიანი რესტორნის შეფ-მზარეულის, ალან პასარის ბოსტნეულის სალათის რეცეპტი. ამ კულინარიულ რუბრიკაში ჩემი ყურადღება “მიშლანმა” მიიქცია. საქართველოში კარგად იცნობენ საბურავების მწარმოებელ ამ კომპანიას, რომელიც ასევე კულტურული საქმიანობითაცაა დაკავებული და ყოველწლიურად რჩეული რესტორნებისა და სასტუმროების ალმანახს გამოსცემს, სადაც მოხვედრა ფრანგებისათვის ერთობ პრესტიჟული საქმეა, თუმცა საინტერესო ის არის, რომ ეს კომპანია საქართველოში უფრო “მიშლენის” სახელწოდებით იყო აქამდე ცნობილი და კაცმა რომ თქვას არც “მიშლენია” სწორი და არც – “მიშლანი”, ასეთი ნაზალური ბგერა ქართულში უბრალოდ არ გვაქვს, შესაბამისად, რომელ ფორმას გამოვიყენებთ, ერთი შეხედვით, თითქოს გემოვნების საკითხი უნდა იყოს.
 
გრეგორი მენქიუს ფუნდამენტური ნაშრომი, “მაკროეკონომიქსი” გამოიცა რამდენიმე წლის წინ საქართველოში. თარგმანს ვერაფერს დაუწუნებდი, მაგრამ ამ წიგნის ფურცლვისას მაინც მეუცხოვა აქა-იქ მიმობნეული “თექსასი”, “ვოშინგთონი” და მსგავსი ამერიკანიზმები. კარგად რომ დავფიქრდეთ, მთარგმნელი ერთი მხრივ მართალია, ამერიკელები სწორადაც რომ “თექსასს” და “ვოშინგთონს” გამოთქვამენ და არა ისე, როგორც ჩვენი ყურია მიჩვეული. ეს წიგნი ერთ-ერთი პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მთარგმნელმა არსებული ნორმების გვერდის ავლით, პირდაპირ ორიგინალიდან გადმოაქართულა ინგლისურენოვანი ნაშრომი, ისევე როგორც მიშლანის შეფ-მზარეულის რეცეპტის მოფრანგულე ავტორმაც ისე ჩაწერა ამ კომპანიის სახელი ტაბულას კულინარიულ რუბრიკაში, როგორც ეს მის ყურს ეამებოდა და არა ისე, როგორც ეს მიღებული იყო მრავალი ათეული წლის განმავლობაში.
 
მაგალითების ჩამოთვლა რომ გავაგრძელოთ, პეკინის და ბეიძინის წყვილი უნდა ვახსენოთ, პხენიანის და პიონგპიანგის, სიკოკუს და შიკოკუს, ბეერშებას და ბეერშევას (ისრაელის ქალაქია) და ა.შ. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ მაგალითში ნათლად ჩანს იმ რუსული ფილტრის კვალი, რომლის შესახებაც ზემოთ მოგახსენეთ, თუმცა ამ მედალს მეორე მხარეც აქვს. დავუშვათ მიშლანი უფრო სწორია, ვინაიდან ფრანგულში in-ზე დაბოლოებული სიტყვები წარმოთქმის დროს სადღაც “ან”-ისკენ უფრო იხრება, ვიდრე “ენ”-ისკენ. აქამდე დამკვიდრებული ყველა მსგავსი ფრანგული სიტყვა კი რუსულის გავლენით ასე გამოიყურებოდა: შოპენი, შარდენი, კარდენი. ჰოდა, ისმის შეკითხვა რა ვქნათ, სხვა დამკვიდრებული სიტყვებიც გადავაკეთოთ და ამიერიდან შარდანზე “მოვჯდეთ”, შოპანს მოვუსმინოთ და პიერ კარდანის სამოსი მოვირგოთ?!
 
პრობლემა კი იმაშია, რომ თავად ენათმეცნიერების ინსტიტუტი ვერ გარკვეულა რომელია სწორი ფორმა “კლინტონი” თუ “ქლინთონი”, “თექსასი” თუ “ტეხასი” და ა.შ. ძველი ნორმებით “ტეხასი” და “კლინტონი” უნდა ვწეროთ, ახალი ნორმები კი ჯერ არავის შეუმუშავებია! ფრანგების მსგავსად არც ორმოცი უკვდავი გვყავს, რომლებიც ჩვენი ენის სიწმინდის დაცვისათვის იბრძოლებენ, წლიდან წლამდე ნორმებს შეიმუშავებენ, არსებული პოლიტიკური ტენდენციებისაგან თავისუფლები იქნებიან და მხოლოდ ენობრივ პროცესებს დააკვირდებიან. ამიტომაც ყველაფერი თვითდინებაზეა მიშვებული და ყოველ ჯერზე ლოკალურ დონეზე ხდება გადაწყვეტილებების მიღება თუ რომელი დაიწეროს “მანჩესტერ იუნაიტედი”, თუ “მანჩესთერ იუნაითედი”, “მეტიუ ბრაიზა” თუ “მეთიუ ბრაიზა” და ა.შ.
 
უკვე დიდი ხანია ვაკვირდები Google-ში საძიებო სტატისტიკას. მაგალითად “კლინტონის” ძიებისას 133 ათასი საძიებო ერთეული გამოაქვს, “ქლინთონის” დროს კი – 7 ათასი. “მანჩესტერ იუნაიტედი” – 80 ათასია, “მანჩესთერ იუნაითედი” კი – 55 ათასი... სტატისტიკური მონაცემების ჩამოთვლა უსასრულოდ შეიძლება, თუმცა ფაქტი ერთია – წლიდან წლამდე რუსული ფილტრის პროცენტული მაჩვენებელი Google-ის დაინდექსებულ გვერდებში იკლებს და ვინ იცის, რამდენიმე წელიწადში სურათი ისე შეიცვალოს, რომ უცხოურ გვარ-სახელთა ჩაწერის უკვე მოძველებული, საბჭოური ნორმები შესაცვლელი გახდეს და აღარ იყოს ასეთი ორაზროვანი კამათის საგანი. 

კომენტარები