დეკომუნიზაცია

პროტესტი
პროტესტი
 რამდენიმე ხნის წინ, უფრო ზუსტად კი 2005 წელს, გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელიზაბეთ მეორე, შვილიშვილმა ჰარიმ უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო – პრინცს სვასტიკის გამოსახულებიანი წითელი სამკლავური ამშვენებდა, როდესაც ის მამის მეგობრის, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, რიჩარდ მიდის კარნავალზე მივიდა. 

“შესაძლოა, ზოგი მსგავს საქციელზე ხალისობს კიდეც, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს ამაზრზენი ამბავია”, – განაცხადა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა სპიკერმა, ტერი ბარტონმა პრინცი ჰარის “გართობასთან” დაკავშირებით. მან სამეფო ოჯახის წევრის ჟესტს იმ ჯარისკაცთა შეურაცხყოფა უწოდა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში ნაციზმს დაუპირისპირდნენ.  
 
“ეს უგემოვნო და შეურაცხმყოფელია”, – პრინცის საქციელი არც ბრიტანელი ებრაელების ორგანიზაციას დაუტოვებია უკომენტაროდ.
 
ლეიბორისტი პარლამენტარი, შეიარაღებული ძალების ყოფილი მინისტრი დაგ ანდერსონი უფრო შორს წავიდა და ჰარი უინძორის სამხედრო კარიერა დააყენა კითხვის ქვეშ – “არ მგონია ეს ახალგაზრდა სენდჰერსტში (სამხედრო კოლეჯი) სწავლას იმსახურებდეს”, – თქვა მან. 
 
სამეფო ოჯახის წევრი, ვერც საკუთარი მამის, პრინცი ჩარლზის რისხვას გადაურჩა. დიდი ბრიტანეთის ყველაზე ძვირფასი სიმბოლოს – დედოფლის შვილიშვილმა მეორე დღესვე ბოდიში საჯაროდ მოიხადა.
ნეტავ, რა მოხდებოდა, პრინცი ჰარის სამკლავურზე ნაცისტური სვასტიკის ნაცვლად საბჭოთა ნამგალი და ურო რომ ყოფილიყო გამოსახული? 
 
აი, რას წერს Washington Post-ის სარედაქციო საბჭოს წევრი ან აპელბაუმი წიგნში “გულაგი”, რომლის გამოც ავტორმა პულიცერის პრემია მიიღო – “საბჭოთა სიმბოლიკის ამსახველ ნივთებს ძირითადად ამერიკელები და დასავლეთ ევროპელები ყიდულობენ. სვასტიკის გამოსახულება ყველას ცუდად ხდის, მაგრამ მაისურზე ან ქუდზე მიხატული ნამგალი და ურო არავის ანაღვლებს… ერთი რამ ცხადია: მაშინ როდესაც მასობრივი მკვლელობის ერთი სიმბოლო გვზარავს, მეორე სიმბოლო ღიმილს გვგვრის”.
 
ისტორია ზუსტი მეცნიერება არ არის და, შესაბამისად, ფაქტების ობიექტური ინტერპრეტაცია შეუძლებელია, მაგრამ ისტორიკოსთა დიდი ნაწილი თანხმდება, რომ კომუნიზმის მსხვერპლთა რიცხვი ნაციზმის მსხვერპლს ოთხჯერ აღემატება. “კომუნიზმის შავი წიგნის” მიხედვით, თუ ნაცისტურ რეპრესიებს 25 მილიონი ადამიანი შეეწირა, კომუნისტურმა რეჟიმებმა 100 მილიონი იმსხვერპლა. 
 
2006 წელს ამ მონაცემებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) 1481-ე რეზოლუციის მიღებისას დაეყრდნო. დოკუმენტით PACE-მა ტოტალიტარული კომუნისტური რეჟიმები დაგმო და წევრ სახელმწიფოებს კომუნიზმის დანაშაულებრივი ისტორიის შესწავლისკენ მოუწოდა. “ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში კომუნისტური რეჟიმების დამხობას მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების საერთაშორისო გამოძიება არ მოჰყოლია. უფრო მეტიც, ამ დანაშაულთა ჩამდენები არც საერთაშორისო სასამართლოს  წინაშე წარმდგარან, როგორც ეს ნაციონალ-სოციალისტების (ნაცისტების) შემთხვევაში მოხდა”. – ნათქვამია რეზოლუციაში. 
 
მართლაც, გერმანიისა და ავსტრიის დენაციფიკაცია 1945 წლის აპრილში, გენერალ დუაით ეიზენჰაუერის (შემდგომში აშშ-ის პრეზიდენტი) მითითების საფუძველზე დაიწყო. ეს პროცესი გერმანიის პოლიტიკური ცხოვრების დემოკრატიულ ჩარჩოებში მოქცევას გულისხმობდა. დენაციფიკაციის ფარგლებში დაიშალა და კანონგარეშედ გამოცხადდა როგორც ნაცისტური პარტია, ისე მასთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციები. მოხდა ნაცისტური რეჟიმის სიმბოლოების დემონტაჟი. გაუქმდა ყველა საკანონმდებლო დოკუმენტი, რომელიც რასობრივი, ეთნიკური ან რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას შეიცავდა. დენაციფიკაციის ფარგლებში აიკრძალა ნაცისტური დანაშაულის უარყოფა, გამართლება ან მისი მნიშვნელობისა და მასშტაბის შემცირება.
 
მოკავშირეების ინიციატივით ჩატარდა ცნობილი ნიურნბერგის პროცესი, სადაც გასამართლდნენ და ზოგ შემთხვევაში სიკვდილით დაისაჯნენ მაღალი რანგის ნაცისტები. ყველა სრულწლოვან ადამიანს საკუთარი წარსულის შესახებ ანკეტის შევსება დაევალა. შეიქმნა ასობით ადმინისტრაციული სასამართლო, რომელსაც მილიონამდე საქმე უნდა განეხილა. ნაცისტური პარტიის ყოფილ წევრებს და კოლაბორაციონისტებს აეკრძალათ ყველანაირი სამსახური გარდა ფიზიკური შრომისა. 
 
მაგალითად, დენაციფიკაციის პროცესის შედეგად, უნივერსიტეტში სწავლების უფლება გერმანელ ფილოსოფოსს მარტინ ჰაიდეგერს, ნაცისტური პარტიისადმი სიმპათიების გამო, რამდენიმე წლით ჩამოართვეს. კნუტ ჰამსუნი ფსიქიატრიულ ჰოსპიტალში მას შემდეგ მოათავსეს, რაც ნორვეგიელმა ნობელიანტმა მწერალმა ჰიტლერს გამოსათხოვარი სიტყვა დაუწერა და დიქტატორი “სამართლიანობისთვის მებრძოლად” მოიხსენია. 
 
დენაციფიკაციის პროცესის დასასრული კომუნისტურ ბლოკსა და თავისუფალ სამყაროს შორის ცივი ომის დაწყებით აღინიშნა. 
 
ცივი ომის ყველაზე თვალსაჩინო სიმბოლოდ ბერლინის კედელი იქცა, რომელიც ზუსტად 21 წლის წინ, 1989 წლის 9 ნოემბერს დაინგრა. ეს მოვლენა აღმოსავლეთ ევროპაში დეკომუნიზაციის დასაწყისად მიიჩნევა. ეფექტური დასაწყისი წინააღმდეგობრივად გაგრძელდა. საქმე ისაა, რომ დისიდენტებიც კი ვერ შეთანხმდნენ, თუ როგორ მოქცეოდნენ წარსულს. მათი ნაწილი მიიჩნევდა, რომ დამნაშავეების მიმართ მოწყალება უნდა გამოეჩინათ, წარსულის შესწავლაზე მეტად მომავალზე გაემახვილებინათ ყურადღება და დემოკრატიის შენებას შედგომოდნენ. სავარაუდოდ, ამ ადამიანებს ძნელად წარმოედგინათ, რომ კომუნისტებს ჭკუათმყოფელი ამომრჩეველი ხმას და ხელისუფლებაში დაბრუნების საშუალებას მისცემდა. ისინი მწარედ მოტყუვდნენ. 
 
ყველაზე თანმიმდევრულად დეკომუნიზაციის პროცესი აღმოსავლეთ გერმანიაში ჩატარდა. სასამართლოს წინაშე ის მესაზღვრეები წარდგნენ, რომლებიც კედლის დასავლეთით გაღწევის მსურველ მოქალაქეებს სასიკვდილოდ იმეტებდნენ. გასამართლდა ეგონ კრენცი, აღმოსავლეთ გერმანიის ბოლო კომუნისტი ლიდერი. მას ექვსი წელი და ექვსი თვე მიესაჯა. დააპატიმრეს ერიკ ჰონეკერი, ბერლინის კედლის ერთ-ერთი “შემოქმედი” და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერი 1976-1989 წლებში. თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ის მალევე შეიწყალეს. გაიხსნა სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს (STASI) არქივი და ყველა მოქალაქეს სურვილის შემთხვევაში საკუთარი ფაილის ნახვა შეეძლო. 2007 წელს BBC წერდა, რომ “აღმოსავლეთ გერმანიაში ყოველ შვიდ მოქალაქეზე თითო აგენტი მოდიოდა”. შედარებისთვის, ნაცისტურ გესტაპოს 2 ათას მოქალაქეზე მხოლოდ ერთი ოფიცერი ჰყავდა, საბჭოთა სუკ-ს  – 583 მოქალაქეზე  – ერთი აგენტი. 
 
ჩეხოსლოვაკია ერთ-ერთი პირველი იყო მათ შორის, ვინც 1991 წელს ლუსტრაციის კანონი მიიღო. ამ პროცესის მიზანი არ ყოფილა კომუნისტების გასამართლება, ის მხოლოდ 1948 წლის კომუნისტური გადატრიალების მსგავსი შემთხვევების პრევენციას ისახავდა მიზნად და ახალ მთავრობაში   კომუნისტების ინფილტრაციას ზღუდავდა.
 
ჩეხოსლოვაკიის ლუსტრაციის კანონის მიხედვით, კომუნისტურ ნომენკლატურას, სახალხო მილიციის თანამშრომლებს, უშიშროების ინფორმატორებსა და კოლაბორაციონიზმში ეჭვმიტანილებს მომდევნო 5 წლის განმავლობაში აეკრძალათ სამსახური დანიშვნით თუ არჩევით თანამდებობებზე, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, ისე აკადემიურ წრეებსა და მედიაში.
 
1993 წელს ჩეხოსლოვაკია, ჩეხეთის რესპუბლიკად და სლოვაკეთად დაიშალა. სლოვაკეთი ლუსტრაციის კანონს ვადის გასვლის შემდეგ არ მიბრუნებია, ხოლო ჩეხეთის პარლამენტმა – პრეზიდენტ ვაცლავ ჰაველის ვეტოს მიუხედავად – კანონის მოქმედების ვადა 2000 წლამდე გააგრძელა. თუმცა ჩეხეთში, გერმანიისგან განსხვავებით, უშიშროების არქივი არ გამოუმზეურებიათ.  
 
ალბანეთი პირველი ბალკანური ქვეყანაა, რომელმაც კომუნისტური პარტიის წევრების საქმიანობის შეზღუდვა დაიწყო. 1992 წელს მიღებული კანონი პოლიტიკური პარტიების შესახებ კრძალავს “ნებისმიერი პარტიისა თუ ორგანიზაციის შექმნას, რომელიც ეფუძნება ანტიეროვნულ, შოვინისტურ, რასისტულ, ტოტალიტარულ, სტალინისტურ, ენვერისტულ, კომუნისტურ თუ მარქსისტ-ლენინისტურ პრინციპებს”. 1992-1994 წლებში სამოცდაათზე მეტი ყოფილი კომუნისტური ნომენკლატურის წარმომადგენელი გასამართლდა. 
 
1994 წელს ლუსტრაციის კანონი მიიღო უნგრეთმა – შემოწმდა დაახლოებით 12 ათასი თანამდებობის პირის კავშირები კომუნისტური პარტიის უშიშროების სამსახურებთან. მათ შორის იყვნენ პარლამენტის წევრები, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი, ელჩები, სამხედრო თანამდებობის პირები, ტელევიზიისა და რადიოს რედაქტორები, სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორები, სახელმწიფო ბანკების მმართველები და ასე შემდეგ. 
 
უნგრეთში აიკრძალა კომუნისტური და ნაცისტური სიმბოლიკა. 2003 წელს, უნგრელი პოლიტიკოსი დემონსტრაციაზე წითელი ვარსკვლავით გამოჩენის გამო დააპატიმრეს და დააჯარიმეს კიდეც.
 
ლუსტრაციის პროცესის დაწყება პოლონეთში 1997 წლამდე ვერ მოხერხდა, თუმცა ამ დროს მიღებული კანონი იმდენად სუსტი იყო, რომ 2006 წელს ახალი უფრო ქმედითი რეგულაციის მიღება გახდა საჭირო. ამ კანონის საჭიროებას, პოლონეთის მაშინდელი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი იმით ასაბუთებდა, რომ ერთმანეთთან შეზრდილი ყოფილი სპეცსამსახურებისა და კომუნისტური ნომენკლატურის წარმომადგენლები კვლავაც აკონტროლებდნენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მნიშვნელოვან ნაწილს. საჭირო იყო მათი გამოაშკარავება.  
 
2006 წლის კანონი 1972 წლამდე დაბადებულ პოლონეთის ყველა იმ მოქალაქეს შეეხო, რომელთაც მნიშვნელოვანი თანამდებობა ეკავათ როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, ისე საგანმანათლებლო სისტემასა და ეკლესიაში. ლუსტრაციის პროცესის მორიგ დაბრკოლებად, საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის გადაწყვეტილება იქცა, რომელმაც კანონის რამდენიმე მუხლი არაკონსტიტუციურად ცნო. 
 
საქმე ისაა, რომ უშიშროების არქივი პოლონეთში არ გახსნილა. ლუსტრაციის კანონის მოწინააღმდეგეები თვლიან, რომ ეს ხელისუფლებას შერჩევითი გაჟონვის მეშვეობით, პოლიტიკურ ოპონენტებზე ანგარიშსწორების შესაძლებლობას აძლევს. ამიტომ, დღეს პოლონეთში უშიშროების არქივის სრულ გასაჯაროებაზე ფიქრობენ. 
 
პოლონეთში ნაცისტური და კომუნისტური სიმბოლიკა – იქნება ეს ნამგალი და ურო თუ ჩე გევარას გამოსახულება – სისხლის სამართლის კოდექსით აიკრძალა. იგივე შეზღუდვა მოქმედებს ბალტიისპირეთის ქვეყნებში, სადაც საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებისაგან განსხვავებით, ლუსტრაციის პროცესიც შედარებით თანმიმდევრულად ჩატარდა.  
 
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებისა, ლუსტრაციის პროცესი მეტ-ნაკლები წარმატებით განხორციელდა მაკედონიაში, ბულგარეთსა და რუმინეთში. 1991 წელს კომუნისტური პარტია აიკრძალა მოლდოვაშიც. თუმცა 1993 წელს აკრძალვა მოიხსნა და 2001-2009 წლებში კომუნისტები მმართველ ძალას წარმოადგენდნენ. 
 
ევროპაში დეკომუნიზაციის და დენაციფიკაციის შედარება ცხადყოფს, რომ პროცესი შეუქცევადი მხოლოდ იქ აღმოჩნდა, სადაც მას გარეშე ძალები წარმართავდნენ. ამის მაგალითია გერმანია, რომლის დენაციფიკაციაც მოკავშირეთა სამხედრო ოკუპაციის პირობებში ჩატარდა. ხოლო დეკომუნიზაცია აღმოსავლეთ გერმანიის სახელმწიფოებრიობის სრული გაუქმების შედეგად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ზედამხედველობით მოხდა. 
 
საბჭოთა ბლოკში შემავალი სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველომაც სცადა დეკომუნიზაციის პროცესის დაძვრა. გამსახურდიას პარლამენტმა კომპარტია აკრძალა, ხოლო მისი სიით არჩეული დეპუტატები უზენაესი საბჭოდან გარიცხა. 
 
ცხადია, ყოფილი პირველი მდივნის, ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პირობებში ლუსტრაციის კანონი დღის წესრიგში ვერ დადგებოდა. მიუხედავად ამისა, დეპუტატ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი “საქართველოს მოქალაქეთა მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ”. კანონის შესავალი ასე გამოიყურება: “ანტიჰუმანურ იდეოლოგიაზე დაფუძნებულმა ტოტალიტარულმა კომუნისტურმა საბჭოთა რეჟიმმა, მრავალი მძიმე დანაშაული ჩაიდინა – ათასობით საქართველოს მოქალაქე გახდა ამ რეჟიმის მიერ განხორციელებული რეპრესიების მსხვერპლი”.
 
შევარდნაძის მმართველობის დასრულებისთანავე, უშიშროების სამინისტროს არქივი გაიხსნა. ამ არქივის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი – ინფორმაცია აგენტურის შესახებ, საქართველოდან გატანილია და რუსეთში ინახება. დღეს, ამ არქივით ძირითადად საბჭოთა პერიოდის მკვლევრები სარგებლობენ.  
 
ამა წლის 28 ოქტომბერს, 1991 წლის მრავალპარტიული საპარლამენტო არჩევნების 20 წლის თავზე, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო დეპუტატ გია თორთლაძის მიერ ინიცირებული “თავისუფლების ქარტია”. ამ ეტაპზე მხოლოდ პრინციპებზე შეთანხმება მოხდა და როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში აცხადებენ, გამორიცხული არ არის, რომ შემოთავაზებულ დოკუმენტში მომავალში მნიშვნელოვანი კორექტივები შევიდეს. 
 
ცვლილებები კანონპროექტს მართლაც ესაჭიროება, ვინაიდან ის უკიდურესად ეკლექტურია და უამრავ ხარვეზს შეიცავს.  
 
პრინციპები – რაზეც დეპუტატები შეთანხმდნენ და ნაკლებად სავარაუდოა მომავალში ცვლილებები შეეხოს – გულისხმობს იმას, რომ საბჭოთა აგენტების რეესტრი შედგება, კომპარტიისა და კომკავშირის ნომენკლატურას კი უმაღლესი სახელმწიფო არჩევითი და დანიშვნითი თანამდებობების დაკავება შეეზღუდებათ. მათ არ შეეძლებათ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში საგანმანათლებლო საქმიანობა, ასევე ჯარში და პოლიციაში სამსახური. ისინი ვერც საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობას შეძლებენ. 
 
ყველაზე დიდი აჟიოტაჟი, კანონპროექტის იმ ნაწილმა გამოიწვია, რომელიც საბჭოთა სიმბოლიკის აკრძალვას შეეხება. ამ მიმართულებით კანონს განსაკუთრებული დახვეწა სჭირდება. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ამბობენ, კანონპროექტის ახალი რედაქციით, შეზღუდვა მხოლოდ საჯარო საკუთრებაში მყოფ, ან საჯარო დაფინანსების მქონე ობიექტებს შეეხება. გამონაკლისს ისტორიული ძეგლებისათვის დაუშვებენ. კანონი არ გავრცელდება კერძო პირებსა და მათ საკუთრებაზე. 
 
ამ იდეის მოწინააღმდეგეთა მთავარი წუხილი ისტორიული მეხსიერებაა. მათი აზრით, კომუნისტური სიმბოლიკა მომავალ თაობებს უნდა შევუნარჩუნოთ. ბევრი კრიტიკოსი მიიჩნევს, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში პარლამენტის შენობიდან ნამგალი და უროს დემონტაჟი იგივეა, რაც კომუნისტების მიერ იმავე ადგილას მდგარი ეკლესიის დანგრევა. ისინი თვლიან, რომ თუ იმელის შენობას არ ვუფრთხილდებით, ნარიყალაც არ უნდა წარმოადგენდეს ფასეულობას, რადგან ისიც დამპყრობლების აშენებულია. 
 
იდეის კრიტიკოსთა ლოგიკას რომ გავყვეთ, მაშინ ალავერდისა და სვეტიცხოვლის ტაძრების კედლებიც თეთრად შეღებილი უნდა შეგვენარჩუნებინა, რადგან გადაღებილი ხატებიც ჩვენი ისტორიის ნაწილია.
 
პლურალისტურ საზოგადოებაში არსებობის უფლება ყველანაირ აზრს აქვს. საბჭოთა სიმბოლიკის შენარჩუნების მომხრეებს სრული უფლება აქვთ, სათუთად შეუნახონ მომავალ თაობას ლენინის, ორჯონიკიძის, სტალინის და კამოს ქანდაკებები, ოღონდ არა გადასახადის გადამხდელთა ხარჯზე. მათ ავიწყდებათ, რომ არავის აქვს უფლება აიძულოს მოქალაქე ფული მისთვის საძულველ ან მიუღებელ იდეოლოგიას მოახმაროს. ეს სინდისზე ძალადობას ნიშნავს. 

კომენტარები