50 წლის წინ: დინამო ინგლისში

დინამოელები ლონდონში. მარცხნიდან: თენგიზ მელაშვილი, შოთა იამანიძე, სულიკო თორაძე, ბასა ღოღობერიძე და ზაურ კალოევი
დინამოელები ლონდონში. მარცხნიდან: თენგიზ მელაშვილი, შოთა იამანიძე, სულიკო თორაძე, ბასა ღოღობერიძე და ზაურ კალოევი
ზუსტად ნახევარი საუკუნის წინ თბილისის დინამო საერთაშორისო ამხანაგური თამაშების ჩასატარებლად ინგლისში ჩავიდა.
ეს იყო ქართველების პირველი სტუმრობა ფეხბურთის სამშობლოში.

სამწუხაროდ, მაშინ, 1960 წელს, ამ ტურნეს შესახებ თითქმის არაფერი დაუწერიათ და მით უმეტეს, მას შემდეგ არავინ მიბრუნებია ალბიონზე ჩატარებულ სამ თამაშს.

ეგებ, ეს არცთუ წარმატებული ტურნეს ბრალი იყო – დინამომ ხომ სამიდან ორი თამაში დიდი ანგარიშით წააგო, მაგრამ ფეხბურთი მარტო გატანილი და გაშვებული გოლი ხომ არაა?
მოსკოვის ორი-სამი კლუბის გარდა, იმ დროს სხვა გუნდებისთვის თითქმის წარმოუდგენელი იყო ევროპის ძლიერ კლუბებთან თამაში, დინამოს კი მხოლოდ მას შემდეგ დართეს ინგლისში გამგზავრების უფლება, რაც საბჭოთა კავშირის თასის გადამწყვეტი მატჩი მოსკოვის ტორპედოსთან 3:4 წააგო.

60-იანი წლების დინამოელებს არაერთხელ დაუჩივლიათ იმ ფინალში არაობიექტურ მსაჯობაზე, რამდენიმეს კი არც დაუმალავს: ქართველები მხოლოდ იმიტომ გაუშვეს ინგლისში, ტორპედოელებთან წაგება მეტ-ნაკლებად იოლად რომ გადაეტანათ...

იმ დროისთვის დინამოს უკვე ჰქონდა უცხოურ კლუბებთან თამაშის გამოცდილება: 1937 წელს, თბილისში ლეგენდარული ბასკების სტუმრობის შემდეგ საქართველოს არაოფიციალურმა ნაკრებმა დინამომ 60-ზე მეტი საერთაშორისო შეხვედრა ჩაატარა, რამდენიმე ისტორიული გამარჯვებაც იზეიმა, თუმცა ინგლისურ კლუბებთან პაექრობაში წარმატებით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდა: 1957 წლის 7 ივნისს ვესტ ბრომვიჩ ალბიონს უმასპინძლა და 0:3 განადგურდა (თბილისში ბობი რობსონმაც ითამაშა, რომელიც წლების შემდეგ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ინგლისელი მწვრთნელი გახდა), 1960 წლის 28 მაისს კი შეფილდ უენსდის მე-16 წუთზე მიშა მესხის გატანილი პენალტით 1:0 მოუგო...

საბჭოთა კავშირის თასის ფინალისტის სტუმრობამ ინგლისში დიდი ინტერესი გამოიწვია, დინამოს სამივე მეტოქემ წინასამატჩო პროგრამებში ქართველ ფეხბურთელებს დიდი ადგილი დაუთმო.

ქართველიო, შემთხვევით არ გვითქვამს – მაგალითად, შეფილდ უენსდისთან მატჩის პროგრამაში დინამოელებისადმი მიძღვნილი წერილი სწორედ ასეა დასათაურებული: „მხურვალე სალამი ქართველ სტუმრებს”. იმ დროს თბილისელებს, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყველა საბჭოთა ფეხბურთელებად მოიხსენიებდა...

ინტერესს აძლიერებდა ისიც, რომ დინამო ინგლისს ევროპის თასის პირველი გათამაშების ორი გამარჯვებულით ესტუმრა: ცენტრალურმა მცველმა გივი ჩოხელმა და გარემარბმა მიხეილ მესხმა ევროპირველობა ოთხი თვით ადრე მოიგეს საფრანგეთში, სსრკ-ის ნაკრების შემადგენლობაში.

1960 წლის 7 ნოემბერს, ორშაბათს, ქალაქ შეფილდის ჰილსბროს სტადიონზე ადგილობრივი დროით 19:15 საათზე დინამომ პირველი თამაში დაიწყო. მეტოქე შეფილდ უენსდი იმ დროს ინგლისის ჩემპიონატში მეორე ადგილზე იყო – ლიდერს ტოტენჰემ ჰოთსფურს 5 ქულით ჩამორჩებოდა, სამაგიეროდ, 17 ტურის შემდეგ ყველაზე ნაკლები, 12 გოლი ჰქონდა გაშვებული...

ყველაზე მეტად, რამაც გამაოცა, ეს მინდვრის საფარი იყო. ნოემბერში არათუ ინგლისში, თბილისშიც ძალიან ცივა. იქ კი მინდორი ხასხასა იყო! რაც შეეხება მატჩს, მასპინძლებმა თავიდანვე მაღალ ტემპში შემოგვიტიეს და ბოლო წამამდე არ გაჩერებულან. ბოლოს უკვე მარტო ისინი თამაშობდნენ, – დინამოელთა თავდამსხმელი ვლადიმერ ბარქაია ინგლისურ ტურნეს წლების შემდეგ, ერთ-ერთ ინტერვიუში გაკვრით შეეხო.

შეფილდ უენსდიმ ის მატჩი 5:0 მოიგო: ინგლისის 23-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელმა, მეათე ნომერმა ჯონ ფენტჰემმა 4 გოლი გაიტანა, ერთი კი ცენტრფორვარდმა, მეცხრე ნომრით მოთამაშე კიტ ელისმა შეაგდო. მოსკოვის ტორპედოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ნახევარმცველმა ვალერი ვორონინმა, რომელიც დინამოს სპეციალურად ამ ტურნესთვის დაემატა, მხოლოდ შეფილდელებთან მატჩი გამოტოვა...

10 ნოემბერს, ხუთშაბათს, დინამო ვულვერჰემპტონ უონდერერზს სტადიონ მოლინექსზე დაუპირისპირდა. ერთ-ერთი ინგლისელი საფეხბურთო მიმომხილველი მატჩის წინ წერდა, დინამო ძალიან უცნაური გუნდია, შეიძლება ერთი თამაში ჩააგდოს, მეორე კი ბრწყინვალედ ჩაატაროსო. ჩანს, ის ჟურნალისტი კარგად იცნობდა ქართველებს: მიშა მესხის და ბასა ღოღობერიძის დუბლებით, ასევე ზაურ კალოევის თავურით თბილისელები 5:2-ს იგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ თამაში ფრედ 5:5 დასრულდა.

არც მანამდე და არც მას შემდეგ დინამოს ასეთი შედეგიანი ფრე არ უთამაშია.

ტურნე კი 14 ნოემბერს, ორშაბათს, ლონდონის უაით ჰართ ლეინზე, ინგლისის ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერ ტოტენჰემ ჰოთსფურთან მატჩით დასრულდა. ორი დღით ადრე, ინგლისის ჩემპიონატში ტოტენჰემი შეფილდ უენსდისთან სტუმრად 1:2 დამარცხდა...

ისევე, როგორც ჰილსბროზე, დინამომ უაით ჰართ ლეინზეც წააგო. ამჯერად 2:5.

ბილ ნიკოლსონის გუნდი შეუდარებელი იყო: 1960-61 წლების სეზონში ლონდონელებმა ჩემპიონატიც მოიგეს და თასიც! ტოტენჰემ ჰოთსფური ინგლისის პირველი კლუბი გახდა მეოცე საუკუნეში, დუბლი რომ შეასრულა. და რაც არანაკლებ საინტერესოა, იმ სეზონში ჩემპიონატში 115 გოლი შეაგდო – საუკეთესო შედეგი კლუბის ისტორიაში!

და ასეთ გუნდთან თამაშზე დღეს ჩვენ არაფერი ვიცით ანგარიშის, გოლის ავტორების და დინამოელთა შემადგენლობის გარდა.
რბილად რომ ვთქვათ, გულდასაწყვეტია.
ამ ტურნეში დინამოს ჟურნალისტი, ცხადია, არ ახლდა.

ქართველმა ფეხბურთელებმა რაც თქვეს ინგლისში სტუმრობაზე, ზემოთაც წაიკითხეთ, დელეგაციის ხელმძღვანელ ამხანაგ ვ. მოშკარკინს კი, ვინც იმ დროს სსრკ-ის საფეხბურთო კავშირის გენერალური მდივანი იყო, არ გაგიკვირდებათ და, თავი არ შეუწუხებია.

მას შემდეგ დინამო მხოლოდ ორჯერ ესტუმრა ინგლისს ამხანაგური თამაშების ჩასატარებლად: ჯერ 1989 წლის აგვისტოში, შემდეგ კი 1996 წლის ნოემბერში.

სამწუხაროა და ალბათ, დაუჯერებელიც, მაგრამ ამ ორ ტურნეზე უფრო ცოტაა ცნობილი, ვიდრე ნახევარი საუკუნის წინანდელ თამაშებზე.

თბილისის დინამოს პირველი ტურნე ინგლისში

7 ნოემბერი, 1960. ინგლისი, შეფილდი.
ამხანაგური მატჩი
0:5 შეფილდ უენსდი
დინამო: ს. კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, ს. თორაძე, გ. ხოჭოლავა (ა. ღოღობერიძე), ჯ. ზეინკლიშვილი, გ. ჩოხელი, თ. მელაშვილი, ვ. ბარქაია, ზ. კალოევი, შ. იამანიძე, მ. მესხი

10 ნოემბერი, 1960. ინგლისი, ვულვერჰემპტონი.
ამხანაგური მატჩი
5:5 ვულვერჰემპტონ უონდერერზი
გოლები: მ. მესხი (2), ა. ღოღობერიძე (2), ზ. კალოევი
დინამო: ს. კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, ს. თორაძე, გ. ჩოხელი, ვ. ვორონინი, შ. იამანიძე, თ. მელაშვილი, ვ. ბარქაია, ზ. კალოევი, ა. ღოღობერიძე, მ. მესხი

14 ნოემბერი, 1960. ინგლისი, ლონდონი.
ამხანაგური მატჩი
2:5 ტოტენჰემ ჰოთსფური
გოლები: თ. მელაშვილი, ვ. ბარქაია
დინამო: ს. კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, ს. თორაძე, გ. ჩოხელი, ვ. ვორონინი, შ. იამანიძე, თ. მელაშვილი, ვ. ბარქაია, ზ. კალოევი, ა. ღოღობერიძე, მ. მესხი

კომენტარები