აშშ-საქართველოს ურთიერთობები

ჯონ ბასი: იცით, ვინ არ ხართ, გასარკვევია – ვინ გინდათ იყოთ

ჯონ ბასი და ჰილარი კლინტონი
ჯონ ბასი და ჰილარი კლინტონი

ჯონ ბასი
ფოტო: ჯონ ბასი
თქვენი კარიერის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჩანს, ცხელი წერტილები გიზიდავთ. რატომ მოისურვეთ საქართველოში მუშაობა?

მართლაც, რაც დიპლომატიურ სამსახურში ვარ, ისეთი საქმე უფრო მიზიდავს, სადაც მოქმედებაა საჭირო. არ მაინტერესებს მხოლოდ ქვეყანაში მიმდინარე პროცესის დაკვირვება და მისი ანალიზი, თუმცა ამასაც ვაკეთებ. რეფორმისა და წინსვლის პროცესში დახმარება ბევრად უფრო მიმზიდველია – საქართველო ამის მაგალითია. ჩავთვალე, რომ მეც შემეძლო წვლილის შეტანა თქვენი ქვეყნის განვითარებაში. რეგიონს ჩამოსვლამდეც კარგად ვიცნობდი, მასზე მუშაობის გამოცდილება 90-იანი წლების ბოლოს და ამ ათწლეულის პირველ ნახევარში მივიღე.

ქართული დემოკრატიის ყველაზე დიდ გამოწვევად რას მიიჩნევთ?

ვფიქრობ, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სწორი მიმართულებით, მაგრამ ვთვლი, რომ მიუხედავად უამრავიგამოწვევისა, ეს მაინც დემოკრატიზაციის იოლი ეტაპი იყო – შეიქმნა საკანონმდებლო ბაზა და ინსტიტუტები, განაწილდა როლები. ახლა დემოკრატიის კულტურის დამკვიდრების რთულ ეტაპზე გადახვედით. ეს პროცესი გულისხმობს მოქალაქეების გაცნობიერებას, არა იმდენად კოსმოპოლიტურ თბილისში, არამედ რეგიონებში, იქნება ეს ამბროლაური, ონი, მესტია, თუ ოზურგეთი, თავიანთი უფლებებისა და მოვალეობების სფეროში.

ძალიან მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა გაიაზრონ, რომ მათ გარკვეული საზოგადოებრივი როლი აკისრიათ, რომ შეუძლიათ თავიანთი წუხილი არჩეულ თანამდებობის პირებს გააცნონ, შეაფასონ ეს პირები მათ მიერ შესრულებული სამუშაოს მიხედვით, და თუ უკმაყოფილონი აღმოჩნდებიან, შემდეგ არჩევნებში ხმა სხვას მისცენ. იგივე ეხებათ ხელისუფლების წარმომადგენლებსაც, მათაც უნდა გაიაზრონ, რომ ხელისუფლების ქმედებების და ხშირ შემთხვევაში ამ ქმედებათა გამომწვევი მიზეზების საზოგადოებისთვის ახსნა, მათი მოვალეობების განუყოფელი ნაწილია.

დემოკრატიის მხრივ ერთი პრობლემის დასახელებას თუ მომთხოვთ, ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის კომუნიკაციას ავირჩევდი. ბევრი რამ ხდება გნებავთ თბილისში და გნებავთ მის ფარგლებს გარეთ ისეთი, რის შესახებაც ინფორმაცია, მხოლოდ მითქმა-მოთქმით ვრცელდება. გასაგებია, რომ შეთქმულების თეორიების მოფიქრება ქართველების საყვარელი სპორტია, მაგრამ ამას ნოყიერ ნიადაგს ინფორმაციის ნაკლებობაც უქმნის.

რა პრიორიტეტებს ისახავს შეერთებული შტატების დახმარების პროგრამა დემოკრატიზაციის კუთხით?

კონფლიქტების მართვის გარდა, ქართული საზოგადოების წინაშე მდგარი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ძალაუფლების ლეგიტიმური გზით გადაცემაა. ეს გზა საარჩევნო ყუთზე გადის.

დავით ბაქრაძემ კარგად აღნიშნა საკონსტიტუციო რეფორმაზე საუბრისას, რომ საქართველო პრეზიდენტს აქამდე ქუჩაში მიმდინარე პროცესების შედეგად იცვლიდა.

ჩვენ შევეცდებით დაგეხმაროთ იმ წინაპირობების შექმნაში, რაც თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლადაა აუცილებელი. მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ თანაბარ პირობებში იბრძოლოს ამომრჩევლების ხმებისათვის. ამომრჩევლებს კი მიეცეთ ფართო არჩევანი.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა იმსჯელონ, თუ რისი მიღწევა სურთ და რა გზით, და მხოლოდ კრიტიკით არ შემოიფარგლონ.
ჩვენ გავაგრძელებთ პარტიების დახმარებას პოლიტიკური ჩვევების დახვეწის კუთხით. იქნება ეს კანდიდატების იდენტიფიცირება თუ პოლიტიკური გზავნილების ჩამოყალიბება. ჩავატარებთ საზოგადოებრივი აზრის კვლევებს, რათა პარტიებმა შეიტყონ რა აინტერესებს ამომრჩეველს.

ამას გარდა, განვაგრძობთ უნივერსიტეტების დახმარებას ჟურნალისტიკის სფეროში. შევეცდებით ჟურნალისტებს ავუხსნათ, თუ რა ტიპის ინფორმაციის მიწოდებას საჭიროებს საზოგადოება, იმისთვის რომ სწორი არჩევანი გააკეთოს.

ამასთან დაკავშირებით, მინდა გავიხსენო ტელეკომპანია კავკასიის ინციდენტი, როდესაც სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის წევრები ტელედისკუსიის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. თქვენ ამ შემთხვევას პერსონალურად გამოეხმაურეთ. რატომ ჩათვალეთ მკაფიო პოზიციის გამოხატვა საჭიროდ?

კავკასიის ინციდენტზე საუბრისას, აუცილებელია ხაზგასმით აღინიშნოს, – საქართველოს მომავალთან და მის რაობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობა სავსებით ლეგიტიმურია. თუ საქართველოს მართლაც სურს, მომავალი ევროპას დაუკავშიროს და თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს, როგორც ამას მისი ბევრი მოქალაქე ამბობს, უნდა გაითვალისწინოს, რომ სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობების მიმართ შემწყნარებელი საზოგადოება, ევროპულ ოჯახში შესვლის აუცილებელი წინაპირობაა.

საზოგადოებრივი დისკუსია იმის თაობაზე, თუ როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს ერთ ან სხვადასხვა აღმსარებლობებს და სახელმწიფოს, სავსებით მისაღებია. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დისკუსია ძალადობის გარეშე, ურთიერთპატივისცემის რეჟიმში წარიმართოს.

ყველაზე მეტად ამ ინციდენტში სწორედ იმან შემაშფოთა, რომ ადგილი ჰქონდა კონფრონტაციის გაღვივების მცდელობას, რათა დისკუსია ძალადობით ჩაეხშოთ. არა მგონია, მსგავსმა ინციდენტებმა ხელი შეუწყოს საქართველოს იმ მიზანთან მისვლაში, რომლის მიღწევაც მის მოქალაქეებს სურთ.

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივამ, ინგლისური ენის სწავლების გაძლიერებასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში მწვავე კამათი გამოიწვია. თქვენ რას ფიქრობთ?

ცხადია, ჩვენ, ამერიკელებს ეს იდეა ძალიან მოგვწონს. ვფიქრობ, მართებული გადაწყვეტილებაა, არა იმიტომ, რომ აქცენტი მაინცდამაინც ინგლისურზე კეთდება, არამედ იმიტომ, რომ ის ქართველებს უბიძგებს უცხო ენა ისწავლონ. იმისთვის, რომ გლობალიზებულ სამყაროში წარმატებას მიაღწიო, სხვა საზოგადოებებთან ურთიერთობა უნდა შეგეძლოს.

თქვენ უაღრესად საინტერესო ისტორია და კულტურა გაქვთ. აღფრთოვანებული ვარ, რომ უამრავი ქარტეხილის მიუხედავად შეძელით შეგენარჩუნებინათ ანბანი და ენა ათასწლეულების განმავლობაში. მაგრამ ქართულად მსოფლიოში არცთუ ბევრი ადამიანი საუბრობს.

იმისთვის, რომ საქართველო საერთაშორისო საზოგადოების წევრი და გლობალური ეკონომიკის კონკურენტუნარიანი მონაწილე გახდეს, ქართველებმა უცხო ქვეყნებთან და უცხო ენაზე ურთიერთობა უნდა შეძლონ. მჯერა, რომ ამ გზით საქართველოს მომავალში სწორი ინვესტიცია ჩაიდო.

ის, თუ რას ნიშნავს გლობალიზაციის პირობებში ცხოვრება, ეროვნული იდენტობის რა ნაწილი ეწირება პროგრესს, ლეგიტიმური დისკუსიის თემაა. მსგავსი კამათი ბევრ სხვა ქვეყანაში მიმდინარეობს და მართალია, რომ ყველა საზოგადოებამ, თავისი “ოქროს შუალედი” უნდა გამონახოს.

ჩემი დაკვირვებით, ქართული საზოგადოების დისკუსიას თემაზე – “ვინ ვართ ჩვენ”, ბოლო ოცი წელია განსაზღვრავდა ის, თუ “ვინ არ ვართ” – არ ვართ საბჭოთა, არ ვართ სხვისი ვასალები, არ ვგავართ ჩვენს მეზობლებს, არ ვართ წარმართები ან ათეისტები. ვფიქრობ, ახლა კამათის შემდეგ საფეხურზე გადახვედით, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე გაარკვიეთ ვინ არ ხართ. ახლა ჯერი იმის გარკვევაზეა თუ ვინ ხართ და, რაც მთავარია, ვინ გინდათ იყოთ, ვინ გინდათ იყვნენ თქვენი შვილები, რას ნიშნავს იყო ქართველი 2020 ან 2030 წელს. ეს ძალიან საინტერესო ეტაპია.

ცოტა რამ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ. რა შეიძლება მოგვიტანოს ამ რეფორმამ?

სანამ არჩევანს ნაფიცი მსაჯულების შემოღების სასარგებლოდ გააკეთებდა, საქართველოს ხელისუფლებამ შეისწავლა როგორც ჩვენი, ისე სხვა ქვეყნებში მოქმედი სისტემები და გადაწყვეტილება თავად მიიღო. მართლაც, შეერთებული შტატების სასამართლო სისტემა ძალიან განსხვავდება კონტინენტური სასამართლო სისტემებისგან ევროპაში. გვჯერა, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ეფექტიანი გზაა მოქალაქეების ქვეყნის და საზოგადოების მართვის ყველა კომპონენტში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. ჩვენი აზრით, შეუძლებელია იყოს კანონის უზენაესობა და წარმომადგენლობითობა, თუ მოქალაქეები არ მონაწილეობენ მათი თანამოქალაქეების ბედის განსაზღვრაში – მათი უდანაშაულობის ან დამნაშავეობის დადგენის გზით. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მოსამართლეებს მნიშვნელოვანი როლი არ აკისრიათ.

არც ერთი სასამართლო სისტემა არ არის უნაკლო. რომ განვაზოგადოთ, არც ერთი სისტემა, რომელიც ადამიანის მონაწილეობას გულისხმობს, არ შეიძლება იყოს უშეცდომო. მაგრამ მჯერა, რომ ისეთი პრაქტიკა, სადაც თავად მოქალაქეები იღებენ მონაწილეობას სასამართლო პროცესში და არა მხოლოდ აბსტრაქტული ჯგუფი ადამიანებისა, რომლებსაც შეიძლება შეხებაც კი არ აქვთ რიგით მოქალაქეებთან – წინ გადადგმული ნაბიჯია.

 თქვენს ჩამოსვლამდე რამდენიმე თვით ადრე, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია გაფორმდა. რა დატვირთვა აქვს ამ დოკუმენტს და რა გავლენას იქონიებს ის ჩვენს ურთიერთობაზე?

ქარტიის ხელმოწერა ორ რამეს ნიშნავს. პირველი – ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის მომწიფებას. ამ პროცესს, ორ ინდივიდს შორის ურთიერთობას შევადარებდი, რომელიც თავდაპირველად იმის მიხედვით ვითარდება, რაც მათ გარშემო ხდება, შემდეგ კი იმ ეტაპზე გადადის, სადაც ინდივიდები თავად საზღვრავენ რა მიმართულებით განვითარდეს მათი ურთიერთობა. ეს პარტნიორობა ორივე ქვეყნისთვის მომგებიანია.

ამ ნაბიჯით, ჩვენ გადავინაცვლეთ იმ საფეხურიდან, სადაც საქმის დიდი ნაწილი ad hoc რეჟიმში კეთდებოდა, იმ ეტაპზე, სადაც გასაკეთებელი საქმე თემატურადაა დაჯგუფებული და დროის დიდ მონაკვეთზეა გათვლილი.

მეორე – ამ გზით, ჩვენ განვსაზღვრავთ იმას, თუ რა არის ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტები და როგორ განვახორციელოთ ისინი.

რასაც ამერიკელები ოკუპაციას უწოდებენ, რუსებისთვის ის ახალი რეალობაა. დეოკუპაციის მკაფიო გეგმა ჯერჯერობით რომ არ არსებობს, ეს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ფილიპ გორდონმაც დაადასტურა. რა შეიძლება იყოს შემდეგი ნაბიჯი ამ მიმართულებით?

ეს ყველაზე რთული საკითხია ამერიკასა და რუსეთს, ან ევროპასა და რუსეთს შორის – როგორ უზრუნველვყოთ, რომ რუსეთის ფედერაციამ შეასრულოს ვალდებულებები და დაემორჩილოს 1975 წლის ჰელსინკის საბოლოო აქტსა და მომდევნო საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტებში გაწერილ პრინციპებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოექცნენ ერთმანეთს სახელმწიფოები თანამედროვე მსოფლიოში.
ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ტერიტორიებთან დაკავშირებული კონფლიქტები სამხედრო გზით ვერ მოგვარდება. ამის შესახებ არაერთხელ განაცხადეს, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, ისე სხვა მაღალი თანამდებობის პირებმა. ჩვენც იმავეს ვფიქრობთ.

ამ კონტექსტის გათვალისწინებით, პროგრესს სწრაფად ვერ დავინახავთ. ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის ორივე მხარეს ძალიან მძაფრი განწყობები დომინირებს. ტერიტორიების და დანარჩენი საქართველოს მცხოვრებლები თითქოს ერთმანეთის პარალელურ სამყაროში ცხოვრობენ. აფხაზებსა და ოსებს წარმოდგენაც არ აქვთ, რა ხდება დანარჩენ საქართველოში. 

არ ვიტყოდი, რომ საქართველოს გაერთიანების სტრატეგია არ არსებობს. არსებობს, მაგრამ მისი შესრულება ბევრ დროსა და მოთმინებას მოითხოვს, როგორც თქვენი, ისე ჩვენი და ევროპელების მხრიდან. სტრატეგიის ფარგლებში ვცდილობთ, საერთაშორისო თანამეგობრობამ შეაღწიოს ტერიტორიებზე, გავხსნათ კარი, რათა ამ ტერიტორიებზე მცხოვრებ ხალხს მიეცეს შესაძლებლობა გაიაზროს რას ნიშნავს საქართველოს შემადგენლობაში ყოფნა და რას ნიშნავს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ცხოვრება. იმედი მაქვს, დროთა განმავლობაში ისინი გააცნობიერებენ, რომ გაერთიანებულ საქართველოში უკეთესი მომავალი აქვთ.

აფხაზებმა და ოსებმა რომც გააცნობიერონ, რომ საქართველოს შემადგენლობაში უკეთესი მომავალი ელით, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება? რუსეთის ფაქტორი?

ცხადია, რუსეთი ფაქტორია და ის ამ დისკუსიის ნაწილი იქნება. მაგრამ დროთა განმავლობაში უნდა შეიქმნას ისეთი პირობები, სადაც მოქალაქეებს ექნებათ გადამწყვეტი ხმა.

რუსები პერევიდან გავიდნენ და შეეცადნენ, ეს ნაბიჯი 2008 წელს აღებული ვალდებულებების შესრულებად გაესაღებინათ. ბევრი შიშობს, რომ ამ ნაბიჯმა, შესაძლოა, რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლა შეასუსტოს. თქვენ რას ფიქრობთ?

პერევის დაბრუნება საჭირო, მაგრამ არასაკმარისი ნაბიჯია. ცხადია, რომ ის იმ ვალდებულებათა ნაწილია, რომელიც რუსეთმა ომის შემდეგ იკისრა, მაგრამ როგორც ბევრჯერ ვთქვით და გავიმეორებთ, მოსკოვს ჯერ კიდევ ბევრი ვალდებულება დარჩა შესასრულებელი: საერთაშორისო თანამეგობრობა ჯერ კიდევ ვერ შედის ტერიტორიებზე, ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიას ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მეორე მხარეს არ უშვებენ, ჰუმანიტარული დახმარება ვერ აღწევს ტერიტორიის ყველა მცხოვრებთან იმ მასშტაბით, როგორც ჩვენ გვსურს და მათ სჭირდებათ. დევნილები სახლში ვერ ბრუნდებიან და კიდევ სხვა საკითხები. ჩვენ ვიმუშავებთ მანამდე, სანამ ეს ვალდებულებები არ შესრულდება.

ახლახან თეთრ სახლში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები განხორციელდა. თანამდებობები დატოვეს ობამას აპარატის უფროსმა, მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში. შესაძლებელია ეს ცვლილებები თეთრი სახლის პოლიტიკაზე აისახოს?

ძალიან სახალისოა თეთრ სახლში მომხდარ ცვლილებებზე სპეკულაცია, მაგრამ მე ამას არ ვიზამ. ვიცი, რომ პრეზიდენტი, კვლავინდებურად პრეზიდენტია, ხოლო ჰილარი კლინტონი – კვლავინდებურად სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ვფიქრობ, რომ ამერიკის პოლიტიკაში მომავალი ორი წლის განმავლობაში უწყვეტობა შენარჩუნდება.

კონგრესის შუალედური არჩევნები? მისი შედეგები თუ იქონიებს გავლენას შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაზე? ბევრი დემოკრატიულ პარტიას მარცხს უწინასწარმეტყველებს. რა მოხდება, ობამას პარტიამ თუ კონგრესში უმრავლესობა დაკარგა?

არასოდეს ვმარჩიელობ არჩევნების შედეგზე და იმაზე, თუ როგორ იმოქმედებს არჩევნები პოლიტიკურ კურსზე მანამდე, სანამ შედეგი არ დადგება. ყველა პრეზიდენტმა უნდა დაამყაროს ურთიერთობა ახალ კონგრესთან მიუხედავად იმისა, კონგრესის უმრავლესობას მისი პარტია შეადგენს, თუ სხვა. ერთი რამ ცხადია, რომ შეერთებული შტატები, ისევე როგორც მისი მეგობრები და პარტნიორები, ექსტრაორდინარული გამოწვევების წინაშე დგას – პირველ რიგში ეკონომიკის სფეროში, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით. ჩვენ ვცდილობთ დავძლიოთ ბოლო დროის ყველაზე მტკივნეული ეკონომიკური კრიზისი, უმუშევრობა, რისი მაჩვენებელიც ძალიან მაღალია შეერთებულ შტატებში. საფრთხე იმისა, რომ ირანის რეჟიმმა, რომელიც არად დაგიდევთ საერთაშორისო სამართალსა და ვალდებულებებს, ბირთვული იარაღი მოიპოვოს, ძალიან სერიოზულია. უნდა გამოვტყდე, რომ საქართველოში ერთწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში ძალიან გამაკვირვა იმან, თუ როგორ არ აღელვებთ ქართველებს, ასე ახლოს მდებარე, ბირთვული იარაღით აღჭურვილი ირანის პერსპექტივა. ეს საკითხები პრიორიტეტებად დარჩება, კონგრესის შემადგენლობის მიუხედავად.
 

პოლიტიკურმა კომენტატორმა რობერტ კაგანმა Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ობამას საგარეო პოლიტიკაში “გადატვირთვის გადატვირთვად” წოდებული მეორე ფაზის დაწყების შესახებ გვამცნო – “თუ კი პირველი ფაზა ამერიკის იმიჯის გამოსწორებას ეძღვნებოდა… მეორე – მისი გავლენის გამყარებას მიეძღვნება”. თქვენ რას ფიქრობთ?

ხშირად ხდება, რომ პოლიტიკური ანალიტიკოსები, იქნება ეს ბობ კაგანი, პოლ კრუგმანი თუ სხვა, ზედმეტად ამარტივებენ იმას, რაც სინამდვილეში ძალიან რთულია. ხშირად, ანალიტიკოსების წინასწარმეტყველება პოლიტიკური კურსის ცვლილების შესახებ, მათი ახალი პოლიტიკური პარადიგმა უფროა იგივე პოლიტიკური კურსის მიმართ, ვიდრე სახეცვლილი პოლიტიკა. ვფიქრობ, გადატვირთვა ამის კარგი მაგალითია.

გადატვირთვა ორ მიზანს ემსახურებოდა. პირველი – მიგვეღწია წარმატებისთვის იმ სფეროში, სადაც ჩვენი და რუსეთის ფედერაციის ინტერესები ემთხვევა, ან იკვეთება; და მეორე – პარალელურად გაგვეგრძელებინა პროცესი, რომელიც ხანდახან ციცაბო მთაზე ლოდის აგორებას ჰგავს და გვემუშავა იმ საკითხებზე, სადაც ჩვენ და რუსეთი ვერ ვთანხმდებით. ამგვარ საკითხთა ნუსხის სათავეში, საქართველო დგას.

ისმის კითხვა, მივაღწიეთ ისეთ წარმატებას საქართველოს საკითხში, როგორიც გვსურდა პირველი ორი წლის განმავლობაში? არა. ნიშნავს ეს იმას, რომ ხელებს ჩამოვყრით? არა, პირიქით, უფრო მეტს ვიმუშავებთ, რომ პროგრესი დავინახოთ. ვფიქრობ, ამ პოლიტიკის შედეგად სარგებელი თქვენც ნახეთ – რუსეთმა პირობა დადო, რომ ბირთვული იარაღის მარაგს შეამცირებს. მიმაჩნია, რომ დროთა განმავლობაში ეს საქართველოს უსაფრთხოებასაც წაადგება.
 

როგორ შეაფასებთ იმ ერთ წელიწადს, რომელიც საქართველოში გაატარეთ?

საქართველოში ცხოვრება ძალიან მომწონს. სამუშაო უაღრესად მიმზიდველია, მჯერა, რომ ჩემი საქმიანობით შემიძლია დადებითად შევცვალო, როგორც საელჩოს კოლეგების, ისე იმ ადამიანების ცხოვრება, რომლებიც შეერთებული შტატების დახმარებას იღებენ.

ამ ერთი წლის განმავლობაში ათასობით სტუდენტს შევხვდი, რომელთა დიდმა ნაწილმა ისარგებლა ჩვენ მიერ დაფინანსებული ინგლისურის სწავლებით, ბევრმა მათგანმა გაცვლითი პროგრამების მეშვეობით ამერიკაში ისწავლა. ჩემთვის დიდი პატივია, მქონდეს საშუალება ვიფიქრო საქართველოს მომავალ თაობაზე, იმაზე, თუ როგორ ხედავენ ისინი საქართველოს მომავალს და თავიანთ თავს მომავალ საქართველოში.

  ვისურვებდი, მეტი დრო მქონდეს გასართობად, მთაში სამოგზაუროდ, მაგრამ ჩემი განრიგი ძალიან გადატვირთულია. გადავწყვიტე, წელს სამუშაო და გართობა ერთმანეთს შევუთავსო და ხელისუფლების წევრებთან ერთად მთაში ვიარო – თან საქმეზე ვისაუბრებ, თან გავერთობი და თან ხელისუფლების წევრებს შევუწყობ ხელს, უკეთეს ფიზიკურ ფორმაში იყვნენ.

კომენტარები