სარკოზის რუსული თამაშები

საფრანგეთის პრეზიდენტი მოსკოვის
კეთილგანწყობას და ალბათ, პრობლემებს ეძიებს

კენეთ რ. ვაინშტაინი, 13 ოქტომბერი, 2010 წელი, Wall Street Journal

ახალი ამბები საფრანგეთიდან ყოველთვის საინტერესოა, განსაკუთრებით, პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის მმართველობის დროინდელი. მეოთხე რესპუბლიკის შემდეგ სარკოზი ყველაზე პროამერიკელი ფრანგი ლიდერია. მან გასულ წელს თავისი ქვეყანა ნატოს სამხედრო სტრუქტურაშიც კი აღადგინა. მსოფლიო ლიდერებს შორის მას, ალბათ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბინიამინ ნეთანიაჰუ თუ სჯობნის უფრო მკვეთრი განცხადებებით სერიოზული გლობალური საფრთხის შესახებ, რომელსაც მსოფლიოს ირანის ბირთვული პროგრამა უქადის.
ყველაფერი ეს კიდევ უფრო გამაოგნებელს ხდის ბატონი სარკოზის ლაქუცს რუსეთთან. ორშაბათს [18 ოქტომბერს] იგი რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევსა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს უმასპინძლებს ნორმანდიის ზღვისპირა კურორტ დოვილში. განსაკუთრებით შემაშფოთებელი ამ შეხვედრის მთავარი თემაა – უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა, რომელიც, კრემლის განცხადებით, საშუალებას მისცემს ამ სამ ერს „განავითარონ პარტნიორობა საერთო ევროპული უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის სივრცის ჩამოყალიბებაში”.
ეს პარტნიორობა ფუჭი ლაყბობა არ გეგონოთ. საფრანგეთმა უკვე განაცხადა, რომ აპირებს ოთხი (ჯერ აუშენებელი) სამხედრო ხომალდის, მისტრალის, რუსეთისთვის მიყიდვას, რათა მას სამხედრო ფლოტის მოდერნიზებაში დაეხმაროს. მოსკოვმა აღიარა, რომ ორი წლის წინ მეზობელ საქართველოსთან 26-საათიანმა ომმა რუსეთის ტაქტიკური არსენალის სისუსტე გამოავლინა და მისტრალის ვერტმფრენმზიდები მას მისი სამხედრო ამოცანების შესრულებას საათების ნაცვლად წუთებში შეაძლებინებდა. სწორედ ბატონი სარკოზი იყო ის ადამიანი, 2008 წლის აგვისტოში ევროკავშირის პრეზიდენტის სტატუსით რომ მოქმედებდა, რომელმაც ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დასადებად მოსკოვთან მოლაპარაკებები გამართა, იმ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებისა, რომელსაც, ქართველების მტკიცებით, რუსეთი ხშირად არღვევს.
თუ გავითვალისწინებთ, რომ დიდია შანსი, მოსკოვმა მისტრალის სამხედრო ვერტმფრენმზიდი ხომალდები „ახლო საზღვარგარეთში” გამოიყენოს ისეთი სუსტი მეზობლების წინააღმდეგ, როგორიც საქართველოა, პრეზიდენტ სარკოზის გადაწყვეტილება – დაასრულოს ეს გაყიდვა, შემაშფოთებელია.
ასევე გაუგებარია საფრანგეთის ქცევა, თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთი ირანის ძირითადი მიმწოდებელია. მოსკოვის სტრატეგიულ პერსპექტივას ირანთან დაკავშირებით ბევრი არაფერი უნდა ჰქონდეს საერთო საფრანგეთის წინააღმდეგობასთან ირანის ბირთვულ პროგრამასთან.
ბატონი სარკოზი არ არის პირველი ფრანგი პრეზიდენტი, რომელიც რუსულ თამაშს თამაშობს. შარლ დე გოლი უკვე ოცნებობდა „ატლანტიკიდან ურალამდე” გადაჭიმულ ერთიან ევროპაზე. პარიზიდან ნატოს შტაბბინის გაძევებით და სამხედრო სტრუქტურიდან გამოსვლით, დე გოლი გამოეყო ცივი ომის შესახებ შეთანხმებას, რომელსაც ვაშინგტონი უძღვებოდა. ბატონი სარკოზი, შესაძლოა, ახლო წარსულის გამეორებაზეც ფიქრობდეს: ის ვითარება, რომ ევროპაში ობამას ადმინისტრაციის ძლიერი ხელმძღვანელობა არ არსებობს, შესაძლოა, ხელსაყრელი იყოს საფრანგეთის ისტორიული მისწრაფებისთვის, ძალთა ბალანსი აღმოსავლეთისკენ გადახაროს.
თუმცა, ნიკოლა სარკოზი სრულიად განსხვავებული პოლიტიკური პლატფორმით აირჩიეს. პრეზიდენტობამდე იგი ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსი იყო პუტინის აგრესიული პოლიტიკისა „ახლო საზღვარგარეთში”. ბატონ სარკოზის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბერნარ კუშნერი – რომელზეც ამბობენ, მთავრობიდან მიდისო – ცდილობდა, საფრანგეთის საგარეო პოლიტიკაში აქცენტები რეალპოლიტიკის ისტორიული პრაქტიკიდან ადამიანის უფლებებზე გადაეტანა. ყველაზე მეტად, რაც პუტინის რუსეთს სურს, საკუთარი ექსპანსიური ჩვევების დიპლომატიური აღიარების მოპოვებაა.
პრეზიდენტ სარკოზის არ შეიძლება, არ ესმოდეს ეს საფრთხეები და ჯერჯერობით, იგი საფრანგეთის საგარეო პოლიტიკას გარკვეული ხარისხის გამბედაობით უძღვება. მას საკუთარი თავი, შესაძლოა, ატლანტიკისა და ურალის დამაკავშირებელ ხიდად წარმოუდგენია, რომელიც რაღაც შემაკავებელ გავლენას ახდენს ჯერ კიდევ პოსტსაბჭოთა აღდგენის პროცესში მყოფ რუსეთზე. ან, ეგებ, სულ სხვა რამ აქვს ჩაფიქრებული.
კენეთ რ. ვაინშტაინი არის ჰადსონის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი.




 

კომენტარები